სერგენ იალჩინი - ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ლეგენდა გამხდარიყო
მირჩა ლუჩესკუ წლების განმავლობაში ამბობდა: სერგენ იალჩინს ფეხბურთისთვის თავი რომ მიეძღვნა, ზინედინ ზიდანზე დიდი ფეხბურთელი იქნებოდა.
იალჩინი და ზიდანი 1972 წელს, ხუთი თვის შუალედით დაიბადნენ. 1993 წელს ორივე საფრანგეთში, ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე ასპარეზობდა. თურქეთმა გამოთიშა საფრანგეთის ნაკრები, რომელშიც ზიდანიც თამაშობდა, შემდეგ კი სერგენმა ფინალში გაიტანა და ოქროს მედალი მოიგო — მაშინ ვერავინ იტყოდა, თუ რომელი მათგანი გახდებოდა ლეგენდა.
სერგენმა თამაში სტამბოლის შავი ზღვის სანაპიროზე, კილიოსის სანაპიროებზე ისწავლა. „ბეშიქთაშმა“ ის ჯერ კიდევ მოზარდობისას აიყვანა. ძირითად გუნდში 18 წლისა მოხვდა, ხოლო პირველსავე სეზონში ლიგის გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით კი იალჩინი გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც თურქეთის ოთხივე გრანდის ფორმა მოირგო: „ბეშიქთაში“, „ფენერბაჰჩე“, „გალათასარაი“ და „ტრაბზონსპორი“.

სერგენი ძირითადად იმ პოზიციაზე მოქმედებდა, რასაც დღეს თავისუფალი „ათიანი“ ეწოდება, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა მოედნის გენიალური ხედვა და პასების დიაპაზონი, თავბრუდამხვევი დრიბლინგი და სტანდარტულების უზუსტესი შესრულება მისი დამანგრეველი მარცხენა ფეხით. სერგენის გადაცემები იმდენად ზუსტი იყო, რომ The Guardian-მა ერთხელ დაწერა — მას 55 მეტრიდან საფერფლისთვის ბურთის მორტყმა შეუძლიაო.
მცირე აღნაგობის მიუხედავად, სერგენი ბურთთან ერთად საოცრად ძლიერი იყო და მოულოდნელად სწრაფი აჩქარებაც ჰქონდა. მისი ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად დიდი იყო, რომ უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, ლენარტ იოჰანსონმა ერთხელ აღნიშნა, რომ იალჩინს ევროპის ნებისმიერ გუნდში სათამაშო ოსტატობა ჰქონდა.
„ბეშიქთაშში“ გატარებულ პირველ პერიოდში ის სტაბილურად ბრწყინავდა და 1993-დან 1997 წლამდე ყოველ სეზონში მინიმუმ რვა გოლი გაჰქონდა. თუმცა, მთელი ამ ბრწყინვალების მიღმა არსებობდა ბნელი მხარეც: სერგენი ეგოცენტრულ ცხოვრებას ეწეოდა, რომელიც სავსე იყო წვეულებებით, გართობითა და აზარტული თამაშებისადმი მძიმე დამოკიდებულებით. ვარჯიშებსაც ინდიფერენტულად უყურებდა და ერთხელ პირდაპირ განაცხადა: „ნიჭიერი ვარ, ამიტომ ვარჯიში არ მჭირდება“.
აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას ნაწილობრივ მის ბუკმეკერ მამას, ოზერს აბრალებდნენ, თუმცა გატაცებამ იმდენად უკიდურეს დონეს მიაღწია, რომ სერგენმა ერთხელ ჟურნალისტს უთხრა, სექსს ტოტალიზატორის ბილეთის თვალიერებას ვამჯობინებო. სწორედ ამ „ფლეიბოის“ მენტალიტეტმა განაპირობა მისი „ბეშიქთაშიდან“ წასვლა.
1997 წლის მარტში „სამსუნსპორთან“ 4:1 მარცხის შემდეგ, კლუბის დირექტორმა ფეხბურთელი მფლანგველი ცხოვრების წესის გამო საჯაროდ გააკრიტიკა. საპასუხოდ, სერგენმა თამაშსა და ვარჯიშებზე გამოცხადებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კლუბის ოფიციალურ პირს თავად ეცადა 10-ნომრიანი მაისურის მორგება და „ბეშიქთაშის“ ნახევარდაცვაში თამაში. სერგენს კლუბისთვის რეკორდული ჯარიმა დაეკისრა.
ხანმოკლე შერიგების შემდეგ, 1997 წლის ზაფხულში, კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის გამო, სერგენი ოდესღაც ძლევამოსილ „ისტანბულსპორში“ თურქეთისთვის რეკორდულ თანხად გაიყიდა. მის გარეშე „ბეშიქთაშმა“ ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში მათი ყველაზე დაბალი შედეგი იყო, ყოფილ კლუბში სტუმრად დაბრუნებულმა სერგენმა კი თავის ოდესღაც მოტრფიალე გულშემატკივრებს შუა თითი უჩვენა.
მთელი კარიერის განმავლობაში სერგენის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ თავის უზარმაზარ შესაძლებლობებს მხოლოდ ეპიზოდურად ავლენდა და ხშირად დიდ მატჩებს ინერტულად ატარებდა. თუმცა, როცა თამაში სურდა, შეუჩერებელი ხდებოდა — ამის საუკეთესო მაგალითი 2003 წელს „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსისთან“ მოგებული მატჩი იყო (2:0), სადაც ორივე გოლი სერგენმა გაიტანა. ოღონდ, აქაც ყველაფერი მის სტილში მოხდა: თამაშამდე საკუთარ დუბლზე 5 000 ფუნტი დადო და 35 000 მოიგო.
დიდ სცენაზე მხოლოდ ასეთი გაელვებების მიუხედავად, ევრო 2000-ის შემდეგ მისით „ბარსელონა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდნენ. ამან დაადასტურა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა — რომ ტექნიკურად ის ბრწყინვალე იყო, თუმცა ორივე კლუბი დააფრთხო იმ ქაოსმა, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა. ამასობაში ბობი რობსონს 4 მილიონი ფუნტის ოდენობის შეთანხმება ჰქონდა მზად მის „ნიუკასლში“ გადასაყვანად, მაგრამ სერგენმა თურქეთში დარჩენა არჩია. წლების შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებას ასე შეაჯამებს: „ახლა რომ ისევ 20 წლის ვიყო, თურქეთს სამ დღეში დავტოვებდი“.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იალჩინმა საკუთარი თავი სამწვრთნელო საქმეში იპოვა, მშობლიურ „ბეშიქთაშს“ ჩემპიონობაც მოაგებინა და საბოლოოდ ქვეყნის მთავარი გუნდიც ჩაიბარა.
ახლა სერგენი თურქეთის ნაკრების მთავარი მწვთნელია. 15 ნოემბერს. ბედმა ის ისევ შეახვედრა კაცს, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში ადარებდნენ - ზიდანის საფრანგეთმა იალჩინის თურქეთი 2:1 დაამარცხა. ერთ მოედანზე ორი ყოფილი მოთამაშე იდგა: ზიდანი, რომელმაც ფეხბურთისგან ყველაფერი აიღო და სერგენი, რომელმაც ფეხბურთს მხოლოდ იმდენი მისცა, რამდენიც თავად მოისურვა.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს