მიდლტონთან დაპირისპირება მოუვიდა | გოგას ორლანდო ვაშინგტონთან დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში მეცხრედ დამარცხდა. ფლორიდელები სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდნენ და 20 ქულით, 96:116, წააგეს.
გოგას ისევ მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი და 53 წამი გაატარა და 1 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა და მეტოქის ფარისკენ ბურთი არ უსვრია.
მეოთხე მეოთხედში ბითაძეს „ვაშინგტონის“ კალათბურთელთან, კრის მიდლტონთან, დაპირისპირება მოუვიდა. გოგა და მიდლტონი პოზიციისთვის იბრძოდნენ, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და მსაჯებმა ორივე კალათბურთელი ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა ტრისტან და სილვას ანგარიშზეა. დესმონდ ბეინმა 17 ქულა დააგროვა, ფრანც ვაგნერმა — 16. „უიზარდსის“ მხრიდან საუკეთესო კიშონ ჯორჯი იყო — 24 ქულა. ენტონი დევისმა 22 ქულა გააკეთა, ეიჯეი დიბანცამ — 16.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 7 მოგება და 9 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციას იკავებს. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „დეტროიტ პისტონსია“, რომელსაც 25 ნოემბერს დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს