დაპირისპირება და შეჩერებული მატჩი ბათუმში | თურქული კლუბები მომხდარს გმობენ
Aa
Aa

დაპირისპირება და შეჩერებული მატჩი ბათუმში | თურქული კლუბები მომხდარს გმობენ

ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში „ბეშიქთაში“ „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. უეფამ უსაფრთხოების ზომების გამო, მატჩი თურქეთიდან საქართველოში გადაიტანა და შეხვედრას „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა.

თამაშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის დაწყებამდე ადგილობრივ პოლიციელებსა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შეხვედრის დროსაც უაღრესად დაძაბული იყო. ერთ მომენტში „ბეშიქთაშის“ ფანები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს წიწაკის სპრეის გამოყენება მოუწიათ, რასაც მატჩის დროებით შეჩერება მოჰყვა.

თურქული პრესის მიხედვით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა ქომაგმა პალესტინის დროშა გაშალა და პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. დაპირისპირების ამსახველმა კადრებმა სოციალური ქსელები მოიარა და „ბეშიქთაშის“ ქომაგების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს თურქული კლუბების გამოხმაურება მოჰყვა.

„ბეშიქთაშის გვერდით ვდგავართ. კატეგორიულად ვგმობთ საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმას მატჩამდე და მის დროს. მიუღებელია არაპროპორციული ძალის გამოყენება გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებმაც, ისევე როგორც თურქეთის ყოველი მოქალაქე, ვინც ჩაგრულთა გვერდით დგომას ჰუმანიტარულ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, პალესტინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. როგორც სპორტული კლუბი „ფენერბაჰჩე“, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ თურქული სპორტისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უსამართლობას და თანადგომას ვუცხადებთ „ბეშიქთაშის“ ოჯახსა და ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებიც თავდასხმის ობიექტები გახდნენ“, — ნათქვამია „ფენერბაჰჩეს“ განცხადებაში.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ თურქულ გუნდებს ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშის უფლებას ართმევენ. უეფამ უნდა შეწყვიტოს ჩვენი კლუბების მიმართ უსამართლო და ორმაგი სტანდარტებით მოქმედება! ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ დღეს საღამოს, საქართველოში, პოლიციის მიერ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. როგორც სპორტული კლუბი, „გალათასარაი“, გვსურს განვაცხადოთ, რომ ვდგავართ „ბეშიქთაშის“ ოჯახისა და ამ მოვლენების შედეგად დაზარალებული გულშემატკივრების გვერდით, ხოლო დაშავებულ ქომაგებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია „გალათასარაის“ განცხადებაში.

„მკაცრად ვგმობთ უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას საქართველოში, ბათუმში, ჩვენი საფეხბურთო გუნდისა და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დაწყებამდე და მიმდინარეობისას. თანადგომას ვუცხადებთ ინციდენტების შედეგად დაზარალებულ ქომაგებს.

ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრები და კლუბის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებოდნენ ვითარებას მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები სტადიონისკენ დაიძრნენ. მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ უსაფრთხოების ძალები ჩვენს გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლაში ხელს უშლიდნენ, დაუყოვნებლივ დავუკავშირდით უეფას დელეგატს, რომელმაც სტადიონის საევაკუაციო ჭიშკრების გაღება უზრუნველყო, რამაც ჩვენს ქომაგებს ტრიბუნებზე სწრაფად და უსაფრთხოდ შესვლის საშუალება მისცა.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ბათუმში ჩვენს გენერალურ საკონსულოსა და უეფასთან ერთად, და აღვნიშნავთ, რომ სიტუაციას ყურადღებით გავაკონტროლებთ მანამ, სანამ თითოეული ჩვენი გულშემატკივარი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება სამშობლოში", — დაწერა „ბეშიქთაშმა“.

ცნობისთვის, „ბეშიქთაშმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ თურქული კლუბის ფეხბურთელებმა ქომაგს პალესტინის დროშა გამოართვეს და ის გაშალეს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს ქართული სულია, თოკომ მატჩამდე ბებია დაკარგა“ | დუდა სანაძის კომენტარი
    „ეს ქართული სულია, თოკომ მატჩამდე ბებია დაკარგა“ | დუდა სანაძის კომენტარი