„გამოძიება ჩატარდება, მტკიცებულებებს შევისწავლით“ | უეფას განცხადება ბათუმში მომხდარზე
უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც მარსელსა და ბათუმში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. საფრანგეთში „მარსელის“ ულტრასი ფანები „ლევსკის“ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ და ქალები და ბავშვებიც სცემეს, ხოლო ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს ადგილობრივ პოლიციასა და თურქ ქომაგებს შორის შეტაკება მოხდა.
„უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის იმ სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის სტადიონის ტერიტორიაზე გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებსაც ადგილი ევროპა ლიგის ეგიდით „მარსელსა“ და „ლევსკის“ და ასევე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული მატჩებისას ჰქონდა.
ძალადობას, აგრესიას, სიძულვილს, ნებისმიერი სახის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ ან ექსტრემისტულ ქმედებას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. უეფას ტურნირები პატივისცემის, ფეარ პლეის, პატიოსნებისა და უსაფრთხოების პრინციპებზეა დაფუძნებული. ზემოხსენებულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს — უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო შეხვედრები უსაფრთხოების, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის პრინციპებით წარიმართოს.
უეფამ ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიებებს ჩაატარებენ და ყველა არსებულ მტკიცებულებას შეისწავლიან, რათა უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დაადგინონ შესაბამისი ფაქტები და გარემოებები“.
ცნობისთვის, ბათუმში მომხდართან დაკავშირებით უეფამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეხვედრის „ბათუმი არენაზე“ გადატანა მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ შეხვედრა თურქეთში არ გაიმართებოდა და მისი ჩატარების ახალ შეთანხმებულ ადგილად საქართველოში ბათუმის სტადიონი განისაზღვრა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს