გაგუამ პენალტი გამოიმუშავა და მძიმე ტრავმა მიიღო - ქართველი საკაცით გაიყვანეს
სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ საკუთარ მოედანზე „კომარნოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გაგუა იყო. ქართველმა შემტევმა მატჩი აქტიურად დაიწყო და 23-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თუმცა ეპიზოდში გაგუა უხერხულად დაეცა და სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა. მოგვიანებით, თავად ფეხბურთელმა „კრისტალსპორტს“ განუცხადა, რომ ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, რის გამოც, 6-დან 8 კვირამდე მოუწევს უქმობა.
საბოლოოდ, გაგუას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი რამადანმა გოლად აქცია და „დუნაისკა სტრედა“ 2:0 დააწინაურა.
ასევე, როგორც გავარკვიეთ, გიორგი გაგუა ხვალ ოპერაციას გაიკეთებს. როგორც გითხარით, სარეაბილიტაციო პროცესს, დაახლოებით, 6-დან 8-კვირამდე დასჭირდება.
რაც შეეხება ცოტნე კაპანაძეს, ქართველი მცველი მატჩში 37-ე წუთიდან ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად გამოჩნდა და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-15 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, კაპანაძის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 4 ჩატარებული შეხვედრაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს