ბარსელონა
Aa
Aa

„კამპ ნოუ“ ბარსელონას შემოსავლების ახალ წყაროდ იქცევა - რა შეიცვლება სტადიონზე?

 თურქული სამშენებლო კომპანია „ლიმაკი“ „სპოტიფაის კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციას დაასრულებს. ამის შესაძლებლობა ინვესტორების მიერ სესხის მოცულობის 300 მილიონი ევროთი გაზრდის დამტკიცების შემდეგ გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება „ბარსელონას“ რიგგარეშე საერთო კრებაზე 19 სექტემბერს მიიღეს, ამასთანავე, ხელი მოეწერა სამუშაოების დასკვნითი ეტაპის გეგმას.

სტადიონის სახურავის „დიდი აწევა“ (Big Lift) მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება. ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სამუშაოები დაგეგმილი პირობებით უნდა შესრულდეს და 2027-2028 წლების სეზონის მეორე ნახევარში დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიმდინარეობისას „ლიმაკსა“ და „ბარსელონას“ შორის ურთიერთობა ყოველთვის მშვიდი არ ყოფილა და სამუშაოების ვადებთან დაკავშირებით დაძაბულობაც არსებობდა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, საქმე სამშენებლო კომპანიის შეცვლამდე არ მისულა. ეს შესაძლებლობა თავიდანვე განიხილებოდა, როგორც „ბარსელონას“ უკიდურესი გამოსავალი იმ შემთხვევისთვის, თუ კონტრაქტის პირობები დაირღვეოდა.

„ლიმაკი“ პროექტს ბოლომდე მიიყვანს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ სამუშაოების ამ ეტაპზეც გარკვეული ნაწილი ქვეკონტრაქტორებს გადაეცეთ — როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი და აქამდეც ხდებოდა. ინვესტორებმა საბოლოო შეთანხმება დაამტკიცეს, რომლის პირობებზეც მხარეები ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. დოკუმენტი ძირითადად თავდაპირველი კონტრაქტის პირობებს ინარჩუნებს.

ინვესტორებს „სპოტიფაი კამპ ნოუს“ 62 652 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიდან უკვე მიღებული შემოსავლები აკმაყოფილებთ. მაგალითად, „რეალ მადრიდთან“ ბოლო საკლასიკო მატჩმა კლუბს 19.1 მილიონი ევრო მოუტანა. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ დამტკიცებული გეგმების განხორციელება შემოსავლების მოსალოდნელ ზრდას მარტივად უზრუნველყოფს.

მაღაზია და მუზეუმი — შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი წყაროები

ამ მხრივ, სახურავის „დიდი აწევის“ გარდა, რომელიც 3 000-ტონიანი კონსტრუქციის აწევას გულისხმობს, შემოსავლების გასაზრდელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ახალი „ბარსას“ მაღაზიისა და მუზეუმის დასრულებასაც.

ორივე ობიექტზე ამჟამად ინტერიერის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს და მათი გახსნა 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ეს კლუბს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება „დიდი აწევის“ დასრულებას, ის „ბარსელონას“ საშუალებას მისცემს, „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ სამივე იარუსით — პირველი, მეორე და მესამე ტრიბუნებით დაბრუნდეს. ამ პროცესის გათვალისწინებით, კლუბმა 2027-2028 წლების სეზონისთვის მონჟუიკის „ლუის კომპანის სახელობის ოლიმპიური სტადიონი“ დაჯავშნა.

თუმცა ეს მხოლოდ სიფრთხილის ზომაა. ინვესტორებთან შეთანხმებული ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, სახურავის აწევის სამუშაოების დასრულების შემდეგ „ბარსელონა“ იმ სეზონის მეორე ნახევარს „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გაატარებს.

სახურავის მონტაჟი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

რამდენიმე თვის წინ გამოირიცხა მესამე იარუსის ეტაპობრივად გახსნის შესაძლებლობა, რადგან ამ პროცესს ევაკუაციისა და მუნიციპალური ნებართვების მიღების კუთხით სირთულეები ახლდა. შესაბამისად, მესამე იარუსი მთლიანად გაიხსნება მაშინ, როდესაც „ბარსელონა“ 2027-2028 წლების სეზონის პირველ ნახევარში „ლუის კომპანის სახელობის ოლიმპიური სტადიონიდან“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნდება.

რაც შეეხება VIP-ლოჟების ორმაგ რგოლს, რომელიც სტადიონის ინფრასტრუქტურიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ის სრულად 2028-2029 წლების სეზონში ამოქმედდება.

სწორედ ამ სეზონში, „ბლაუგრანას“ არენაზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება — ბოლო ასეთი მატჩიდან 30 წლის შემდეგ. 1999 წელს „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ფინალური დაპირისპირება შედგა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვადაზე ადრე ბრუნდება - როდრის რეაბილიტაცია იდეალურად მიმდინარეობს
    ვადაზე ადრე ბრუნდება - როდრის რეაბილიტაცია იდეალურად მიმდინარეობს