ფროზინონე მილანთან განადგურდა - კვერნაძემ 62 წუთი ითამაშა
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და 5:1 განადგურდა.
გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა და გოლის გატანის მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4:1 იყო, მთავარმა მწვრთნელმა ბირლიჯეათი შეცვალა.
კვერნაძის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 37 შეხება, 2 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 არაზუსტი, 5-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 24-დან 19 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 2-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 ართმევა, 3 დაბრუნება, 2 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.7 ქულა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მე-4 წუთზე, კალვანის ავტოგოლით გაიხსნა. მე-19 წუთზე გონსალუ რამუშმა სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც 25-ე წუთზე მასინის გოლი მოყვა და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:1.
მეორე ნახევარში „მილანმა“ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოოდ, დამაჯერებლადაც მოიგო. 48-ე წუთზე ჯაშარიმ ანგარიში 3:1 გახადა. მე-60 წუთზე სისემ სტუმართა კარში მე-4 გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 68-ე წუთზე პულიშიჩმა დააფიქსირა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ მე-12 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 ასისტია. ასევე, ქართველმა შემტევმა იტალიის თასზეც გამოიჩინა თავი 2 გოლითა და ერთი ასისტით.
12 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, „მილანი“ კი 27 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა. გიორგი კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „პარმას“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს