ლივერპული
Aa
Aa

როგორ დაკარგა ლივერპულმა ენფილდის შიშის ფაქტორი

სულ რამდენიმე თვის წინ, „ეს ენფილდია“ — ორიგინალური წარწერა, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში მენის კუნძულზე მდებარე სასტუმროში ინახებოდა, „ლივერპულს“ დაუბრუნდა. ის ფაქტი, რომ წარწერის დაბრუნება საინფორმაციო ამბად იქცა, ყველაფერზე მეტყველებს — ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ განსაკუთრებულ მითოლოგიას, რომელიც „ლივერპულის“ საშინაო არენას უკავშირდება.

„მისი ხელახლა შეხება მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა“, — განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა ფილ ტომპსონმა წარწერაზე საუბრისას. ყოფილი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელის, რონალდ უილსონის ოჯახის მიერ აუქციონზე გატანილი ნივთი 115 000 ფუნტად გაიყიდა.

„შეგიძლია იგრძნო მისი ისტორია, შეეხო მას და შეიგრძნო ყველაფერი, რასაც ეს წარწერა ინახავს“, — აღნიშნა ტომპსონმა.

თავდაპირველად წარწერა მეტოქე გუნდების „ენფილდზე“ მისასალმებლად უნდა განთავსებულიყო, თუმცა ბილ შენკლიმ გადაწყვიტა, მოწინააღმდეგეებისთვის ეს ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო და ტექსტი შეცვალა.

როგორც შოტლანდიელი სპეციალისტი ერთხელ იხსენებდა:

„როდესაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მალკოლმ მაკდონალდმა წარწერა პირველად დაინახა, მწვრთნელ ჯო ჰარვის მიუბრუნდა და ხუმრობით უთხრა: „როგორც ჩანს, სწორ ადგილას მოვხვედრილვართ“. მე კი ვუპასუხე: „მოიცადე, ბიჭო, მალე გაიგებ, რას ნიშნავს ენფილდზე თამაში“.

იმ დღეს 5:0 მოვიგეთ და ჩემი აზრით, ისინი სასიკვდილოდ იყვნენ შეშინებულები. „ენფილდი“ საშინელი ადგილია სათამაშოდ. ვფიქრობ, მეტოქეებს მისი ატმოსფერო თავზარს სცემს“

თუმცა, შესაძლოა, დღეს ეს უკვე ასე აღარ იყოს...

არანაირი მარკეტინგული შეფუთვა..

ცხადია, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე არასდროს ყოფილა დაუმარცხებელი — მათ შორის არც ბილ შენკლის, ბობ პეისლისა და კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით, გუნდის წარმატებული პერიოდების დროს. მიუხედავად ამისა, „ენფილდმა“ ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მეტოქეებისთვის დამთრგუნველი არენის რეპუტაცია შეინარჩუნა მაშინაც კი, როცა ინგლისურ ფეხბურთში „ლივერპულს“ მანჩესტერ „იუნაიტედმა“ გადაუსწრო.

სერ ალექს ფერგიუსონი სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროს არაერთხელ უწოდებდა „ელექტრულსა“ და „ფეთქებადს“, არსენ ვენგერმა კი მას „უნიკალური“ უწოდა. ჯიჯი ბუფონიც და მიკელ არტეტაც აღიარებდნენ, რომ „ენფილდი“ ერთადერთი არენა იყო, სადაც ტრიბუნებიდან წამოსული გამაყრუებელი ხმაურის გამო თავს სრულიად დაბნეულად გრძნობდნენ.

როგორც „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, განაცხადა:

„სლოგანი — „ეს ენფილდია“ — არანაირი მარკეტინგული ხრიკი არ არის. აქ არის რაღაც ისეთი, რასაც მსოფლიოს ვერცერთ სხვა სტადიონზე ვერ იპოვით. ისინი გოლს გაიტანენ და მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში გგონიათ, რომ კიდევ ოთხს მიიღებთ. თავს პატარა ადამიანად გრძნობ, მეტოქე ფეხბურთელები კი გეჩვენება, თითქოს ყველგან არიან და თავს გახვევენ“.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2015 წელს, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, იურგენ კლოპმა საკუთარ მთავარ მიზნად „ენფილდის ძალის“ გამოყენება დაისახა. ეჭვგარეშეა, რომ მომდევნო რვა წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან სტადიონს მეტოქეებისთვის შიშის მომგვრელი ატმოსფერო დაუბრუნა. სწორედ ეს ნაწილობრივ ხსნის იმასაც, თუ რატომ არ წაუგია ვირჯილ ვან დაიკს „ლივერპულში“ გატარებული პირველი ოთხი წლის განმავლობაში პრემიერლიგის არცერთი საშინაო მატჩი.

სამწუხაროდ, ნიდერლანდელი მცველისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ლივერპულის“ ციხესიმაგრე მეტოქეებმა არაერთხელ აიღეს.

გარდამტეხი მომენტი

„ლივერპულის“ 2024-2025 წლების სეზონში მოულოდნელ საჩემპიონო ტრიუმფში „კოპმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არნე სლოტის ხელმძღვანელობით გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, კიდევ ოთხ შეხვედრაში კი ქულები დაკარგა.

თუმცა, გასულ ზამთარს, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში, „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ ზედიზედ ორი მატჩი სამბურთიანი სხვაობით წააგო — „ნოტინგემ ფორესტთან“ და პსვ-სთან. ამის შემდეგ „წითლებმა“ ახლად დაწინაურებულ „სანდერლენდთან“ ფრედ, 1:1 ითამაშეს. შედეგად, „ლივერპულმა“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით „ენფილდზე“ ზედიზედ სამ მატჩში გამარჯვება ვერ შეძლო. მსგავსი რამ ბოლოს კოვიდპანდემიის პერიოდში მოხდა, როდესაც ყველა შეხვედრა მაყურებლის გარეშე ტარდებოდა.

სლოტმა მაშინ ღიად აღიარა: „ახლა გუნდები ჩვენთან სათამაშოდ ისე გამოდიან, რომ შედეგის მიღწევა შეუძლიათ“. „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა რეგის ლე ბრისმაც ვერ დამალა გაკვირვება იმის გამო, თუ რამდენ „დროსა და სივრცეს“ აძლევდა მეტოქე მის გუნდს თამაშისას.

აშკარა იყო, რომ ისტორიულად ცუდი შედეგების სერიის შემდეგ სლოტს მდგომარეობის გამოსწორება სურდა, თუმცა მისმა სულ უფრო დაცვითმა ტაქტიკამ საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ჩემპიონობის მოპოვებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ერთი რამ მუდმივად უცვლელი იყო იმ პერიოდში, როცა „ლივერპულს“ ვუყურებდი და მის შემადგენლობაში ვთამაშობდი — სატურნირო ცხრილში გუნდის პოზიციის მიუხედავად, „ენფილდზე“ მეტოქეს პატივს არ სცემ. მეტოქეს უნდა შეუტიო და მატჩის მოგება სცადო. ასე უნდა მოიქცე. ეს ყოველთვის ასე იყო“,

— განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ ცოტა ხნის წინ talkSPORT-თან საუბრისას.

„გასული სეზონი მრავალი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა გუნდები „ენფილდზე“ მოდიოდნენ და თამაშის კარნახს თავად ცდილობდნენ. „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე კონტრშეტევებზე თამაშობდა და სწორედ მაშინ დაიწყეს გულშემატკივრებმა სლოტის წინააღმდეგ განწყობის შეცვლა“.

გარდამტეხი მომენტი, სავარაუდოდ, არა მარცხის, არამედ საშინლად იმედგამაცრუებელი ფრის შემდეგ დადგა. „ლივერპულმა“ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ და გავარდნის საფრთხის წინაშე მყოფ „ტოტენჰემთან“ ვერ მოიგო, რის შემდეგაც სტადიონზე, რომელიც გულშემატკივრების მოთმინებით არის ცნობილი, სტვენის ხმამაღალი შეძახილები გაისმა.

„ვფიქრობ, განსხვავებაა იმაში, თუ რას ვხედავთ ინტერნეტში და როგორ იქცევიან უშუალოდ მატჩზე მისული გულშემატკივრები“,

— განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან საუბრისას.

„ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის მარტივი არ არის მწვრთნელის წინააღმდეგ განწყობის შეცვლა, რომელმაც ტიტული სულ რაღაც ერთი წლით ადრე მოიგო. თუმცა, კვირას აშკარად ვიგრძენი, რომ გუნდისა და მწვრთნელის მიმართ ტრიბუნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ სტვენა უკმაყოფილო გულშემატკივრების ნამდვილი პროტესტი იყო. ვფიქრობ, არნე სლოტისთვის ახლა ყველაფერი ძალიან რთული იქნება. როდესაც გულშემატკივრების მხარდაჭერას კარგავ, მისი დაბრუნება ძალიან ძნელია“.

კარაგერი მართალი აღმოჩნდა. სლოტი მძიმე და უტიტულო სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს. „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგან ბოლო ოთხი მატჩიდან ვერცერთი მოიგო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში „ენფილდზე“ ატმოსფერო უდავოდ გაუმჯობესდა, შედეგები უკეთესი არ გამხდარა.

რწმენის ის მცირე ნაწილიც დაკარგეს..

„ლივერპული“ კვირას, „ენფილდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირებას უპირობო ფავორიტის სტატუსით ხვდება. სტუმრებმა სეზონი იმდენად ცუდად დაიწყეს, რომ სანაკრებო პაუზის დროს მაიკლ კერიკი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მაურისიო პოჩეტინო დანიშნეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და სტუმრებს 14 პოზიციითა და 10 ქულით უსწრებს, გუნდის მაღალი პოზიცია თითქმის მთლიანად გასვლით მატჩებში ნაჩვენებ შედეგებს უკავშირდება.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში გასვლით მატჩებში „ლივერპულზე“ მეტი ქულა არცერთ გუნდს არ მოუპოვებია — 13. თუმცა, ანდონი იროალას გუნდი საშინაო მატჩების შედეგებით ჩემპიონატში მესამე ადგილზეა ბოლოდან: ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ამ პერიოდში სულ ოთხი გოლი გაიტანა.

ცხადია, გულშემატკივრები კლუბის ახალ ბასკ მწვრთნელს კვლავ მხარს უჭერენ. იროალამ „ბორნმუთში“ მუშაობისას შესანიშნავი შედეგები აჩვენა, ახალ გუნდში კი მხოლოდ ხუთი თვეა, რაც მუშაობს. თუმცა „ლივერპულის“ ყოფილ ნახევარმცველ პოლ ინსს მიაჩნია, რომ უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში ტრიბუნებისთვის საფეხბურთო სანახაობის შეთავაზება სწორედ მწვრთნელისა და მისი წამყვანი ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა.

„კოპის“ წინ მითამაშია და ვიცი, რამდენად რთულია „ენფილდზე“ ჩასვლა. იქ ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და კარგად ვიცი, როგორ შეუძლია ამ სტადიონს მეტოქე გუნდების დაშინება. თუმცა, როდესაც „ლივერპულს“ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკვირდები, მგონია, რომ გულშემატკივრებმა გარკვეულწილად ენთუზიაზმი დაკარგეს. კლოპის წასვლის შემდეგ თითქოს ის ვნება აღარ იგრძნობა, რადგან „ლივერპული“ ძალიან ემოციური კლუბია და მისი გულშემატკივრები შესანიშნავი ადამიანები არიან. ისინი დიდებული ქომაგები არიან, თუმცა ვფიქრობ, რწმენის ის მცირე ნაწილიც დაკარგეს, რომელიც ადრე ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ „ლივერპულის“ პრობლემა არ არის — „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ იგივე სირთულეები აქვს, „მანჩესტერ სიტი“ ისეთი დამთრგუნველი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, ბოლოს საკუთარ მოედანზე „არსენალსაც“ გაუჭირდა „ჰალთან“. ამიტომ შედარებით სუსტი გუნდები ასეთ სტადიონებზე ჩასვლისას უკვე ფიქრობენ, რომ შედეგის მიღწევა შეუძლიათ. ვფიქრობ, „ენფილდზეც“ ასე ხდება.

შიშის ფაქტორის დაბრუნების ერთადერთი გზა საშინაო მატჩების მოგება და მეტოქეების სამ- ან ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხებაა, თუმცა „ლივერპული“ ჯერ ამ ეტაპზე არ არის.

ვფიქრობ, ამჟამად მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც განვითარების პროცესშია. არ მგონია, ფეხბურთელებს ჯერ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინოთ. ფლორიან ვირცი ერთ-ერთი მათგანია, ალექსანდერ ისაკიც — ასევე. გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც ამ ეტაპზე ჯერ სათანადოდ არ უთამაშიათ”

- განაცხადა ინსმა

სახლის დისკომფორტი..

თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს. პირველ რიგში, ბოლო კვირებში ფლორიან ვირცმა და ალექსანდერ ისაკმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ვირცმა „კრისტალ პალასთან“ პროდუქტიული თამაშის შემდეგ სანაკრებო პაუზის დროს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. რაც შეეხება ისაკს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩების განმავლობაში ბურთთან შეხების რაოდენობა საგანგაშოდ მცირე აქვს, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში შვიდი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს (ცხრა გოლი) ჩამორჩება.

იროალა იმასაც უსვამს ხაზს, რომ „ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსარჩევია ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დამარცხება. ასევე, „ბრაიტონთან“ გამარჯვებაც მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რადგან „თოლიები“ პრემიერლიგაში მეორე ადგილზე იმყოფებიან.

თუმცა, ის, რაც იროალას „ლივერპულს“ ნამდვილად აკლია, საკუთარ გულშემატკივრებთან ტრადიციულ მეტოქესთან მოპოვებული ხმაურიანი გამარჯვებაა. გუნდმა მიმდინარე სეზონში „ენფილდზე“ უკვე წააგო როგორც „მანჩესტერ სიტისთან“, ისე „არსენალთან“.

ორივე მარცხი ისტორიული თვალსაზრისით განსაკუთრებით მტკივნეული იყო. „მანჩესტერ სიტი“, რომელსაც წლების განმავლობაში „ენფილდზე“ თამაში უჭირდა, ამ სტადიონზე ბოლო ორი ვიზიტისას გამარჯვებული დარჩა. „არსენალს“ კი „ენფილდზე“ ბოლოს მიკელ არტეტას ფეხბურთელობის პერიოდში ჰქონდა მოგებული. თუმცა გულშემატკივრებისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ის იყო, რომ „ლივერპულმა“ ორივე შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლო.

შესაბამისად, კვირას კიდევ ერთი უგოლო მატჩი განსაკუთრებით ცუდად წარმოაჩენს ძვირადღირებულ შეტევის ხაზს, რომელშიც სამი ისეთი ფეხბურთელია, რომელთა ტრანსფერებშიც 100 მილიონზე მეტი გადაიხადეს. ზაფხულში ბრედლი ბარკოლას დამატებამაც, რაც გასაკვირი არ არის, შეტევას განსაკუთრებული სიმწვავე ვერ შემატა. გასულ სეზონში გუნდს დაბალი დაცვის ხაზით მოთამაშე მეტოქეების წინააღმდეგ შეტევების განვითარება და გოლების გატანა ძალიან უჭირდა.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინ მთავარი ყურადღება „მანჩესტერ იუნაიტედზეა“ გამახვილებული, შედეგს გაცილებით დიდი მნიშვნელობა „ლივერპულისთვის“ აქვს. მაურისიო პოჩეტინოსთვის ეს შეხვედრა ერთგვარი დამატებითი შესაძლებლობაა, რომელშიც წაგება მის გუნდზე დიდ წნეხს არ შექმნის. იროალასთვის კი ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია.

რადგან „ეს ენფილდია“ ორიგინალური წარწერა მერსისაიდს უკვე დაუბრუნდა, თუმცა „ლივერპულის“ ძველი შიშის მომგვრელი რეპუტაცია ჯერ არ აღდგენილა. კრიზისში მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხი კი მის დაბრუნებას კიდევ უფრო გაართულებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „2028 წლამდე უნდა დარჩეს“ - დეიან ლოვრენი ალისონ ბეკერზე
    „2028 წლამდე უნდა დარჩეს“ - დეიან ლოვრენი ალისონ ბეკერზე