უიღბლობა გრძელდება - მუსიალა ისევ ტრავმირებულია
„ბაიერნის“ ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა ისევ ტრავმირებულია - მიუნხენური კლუბის ინფორმაციით, ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს.
Sky-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მუსიალამ დისკომფორტი ბუნდესლიგის გასულ ტურში, „კიოლნთან“ მატჩის შემდეგ იგრძნო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე „ლილის“ წინააღმდეგ თამაშის სურვილი გამოთქვა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
პლენტენბერგის ინფორმაციით, მუსიალას 4-6 კვირა გაუცდება და ფეხბურთელი მოედანს იანვარში დაუბრუნდება.
თავის მხრივ, გამოცემა Bild-ი წერს, რომ მუსიალამ „ლილთან“ თამაშის გადაწყვეტილება მის გარშემო აგორებული სკანდალის გათვალისწინებით მიიღო.
ცნობისთვის, 2026 წლის აგვისტოში ჯამალ მუსიალას ნევროლოგიური დისფუნქცია დაუდგინდა, რომელიც იწვევს ე.წ. აბსანსებს (გონების რამდენიმეწამიან გათიშვას/დაბინდვას). სამედიცინო თვალსაზრისით, აბსანსები ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმაა.
დაავადების გამოვლენის შემდეგ, გერმანულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ „ბაიერნი“ ფეხბურთელთან ხელშეკრულების შეწყვეტას აპირებდა, რის შემდეგაც კლუბმა განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ფეხბურთელს მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს