„ეს იყო უსმანის ერთი ჟესტი, რომლითაც...“ - ველასკესის აზრი აბუ-დაბის დაპირისპირებაზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა კეინ ველასკესმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუს დროს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, სადაც უსმან და უმარ ნურმაგომედოვები მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
რას ამბობს ველასკესი:
„ეს იყო ერთგვარი ნაპერწკალი, რომელიც საბოლოოდ დიდ ხანძარში გადაიზარდა. ეს იყო უსმანის ერთი ჟესტი, როცა მერაბს რაღაცის გამო სამაგიერო გადაუხადა, და ამის შემდეგ ყველაფერი ჯოჯოხეთს დაემსგავსა. სრული ქაოსი შეიქმნა. მესმის ეს ყველაფერი, ორივე მხარის პოზიციას ვხედავ. სამწუხაროა, რაც მოხდა. იმედი მაქვს, შეძლებენ ამ სიტუაციაზე მაღლა დადგომას და ამ ყველაფერს გაკვეთილად გამოიყენებენ.
ასეთი რაღაცები ხდება. ეს ცხოვრებაა - საქმეში ადამიანების ემოციები, სიამაყე და სხვა მსგავსი რამეები ერთვება. მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ამიტომ არავის განსჯა არ შემიძლია. და საერთოდაც, როგორ შეუძლია ვინმეს სხვისი განსჯა? ჩვენ ვცხოვრობთ, შეცდომებსაც დავუშვებთ, ვისწავლით, წავიქცევით და ბევრი ადამიანის თვალში ცუდადაც გამოვჩნდებით. ეს ცხოვრების ნაწილია. ასე რომ, იმედია, ამ ამბიდან რაიმე პოზიტიურიც გამოვა.
ნურმაგომედოვებს არ, არ დავკავშირებივარ. უბრალოდ ხავის (გულისხმობს ხავიერ მენდესს) ველაპარაკები ხოლმე დროდადრო. ყველაფერი ისედაც კადრებში ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროა. დიახ, ამის მჯერა.“
აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მის 7 თანმხლებ პირს სასჯელი შეუმსუბუქა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთა მოთხოვნის საფუძველზე, განაჩენი გადაიხედა და მსჯავრდებულთა ფულადი ჯარიმა 300 000-დან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.
ადგილობრივი გამოცემა The National News-ის ცნობით, უსმან ნურმაგომედოვმა და მისმა მეგობრებმა საპატიმრო დაწესებულება მას შემდეგ დატოვეს, რაც საქმეში პირადად ხაბიბ ნურმაგომედოვი ჩაერია. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად 8 მსჯარდებულს ადგილობრივმა სასამართლომ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 300 ათასი დირჰამის ოდენობით ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს