ფლიკი: მე და ანჩელოტის ურთიერთობა არ გვაქვს, მას არ ვაკრიტიკებ, თუმცა...
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ბრაზილიის ნაკრებში რაფინიას გარშემო შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას ეროვნული გუნდების მწვრთნელებს კლუბებთან მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ნაკრებში რაფინიას დატვირთვის დოზირებაზე შეთანხმდნენ. „ბარსელონას“ გარემარბმა იაპონიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (2:3) წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ეროვნული გუნდის შეკრება არ დაუტოვებია. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში დარჩენა თავად რაფინიამ გადაწყვიტა.
„ეს რაფინიას სტილია, მისი დამოკიდებულება, მისი ხასიათი. მოედანზე ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ის, რაც მან „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გააკეთა, დაუჯერებელი იყო. ის ბევრს დარბის, ბევრ კილომეტრს ფარავს და წარმოუდგენელი ინტენსივობით თამაშობს. ასეთია რაფა, ის ჩვენი კაპიტანია.
რა თქმა უნდა, ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა ნაკრებების მწვრთნელებთან მეტი ურთიერთქმედება. კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, რათა შეგვეძლოს თქმა: „აი, ეს კარგია, ეს კი - არც ისე“. ან: „ამას ყურადღება უნდა მიექცეს“. როდესაც ნაკრებში ვმუშაობდი, ჩვენი ფეხბურთელების მწვრთნელებთან კავშირზე ვიყავი. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მაკლია. ამას ბევრი მწვრთნელი არ აკეთებს და ვფიქრობ, ამის გამოსწორება სასარგებლო იქნებოდა“.
- კარლო ანჩელოტისთან კონტაქტი გაკლიათ?
„ჩვენ არ ვკონტაქტობთ. ერთმანეთს ვიცნობთ, რადგან ბოლო ორი სეზონის, ან ყოველ შემთხვევაში ბოლო სეზონის განმავლობაში შევხვდით. კარგი ურთიერთობა გვქონდა, როდესაც ის „ბაიერნში“ მუშაობდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა თავისებურად იქცევა და ეს ჩემთვის მისაღებია. არ ვაკრიტიკებ. ნორმალურია, რომ თითოეული მწვრთნელი თავის გუნდზეა კონცენტრირებული. მაგრამ ვფიქრობ, თანამშრომლობა დაეხმარებოდა როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს. ჩვენ აქ ფეხბურთელებისთვის ვართ და არა პირიქით“,
- განაცხადა ფლიკმა TNT Sports Brasil-თან ინტერვიუში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს