ემილიანო მარტინესი, ნიკო პასი
Aa
Aa

მესის „მემკვიდრე“ არგენტინაში? - ემილიანომ კანდიდატი დაასახელა

ემილიანო „დიბუ“ მარტინესი არგენტინის ნაკრების კარში ისტორიის წერას აგრძელებს. კოსტა რიკასთან 7:0 გამარჯვების შემდეგ ის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მშრალი მატჩის მქონე მეკარე გახდა — მარტინესმა სერხიო რომეროს რეკორდი გაიმეორა და მის მსგავსად, კარის მშრალად შენახვა 47 შეხვედრაში შეძლო.

თუმცა მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: დიბუმ ამ შედეგს მხოლოდ 71 მატჩში მიაღწია, რომეროს კი ამისთვის 96 შეხვედრა დასჭირდა.

მარტინესი ამ მიღწევით ამაყობს: „ეს არის ის, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. ჩემთვის დიდი პატივია“.

ლიონელ მესის არყოფნაში მეკარე არგენტინის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. სწორედ ის ჩამოდის გუნდის ავტობუსიდან და ზრუნავს, რომ თანაგუნდელებმა სასტუმროსთან შეკრებილ გულშემატკივრებს ყურადღება მიაქციონ და მიესალმონ. ამასთანავე, მარტინესმა გამამხნევებელი გზავნილიც გააჟღერა იმ ფეხბურთელზე, რომელსაც, მისი აზრით, მომავალში არგენტინული ფეხბურთის ლეგენდის მიერ დატოვებული გამორჩეული როლის გადაბარება შეუძლია.

ნიკო პასზე საუბრისას მარტინესმა განაცხადა:

„ვხედავ, რომ ის გუნდს სულ უფრო კარგად ერგება. ცხადია, მას არგენტინელებისთვის დამახასიათებელი მებრძოლი ხასიათი უნდა ჰქონდეს და ჩვენ ამ თვისების განვითარებაში ვეხმარებით. სიმართლე ისაა, რომ ის ყველაფერს იმსახურებს, რაც ახლა მის თავს ხდება. იმსახურებს, რომ აქ იყოს და ითამაშოს. გოლები კი დამატებითი ბონუსია“.

ნიკო პასმა კოსტა რიკასთან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. რამდენიმე დღით ადრე მარტინესმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ინსტაგრამ პოსტზე კომენტარი დატოვა და მიანიშნა, რომ თუ პასი ამ დონეზე თამაშს გააგრძელებს, შესაძლოა, არგენტინის ნაკრების მომავალი „ათიანი“ გახდეს.

„თუ ის ამ თავმდაბლობას შეინარჩუნებს და ამ დონეზე თამაშს გააგრძელებს, ნიკო პასს ნამდვილად შეუძლია, არგენტინის ნაკრების 10 ნომერი მოირგოს და ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს. ჩვენ გვჭირდება მისნაირი ფეხბურთელები — მოთამაშეები, რომლებიც საკუთარ თავს ლიდერებად აღიქვამენ. მას შეუძლია, ბევრი მატჩის მოგებაში დაგვეხმაროს.

ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ეროვნული ნაკრები ვართ და აქ ეგოიზმის ადგილი არ არის. ყველაფერი შრომაზე, თავმდაბლობასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული.“

მარტინესმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევაზე, რომელიც მესის არყოფნის შემდეგ გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნებას უკავშირდება. არგენტინამ ბოლო ორ შეხვედრაში, ურუგვაისა და კოსტა რიკასთან, ტრიბუნების სრულად შევსება ვერ შეძლო.

„გულშემატკივრებს გუნდი თავიდან უნდა შევაყვაროთ. ლეოს გარეშე ეს რთული გარდამავალი პერიოდია, თუმცა მჯერა, რომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებთან ერთად შევძლებთ, სტადიონები კვლავ შევავსოთ“.

ცნობისთვის, ნიკო პაზმა დღემდე არგენტინის ნაკრების მაისური 16-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვაფასებდი და ნამდვილი ფარსი დადგა“ - კასანომ გაუჩო გააკრიტიკა
    „ვაფასებდი და ნამდვილი ფარსი დადგა“ - კასანომ გაუჩო გააკრიტიკა