მესი თანახმაა, რონალდუს ელოდებიან - ტევესის გამოსამშვიდობებელი მატჩი
ლიონელ მესი კარლოს ტევესის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის პატივსაცემად გამართული შეხვედრა, რომელმაც კარიერა 2022 წელს დაასრულა, 20 დეკემბერს „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონზე შედგება.
მესის მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად ამ ხუთშაბათს, ღონისძიების ორგანიზატორების არხების მეშვეობით გამოცხადდა.
„ჩვენთვის ნამდვილი პატივი იქნება მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის მიღება აპაჩის (ტევესის მეტსახელი) ბოლო მატჩზე“,
- განაცხადეს ორგანიზატორებმა.
მესის გარდა, გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიწვეულთა სიაში არიან სერხიო აგუერო, მარტინ პალერმო, ჯანლუიჯი ბუფონი, რიო ფერდინანდი და ლეანდრო პარედესი.
ტევესს ასევე სურს კრიშტიანუ რონალდუს ხილვა, რომელთან ერთადაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, და ისიც კი განაცხადა, რომ შეეცდება, ის პირადად დაარწმუნოს.
თუ, ტევესმა საწადელს მიაღწია, ისტორიაში პირველად - შესაძლოა, მესი და რონალდუ ერთ გუნდში ვიხილოთ. თუმცა, „ალ-ნასრის“ ფორვარდის დასწრება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. კრიშტიანუსგან პასუხს ჯერაც ელიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს