„სისწრაფე და ბურთთან მუშაობა“ - ხვიჩამ ოსიმენი გამოარჩია
ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით მხოლოდ 25 წლისაა, თუმცა მას ზურგს უკვე ფასდაუდებელი გამოცდილება უმაგრებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოახერხა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ის ჩემპიონთა ლიგა, რომლის მოგებაც მსოფლიო ფეხბურთის ბევრმა ვარსკვლავმა უდიდესი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა, ზედიზედ ორჯერ მოიპოვა და გასულ სეზონში სულაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა ხვიჩას სთხოვა, მისი წარსულისთვის თვალი გადაევლო და დაესახელებინა საუკეთესო თავდამსხმელი, რომლის მხარდამხარაც უასპარეზია და კვარასგან ასეთი პასუხი მიიღო:
„ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხია ვიქტორ ოსიმენი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უმაღლესი დონის თავდამსხმელი მყოლია პარტნიორად, მაგრამ მისი სისწრაფე, ბურთთან მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, უბრალოდ დაუჯერებელი გახლდათ. ოსიმენთან ერთად „ნაპოლიში“ დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და მას ჩვენი წარმატებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ როლის შემსრულებლად მივიჩნევდი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონშივე იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო და თუ თავად სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ვიქტორ ოსიმენი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მაშინ ნეაპოლურმა კლუბმა სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, რის გამოც ამ კლუბის ქომაგები დღემდე კვარა-ოსიმენის დუეტს ემადლიერებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს