ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - ინფორმაციას რამდენიმე წყარო ადასტურებს
გიგა ჭიკაძე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ეგიდით აღარ იჩხუბებს. ინფორმაცია პირველად UFC Roster Tracker-მა გაავრცელა და მოგვიანებით ამის თაობაზე კიდევ რამდენიმე ავტორიტეტულ ვებ-გვერდზე დაიწერა. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება მოსალოდნელი იყო, რადგან 38 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონაში ბოლო პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების 10 პროცენტსაც ვერ აჩვენებდა.
ჭიკაძემ UFC-ში პირველი ბრძოლა 2019 წლის 28 სექტემბერს ჩაატარა და ის იყო პირველი ქართველი, რომელიც ამ ორგანიზაციის საღამოს პოსტერზე გამოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ სატიტულო ბრძოლის მიღებასთანაც ძალიან ახლოს გახლდათ, თუმცა 2022 წლის 15 იანვარს, კელვინ კატართან მარცხის შემდეგ მისი კარიერა რეგრესისკენ წავიდა და ის დონე, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში ეჭირა, ვეღარ დაიბრუნა. საერთო ჯამში UFC-ში გამართულ 14 ბრძოლიდან 9 მოიგო და 5-ში დამარცხდა. ბოლოს „ნინძა“ 4-წაგებიან სერიაზე იყო და ზედიზედ არნოლდ ალენთან, დევიდ ონამასთან, კევინ ვალეხოსთან და ჟოანდერსონ ბრიტოსთან დათმო ბრძოლები.
ცნობისათვის, გიგა ჭიკაძეს ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ, UFC-ში საქართველოს ილია თოფურიას, მერაბ დვალიშვილის, რომან დოლიძის, ალექსანდრე თოფურიას, ლევან ჩოხელისა და ოთარ თანზილოვის სახით, ექვსი წარმომადგენელი დარჩა. მათგან ერთ-ერთი ალექსანდრე თოფურია დღეს დოჰაში იბრძოლებს და მისი მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება,
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს