ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

გეიჯი, პიმბლეტი, ალექსანდრეს მარცხი და ილიას მომავალი - ხორხე კლიმენტის ინტერვიუ

ძმები თოფურიების ყოფილმა მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა LowKick MMA-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. კერძოდ, მან გაიხსენა, თუ როგორ გაიყო მისი და ძმები თოფურიების გზები და ასევე უპასუხა კითხვას, რა რჩევებს მისცემდა „ელ მატადორს“ გეიჯისთან ჩხუბის დროს მის კუთხეში რომ ყოფილიყო.

„ილიას და ალექსანდრეს იმ დროიდან ვიცნობ, როცა 14-15 წლის იყვნენ. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან, თუმცა UFC-ში წარმატების მიღწევის შემდეგ ილიამ რამდენიმე მენეჯერი გამოიცვალა და ერთ-ერთი მათგანი, ინიგო ტაბერნერო, ყველაფერს აკეთებდა, რათა თოფურიებსა და მათ ძველ სანაცნობო წრეს შორის კავშირი გაეწყვიტა.

მან დაარწმუნა თოფურიები, მადრიდში გადასულიყვნენ. კემპს დისტანციურად ვატარებდით, ხან მე ჩავდიოდი იქ, ხან ისინი ჩამოდიოდნენ ალიკანტეში - რაც აისახა ილიას მომზადებაზე. ოლივეირასთან ჩხუბამდე ერთი თვე რჩებოდა, როცა მათ მითხრეს, რომ ჩვენთან ურთიერთობას წყვეტდნენ. ალექსანდრე გახდა ილიას მთავარი მწვრთნელი, ხოლო გუნდს გურამ ქუთათელაძეც შეუერთდა, რომელსაც ასევე ალექსანდრე წვრთნიდა“.

ილიამ რომ გეიჯისთან რემატჩისთვის დახმარება გთხოვოთ, დათანხმდებით?

- ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა. თოფურიების ოჯახი ძალიან მიყვარს, მათ ნათესავებსაც ვიცნობ, ერთად ბევრი გვიმგზავრია და ისინი კარგი ადამიანები არიან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ მისცეს ინიგო ტაბერნეროს შესაძლებლობა, შეცდომაში შეეყვანა.


რას გააკეთებდით, გეიჯისთან ჩხუბში რომ ილიას კუთხეში ყოფილიყავით?

- მებრძოლისა და მწვრთნელის გაკრიტიკება ძალიან მარტივია. ასეთ დროს გადაწყვეტილებას ადგილზე იღებ. ილია დარჩა ოქტაგონზე მაშინაც კი, როცა ვერაფერს ხედავდა, და ბოლომდე იბრძოლა. ყველამ იცის, როგორ მოიქცა ალექსანდრე. შესაძლოა, მე სხვაგვარად მემოქმედა, მაგრამ სხვის გაკრიტიკებას არ ვაპირებ.


აქვს თუ არა ილიას საკმარისი მოტივაცია, რომ ქამარი დაიბრუნოს?

- პრობლემა სწორედ ესაა, რომ, ჩემი აზრით, მან „სპორტული შიმშილის“ გრძნობა დაკარგა, როცა გარშემო ისეთი ხალხი შემოიკრიბა, რომელთაც კარგად არ იცნობდა. მათ ილია კომფორტისა და პოპულარობის ზონაში მოაქციეს, რაც, მე თუ მკითხავთ, მათ ინტერესებში უფრო იყო. ილიამ ძველი მოტივაცია უნდა დაიბრუნოს, რაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.


რომელია ილიას იდეალური დივიზიონი? მსუბუქ წონაში უნდა იჩხუბოს თუ ქვემსუბუქში დაბრუნება სჯობს?

- ვფიქრობ, მას შეუძლია მსუბუქი წონის ქამარი დაიბრუნოს და ქვემსუბუქ წონაშიც ჩავიდეს. თუ შესაძლებელი იქნება, მან გეიჯისთან რემატჩი უნდა აირჩიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მეტოქე მიიღოს, რომელსაც ყველაზე დიდი ისტორია აქვს - ეს კი პედი პიმბლეტია. მათ შორის ბუნებრივი მეტოქეობა არსებობს. ვფიქრობ, ისინი „სანტიაგო ბერნაბეუს“ გაავსებენ.


შეუძლია თუ არა ილიას, კრივში მსოფლიო ჩემპიონი გახდეს?

- ილიას კარგი კრივი აქვს და წარმატების მიღწევა ნამდვილად შეუძლია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ამ სპორტს წლები მიუძღვნეს. ილიას შეუძლია, დიდი შოუ დადგას, როგორც ეს მაკგრეგორმა და მეივეზერმა გააკეთეს, მაგრამ ჩემპიონობისთვის სულ სხვა ტიპის მომზადებაა საჭირო.


როგორ აისახება მარცხი ალექსანდრე თოფურიას კარიერაზე? შეუძლია თუ არა მას, UFC-ის ჩემპიონი გახდეს?

- რა თქმა უნდა, ალექსანდრეს ეს შეუძლია. როგორც ვიცი, მან პირველ რაუნდში მხარი ამოიგდო და სამი რაუნდი ცალი ხელით იბრძოლა. ეს მის მებრძოლ ხასიათზე მეტყველებს. ალექსანდრემ აჩვენა, რომ არასოდეს ნებდება და ახლა მომდევნო შანსს უნდა დაელოდოს. მარცხისგან არც ერთი მებრძოლი არაა დაზღვეული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შვედურ ორგანიზაციაში იბრძოლებს - ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება
    შვედურ ორგანიზაციაში იბრძოლებს - ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება