ერთადერთი ქალი, რომელმაც კაცების სპორტი დაიპყრო - ლეგენდარული მიშელ მუტონი
მიშელ მუტონი ავტოსპოტის ნამდვილი ლეგენდაა. ის იყო პირველი და დღემდე ერთადერთი ქალი, რომელმაც მსოფლიო რალის ჩემპიონატის (WRC) ეტაპი მოიგო — ეს მიღწევა მან ოთხჯერ გაიმეორა.
იმ ეპოქაში, როდესაც რალის სამყარო თითქმის ექსკლუზიურად მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, მუტონმა დაარღვია სტერეოტიპები და დაამტკიცა, რომ ნიჭსა და მიზანდასახულობას სქესი არ აქვს.

პირველი ნაბიჯები
მიშელმა ავტომობილების მიმართ დიდი ვნება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა. 14 წლის ასაკში, ის უკვე მართავდა მამის Citroen 2CV-ს საფრანგეთის რივიერაზე.
თუმცა, მისი მოხვედრა რალიში თითქმის შემთხვევით მოხდა. 1972 წელს, მიშელი მრბოლელ ჟან ტაიბის კორსიკის რალიზე, როგორც მაყურებელი ისე გაჰყვა, მაგრამ სანახაობით იმდენად მოიხიბლა, რომ შტურმანის (თანამეწყვილის) სავარძლის დაკავება გადაწყვიტა.
მომდევნო წელს მისი დებიუტი მონტე-კარლოს რალიზე შედგა, თუმცა მალევე მამამ ურჩია, საჭესთან თავად დამჯდარიყო - სწორედ ასე დაიწყო ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და რევოლუციური კარიერა.

გზა დიდებისკენ
1974-1976 წლებში, მუტონი ევროპულ შეჯიბრებებში ბრწყინავდა: ის ჯერ Alpine A110-ს, მოგვიანებით კი A310-ს მართავდა.
1977 წელს, მან პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია ესპანეთის RACE რალიზე, რამაც ის რალის სამყაროში პერსპექტიულ ტალანტად აქცია.
მიშელი კარიერის ნამდვილი გარღვევა 1981 წელს მოხდა, როდესაც მასთან კონტრაქტი Audi-მ გააფორმა რევოლუციური Audi Quattro-ს სამართავად - ავტომობილის, რომელიც თითქმის დაუმორჩილებელად ითვლებოდა.
ეს გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა: მიაჩნდათ, რომ ასეთი მანქანის სამართავად ქალის აყვანა უფრო სარეკლამო ტრიუკი იყო, ვიდრე ნამდვილი ინვესტიცია ნიჭში. მაგრამ მუტონმა ყველა კრიტიკოსი გააჩუმა, როდესაც სან-რემოს ტური მოიგო და გახდა პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიო რალის ჩემპიონატის ეტაპზე გაიმარჯვა. სწორედ ამ მომენტიდან იღებს სათავეს მისი მეტსახელი - „სიჩქარის დედოფალი“.

ლეგენდარული სეზონი და მამის გარდაცვალება
1982 წელს, თავის შტურმან ფაბრიცია პონსთან ერთად, მუტონმა მართვის საკუთარი უნარები უმაღლეს დონეზე აიყვანა. მან კიდევ სამი რალი მოიგო: პორტუგალიის, აკროპოლისისა და ბრაზილიის.
მუტონი საუკეთესო ფორმაში იყო. ის ეჯიბრებოდა მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელებს და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა კოტ-დ'ივუარის რალიზე მომხდარი ავარიის გამო, მან ტიტული დაკარგა.
კიდევ უფრო მტკივნეული კი ის იყო, რომ შეჯიბრის მიმდინარეობისას მამის - თავისი უდიდესი გულშემატკივრისა და მენტორის გარდაცვალების ტრაგიკული ამბავი შეიტყო. მართალია მან ჩემპიონატი ვერ მოიგო, მაგრამ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც რალის ისტორიაში ქალისთვის დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რალის მიღმა
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რალის ჩემპიონატში მისი კარიერა მსოფლიო ტიტულით არ დასრულებულა, მუტონი წარმატებების მიღწევას განაგრძობდა.
1985 წელს, მან აშშ-ში მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულ „პაიქს-პიკის“ (Pikes Peak) რბოლაში, სადაც გახდა პირველი ქალი და პირველი არაამერიკელი მრბოლელი, რომელმაც არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ სიჩქარის რეკორდიც დაამყარა. Audi Quattro Sport-ის საჭესთან, მან ურთულესი პირობები გადალახა და დაამტკიცა, რომ მის ნიჭს საზღვრები არ ჰქონდა.
1986 წელს, მუტონმა Peugeot 205 T16-ით გერმანიის რალის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა „B ჯგუფის“ მანქანების აკრძალვის შემდეგ, პროფესიონალური სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, მისი გავლენა ავტოსპორტზე ამით არ დასრულებულა.
მემკვიდრეობა და შთაგონება
მიშელ მუტონმა არა მხოლოდ წარუშლელი კვალი დატოვა სარბოლო ტრასებზე, არამედ ავტოსპორტში ქალების როლის დაუღალავი დამცველიც გახდა.
2009 წელს, ის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ქალთა მოტოსპორტის კომისიის პრეზიდენტად დაინიშნა, სადაც სპორტში თანაბარი შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის მუშაობდა.
მუტონი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ავტოსპორტში ექსკლუზიურად ქალთა კატეგორიის შექმნის იდეას და ამტკიცებდა, რომ სათანადო მომზადების პირობებში, ქალებს და მამაკაცებს თანაბარ პირობებში შეუძლიათ კონკურენცია.

გარდა ამისა, მიშელი „ჩემპიონთა რბოლის“ თანადამფუძნებელი გახდა - ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელებს აერთიანებს. ამ ინიციატივების მეშვეობით, ის კვლავაც უწყობს ხელს ქალთა ჩართულობას სპორტში, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ.
დღეს მიშელ მუტონი ახსოვთ არა მხოლოდ მისი სითამამისა და სისწრაფის, არამედ მისი ურყევი ხასიათის გამო. სამყაროში, სადაც ბევრი ამბობდა, რომ ქალებს კონკურენციის გაწევა არ შეეძლოთ, მან დაამტკიცა, რომ ქალებს არა მხოლოდ შეჯიბრება, არამედ გამარჯვება და დიდ წარმატებების მიღწევაც შეუძლიათ.