მოლდოვასთან რევანში აღებულია - ქალთა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კიშინიოვში იმყოფება, სადაც დღეს მოლდოველებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ამავე მეტოქესთან ირის ანტმანის შეგირდებმა რამდენიმე დღის წინაც ითამაშეს და მაშინ 0:1 დამარცხდნენ, დღეს კი როგორც ხედავთ, სრულფასოვანი რევანში აიღეს.
როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამხანაგურ მატჩებში შედეგზე გაცილებით მეტი ყურადღება სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებას და მომავალი ოფიციალური შეხვედრებისთვის სათანადოდ მომზადებას ექცევა. რამდენად შესრულდა ყოველივე ეს დღევანდელ თამაშში, ყველაზე უკეთ ანტმანმა იცის. ნულოვანი ყაიმით დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მისი შეგირდები მეორე ნახევარში გააქტიურდნენ და გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ნათია დანელიამ გაიტანა.
ცნობისათვის, ოქტომბრის სანაკრებო შეკრებისთვის და მოლდოველებთან ამხანაგური თამაშებისთვის საქართველოს ქალთა ნაკრებში 22 ფეხბურთელი იყო გამოძახებული, საიდანაც 19 ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო ნატა კვირკვაია, თინათინ ამბალია და მაიკო ბებია შესაბამისად, აზერბაიჯანის „ლიმანის“, ჩეხეთის „ბანიკისა“ და თურქეთის „იუსქსეკოვასპორის“ წევრები არიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს