ქალთა ფეხბურთი | ირანში მამაკაცებს სტადიონზე სიარული აუკრძალეს
უფლებადამცველი ორგანიზაციები ფიფას მოუწოდებენ, რეაგირება მოახდინოს ირანში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს ქალთა ფეხბურთის მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ.
გასულ თვეში ირანის საფეხბურთო ლიგის ორგანიზაციის მიერ წევრი კლუბებისთვის გაგზავნილი წერილი ახლო აღმოსავლეთის მედიაში ფართოდ გავრცელდა. წერილის ავთენტურობა გამოცემა The Athletic-მაც დაადასტურა. დოკუმენტში ნათქვამია: „ქალთა ფეხბურთის მატჩების მასპინძელ სტადიონებზე მამაკაცების ყოფნა აკრძალულია“.
ლიგის მდივანმა მოჰამედ რეზა ქეშავარი-ფარდმა, რომელმაც წერილს ხელი მოაწერა, ასევე აღნიშნა, რომ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში მატჩის მასპინძელი კლუბი „ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებელი იქნება“.
2023 წლის დეკემბრიდან, უფლებადამცველებისა და ფიფას ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად, ირანში ქალებს გარკვეულ საერთაშორისო საკვალიფიკაციო შეხვედრებსა და მამაკაცთა ჩემპიონატის მნიშვნელოვან მატჩებზე დასწრების შეზღუდული შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა ირანში ქალთა ფეხბურთის მატჩებზე მამაკაცების დასწრების საკითხი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო.
ტექნიკურად, მამაკაცებს ქალთა ფეხბურთის მატჩებზე დასწრება აქამდეც ეკრძალებოდათ, თუმცა გამონაკლისები ვრცელდებოდა სამწვრთნელო შტაბის წევრებზე, ოფიციალურ პირებზე, ფეხბურთელთა ოჯახის წევრებზე, მედიის წარმომადგენლებსა და მატჩის ორგანიზებაში ჩართულ სხვა თანამშრომლებზე. მოგვიანებით ეს გამონაკლისი მაყურებლებზეც გავრცელდა.
ახალი განკარგულება ყველა ამ გამონაკლისს აუქმებს და, როგორც ჩანს, ფიფას წესდებასაც არღვევს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წესდებაში ნათქვამია, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია — მათ შორის სტადიონებზე შესვლის აკრძალვა ან ამ პროცესში ხელის შეშლა — „მკაცრად აკრძალულია და ისჯება ორგანიზაციიდან დროებით მოკვეთით ან გარიცხვით“.
2017 წელს ფიფამ ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკა მიიღო და პირობა დადო, რომ „ეფექტიან ბერკეტებს გამოიყენებდა“, რათა ფეხბურთის მეშვეობით ადამიანის უფლებების დაცვა გაეძლიერებინა.
ამ საკითხზე რეაგირებისა და საკუთარი წესდების აღსრულებისკენ ფიფას ახლა უკვე მოუწოდეს ორგანიზაციებმა Human Rights Watch-მა, Amnesty International-მა და Sport & Rights Alliance-მა. თითოეულმა მათგანმა ყურადღება გაამახვილა ირანში ქალების ხანგრძლივ ბრძოლაზე, რათა მათ მამაკაცთა ფეხბურთის მატჩებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ახლა კი, როგორც ჩანს, ირანი ფეხბურთში ქალების დისკრიმინაციის ახალ გზებს ეძებს და მამაკაც ჟურნალისტებს, მსაჯებსა და მწვრთნელებს ქალთა მატჩებზე დასწრებას უკრძალავს“, — განაცხადა Sport & Rights Alliance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეა ფლორენსმა The Athletic-თან საუბრისას.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს