„ვაფასებდი და ნამდვილი ფარსი დადგა“ - კასანომ გაუჩო გააკრიტიკა
რამდენიმე დღის წინ რონალდინიო ფეხბურთს დაუბრუნდა და 11-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. გაუჩომ იტალიის სერია C-ში „რავენას“ შემადგენლობაში იასპარეზა და პირველ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო. რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბრაზილიელის დაბრუნებას უმრავლესობა დადებითად შეხვდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც რონალდინიო გააკრიტიკეს და ერთ-ერთი მათგანი ანტონიო კასანო გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„საუბარს იმით დავიწყებ, რომ რონალდინიოს როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს, უზომოდ ვაფასებ. ლიონელ მესისთან, დიეგო მარადონასთან, რონალდოსთან და პელესთან ერთად, მას მსოფლიოს ყველა დროის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის შევიყვანდი. მისნაირი ნიჭი არავის ჰქონია და მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
თუმცა, მიუხედავად ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ის რაც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ამაზრზენ სანახაობად მეჩვენა. 46 წლის როდესაც ხარ და ასეთ სასაცილო ფიზიკურ ფორმაში იმყოფები, ყოველივე ამაზე რატომ მიდიხარ? არ მესმის.. რადგან „რავენას“ პრეზიდენტი ჩიპრიანი მისი მეგობარია? ან ამ უკანასკნელმა ბევრი ფული გადაუხადა? არ ვიცი გაუჩომ ეს რატომ გააკეთა და ასეთ ფარსში მონაწილეობა რატომ მიიღო“.
შეგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ „რავენას“ მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა უკვე მიიღო, რონალდინიო ამ კლუბის ერთ-ერთი აქციონერიც გახლავთ და გამორიცხული არ არის, იტალიის სერია C-ს რომელიმე მატჩში მოედანზე კიდევ ერთხელ გამოჩნდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს