„მორიგი მეტოქეა, რომელსაც უნდა გადავუარო!“ - ალექსანდრემ მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა Marca-სთან მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე კვირის შაბათს, კატარში გაიმართება.
ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ:
ერთი წლის შემდეგ იმ ადგილს უბრუნდებით, სადაც ყველაფერი დატოვეთ… როგორ გრძნობთ თავს?
ძალიან კარგად. ვგრძნობ, რომ მზად ვარ. ეს არის პასუხი, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. ახლა ძალიან მშიერი ვარ, ძალიან მშიერი, მაგრამ კარგად ვარ. მიუხედავად ამისა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.
მომიყევით თქვენი 2026 წლის შესახებ. გასული, 2025 წელი უმაღლეს დონეზე დახურეთ, მამა გახდით, მოხდა ის, რაც თეთრ სახლში მოხდა… ბევრი რამ მოხდა.
ეს იყო წელი, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. მოხდა რაღაცები, საკმაოდ ინტენსიური მოვლენები… მაგრამ ძალიან ბევრი ვისწავლეთ. ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. ყველაფერი ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გინდა, მაგრამ იმის მიუხედავად, როგორ წარიმართება მოვლენები, ყოველთვის პოზიტიურ მხარესაც უნდა შეხედო, ხომ ასეა? როდესაც ყველა ამ რთულ მომენტს გაუმკლავდები, როცა უკვე ყველაფერი დასრულებულია, უკან იხედები და ამბობ: „კარგი, იმის მიუხედავად, რომ მოხდა ეს, ეს და ეს, ასევე მოხდა ეს, ეს და ეს“. ასე რომ, კარგად ვართ, მადლობა ღმერთს.
მახსოვს, ალმახანის დამარცხების შემდეგ მითხარით, რომ 2026 წელს სულ მცირე ორჯერ ბრძოლა გსურდათ. ეს მიზანი ვერ შესრულდა. მესმის, რომ სხვაგვარად გერჩივნათ…
დიახ, ნამდვილად. ცალსახად მინდოდა ორი ბრძოლის ჩატარება, როგორც ვფიქრობ, უკვე გითხარით კიდეც. წელიწადში ორი ბრძოლა ჩემთვის იდეალურია. წელიწადში სამი ბრძოლა კიდევ უკეთესი სცენარი იქნებოდა. მაგრამ მოვლენები ასე განვითარდა, ასე მოხდა და მორჩა. რაც არის, ეს არის - ამ რეალობას ვიღებთ. არ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, 100%-ით იმაზე ვარ კონცენტრირებული, რაც წინ მელის. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობ და მადლიერი ვარ იმისთვის, რისი გავლაც მიწევს.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თქვენს მეტოქეს, სანტიაგო ლუნას, ამ ბრძოლაში თქვენზე მეტი აქვს მოსაგები. ის მარცხის შემდეგ მოდის, თქვენ კი - ორი გამარჯვების შემდეგ… უფრო ცნობილი სახელიც გაქვთ. გამარჯვების შემთხვევაში მას შეუძლია ბევრი რამ „წაგართვათ“.
ამ საკითხს ასე არ ვუდგები. ვინ უკეთეს პოზიციაშია და ვინ უარესში - ასეთ რაღაცებს ჩემზე გავლენის მოხდენის უფლებას არ ვაძლევ. არავის ვუყურებ ზემოდან, რადგან მეც იქიდან მოვდივარ, და არავის ვუყურებ ქვემოდან იმის გამო, რომ იქ ყოფნა მინდა… ამიტომ ვცდილობ, მიწაზე მყარად ვიდგე და ამაზე ასე არ ვკონცენტრირდე, რადგან ეს ჩემს ენერგიას ფანტავს. შესაბამისად, სხვაგვარად ვუდგები საქმეს. ის ჩემ წინ მდგომი კიდევ ერთი მეტოქეა, რომელსაც უნდა გადავუარო. წერტილი. არ მაინტერესებს, ის ჩემზე მაღლა დგას თუ დაბლა - ეს ყველაფერი უკვე სხვების საქმეა: იფიქრონ, იანგარიშონ, ვინ რას იმსახურებს, როგორ, ვინ ვისზე წინ არის, რომ ამას მეტი ჰქონდა მოსაგები, იმას ნაკლები და მსგავსი რაღაცები. ეს გარეშე საკითხებია. თუ ანალიტიკურად მივუდგები, შეგვიძლია ამ თემაზეც ვიმსჯელოთ - ვინ დგას წინ და ვინ უკან, მაგრამ ახლა, იმ ეტაპზე, სადაც მე ვიმყოფები, ასეთ რაღაცებზე არ ვკონცენტრირდები. ჩემი ყურადღება მთლიანად სხვა რამეზეა მიმართული.
როგორ ბრძოლას ელით? თიქნესისა და ალმახანის წინააღმდეგ ორივე ბრძოლას აკონტროლებდით და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდით როგორც „სტრაიკინგში“, ისე ჭიდაობაში.
კონტროლი მე უნდა მქონდეს. და მე გავაკონტროლებ კიდეც. სხვის ბრძოლას არ ვიბრძოლებ. მე ჩემს ბრძოლას წავიყვან და ვიბრძოლებ. სხვა არაფერზე ვკონცენტრირდები, სხვა არაფერი მაქვს ჩაფიქრებული - არ ვფიქრობ იმაზე, როგორ დავიცვა თავი ამისგან. ამაზე არ ვკონცენტრირდები. თუ ცენტრში დადგომა გახდება საჭირო, რადგან მეტოქეს არ სურს შენს ბრძოლაში აგყვეს, კარგი, კი ბატონო… მაშინ ამასაც გავაკეთებთ.
რამდენიმე დღის წინ ილიამ ინტერვიუში თქვა, რომ 2028 წელს ან 2029 წლის დასაწყისში UFC-ის ჩემპიონად გხედავთ. იმავეს ამბობს UFC-ის კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც. რას ნიშნავს თქვენთვის ის მოლოდინები, რომლებსაც ისინი თქვენს შესაძლებლობებსა და მომავალზე ამყარებენ?
იცით რა, ეს მათი პირიდან ამოსული სიტყვებია, ხომ ასეა? მაგრამ ჩვენ ამ თემებზე არ ვსაუბრობთ, იმის თქმა მინდა, რომ… მასთან არ მაქვს ისეთი საუბრები, როგორიცაა: „როგორ ფიქრობ, კარგი ვარ თუ ცუდი?“ და ასე შემდეგ. ჩვენ შორის ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება, შემდეგ კი, როცა ინტერვიუებია, თითოეული იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, ხომ ასეა? ასე რომ, მე ყოველთვის ვამბობდი იმას, რასაც თითოეულზე ვფიქრობდი. ალბათ, ისინიც იმას ამბობენ, რასაც თითოეულზე ფიქრობენ. მიხარია ამის მოსმენა, მაგრამ არც იმას ვუშვებ, რომ ამ რაღაცებმა ჩემზე გავლენა მოახდინოს - არც თავში მივარდება და არც მოთხოვნად ან დამატებით წნეხად ვიღებ. მე ჩემი ისტორია მაქვს. ისინი თავიანთ აზრს გამოთქვამენ: „ეს ძალიან კარგია“, „ეს ცუდია“, „ეს ჩემპიონი გახდება“ და ასე შემდეგ. და ეს ისაა, რაც უნდა თქვან, რადგან სწორედ ასე ფიქრობენ. შემდეგ კი მთავარია, მე როგორ მივიღებ ამას… მიწაზე მყარად ვდგავარ. სწორედ ეს არის ჩემი ღირსება და სწორედ ეს მხდის მზად იმისთვის, რაც წინ მელის.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიას UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ორგანიზაციაში მესამე ჩხუბი კი 21 ნოემბერს, მექსიკელი სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ ელის, რომელსაც MMA-ში 9 ბრძოლა აქვს გამართული, მისი რეკორდი კი 8 მოგება და 1 მარცხია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს