კარიერა, რომელიც ერთმა წამმა გაანადგურა — მონიკა სელეშის ისტორია
33 წლის წინ გერმანიაში მოხდა ინციდენტი, რომელმაც მთელი ჩოგბურთის სამყარო შეძრა. პლანეტის იმჟამინდელი პირველი ჩოგანი, მონიკა სელეში, მისი მთავარი მეტოქის — შტეფი გრაფის შეშლილმა ფანმა კინაღამ მოკლა.
სპორტსმენი სიკვდილს დაცვის თანამშრომლებმა და ძმამ გადაარჩინეს, თუმცა ფსიქოლოგიური ტრავმა ფიზიკურ ჭრილობაზე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა.
1993 წლის სეზონი მონიკა სელეშმა ბრწყინვალედ დაიწყო: ზედიზედ მესამედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და გაიმარჯვა ჩიკაგოსა და პარიზის ტურნირებში. თუმცა, „როლან გაროსის“ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩოგბურთელი გრიპით დაავადდა და 62 დღე გამოტოვა. ფორმის აღსადგენად მან ჰამბურგის ტურნირზე გამგზავრება გადაწყვიტა.
30 აპრილს, მეოთხედფინალში, მონიკა ბულგარელ მაგდალენა მალეევას ეთამაშებოდა. სელეში ორ სეტში დაჯერებულად ლიდერობდა. შესვენების დროს მას მოულოდნელად შეშლილი ფანი დაესხა თავს. ის ტრიბუნებისა და კორტის გამყოფ ტიხართან ახლოს მიიჭრა და სელეშს ზურგში პატარა დანა ჩაარტყა.

საბედნიეროდ, ჭრილობა სერიოზული არ აღმოჩნდა. დანის პირი მონიკას სხეულში მხოლოდ სანტიმეტრნახევარზე შევიდა და ხერხემალი არ დაუზიანებია. ბევრს მოეჩვენა, რომ სელეშმა თავიდან დარტყმა ვერც კი იგრძნო — ის მშვიდად ადგა სკამიდან, ბადესთან მივიდა და მხოლოდ ამ მომენტში ჩაიკეცა. შეშლილი მაშინვე დააკავეს დაცვამ და სპორტსმენის ძმამ. მატჩი ვადამდე შეწყდა, მონიკა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მოულოდნელად მძაფრი წვა ვიგრძენი, რის შემდეგაც ტკივილი მთელ ზურგში გაიშალა. ყვირილი — უფრო ცხოველური, ვიდრე ადამიანური. ძლივს მივხვდი, რომ ეს ხმა მე მეკუთვნოდა. მარცხენა მხარზე გადავიხედე და დავინახე კეპიანი მამაკაცი, რომელსაც სისხლიანი დანა ორივე ხელით ეჭირა. მან ხელები თავზემოთ ასწია, რათა კიდევ ერთი დარტყმა მოეყენებინა. იმ წამს ვიცანი სახე, რომელიც მანამდე სასტუმროში და ცარიელ ტრიბუნებზე მქონდა ნანახი“, — იხსენებდა სელეში თავის ავტობიოგრაფიაში.

დანით შეიარაღებულ ადამიანს, რომელიც მონიკას ღამის კოშმარებში დიდხანს ესიზმრებოდა, გიუნტერ პარხე ერქვა. უმუშევარი მამაკაცი ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. პოლიციაში მან დანაშაული აღიარა და თავისი საძაგელი საქციელის მიზეზიც კი დაასახელა:
„სანამ ჩვენების მიცემას დავიწყებდე, მინდა ვთქვა, რომ შტეფი გრაფის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მის მთელ კარიერას თვალს ვადევნებდი. მაგალითად, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის საზღვრების გახსნის დღიდან, ყოველ წელს ვუგზავნიდი მას ფულს დაბადების დღეზე. 1990 წელს, შტეფი მონიკასთან გერმანიის ღია პირველობაზე დამარცხდა და ჩემი სამყარო ჩამოიქცა. ვერ ვეგუებოდი აზრს, რომ გრაფზე უკეთესი ვინმე აღმოჩნდა. ძალიან განვიცადე, როცა სელეშმა „როლან გაროსი“ მოიგო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მონიკასთვის ტრავმა მიმეყენებინა, რომ მას ჩოგბურთი აღარ ეთამაშა“.
გიუნტერმა თავისი დანაშაული საგულდაგულოდ დაგეგმა. მწვანე პარკით მან ტრიბუნებზე პატარა დანა შეიტანა, შესვენების დროს კი კიბეებზე კორტთან ახლოს ჩავიდა და თავდასხმა განახორციელა.

გერმანიის სასამართლომ დანით შეიარაღებული ხულიგნის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, გამაოგნებელი აღმოჩნდა: დამნაშავეს ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
მოსამართლემ დაიჯერა, რომ თავდამსხმელს მხოლოდ სელეშის დაჭრა სურდა და გაითვალისწინა ფსიქიატრების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პარხე გრაფით იყო შეპყრობილი. გიუნტერი იძულებით მკურნალობაზე გაგზავნეს, თუმცა ის თავისუფალი რჩებოდა.
როდესაც მონიკა სელეშმა ასეთი მსუბუქი განაჩენის შესახებ შეიტყო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
„რას ეუბნება ეს სამყაროს? მან აღიარა, რომ მდევნიდა, შემდეგ დანა ჩამარტყა, ახლა კი სასამართლო ამბობს, რომ მას წინასწარ დაგეგმილი დანაშაულისთვის ციხეში ჩაჯდომა არ სჭირდება. მას შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდა, მე კი — არა, რადგან დღემდე ვცდილობ ძალები აღდენას იმ თავდასხმისგან, რომელსაც ჩემი მოკვლა შეეძლო“, - ამბობდა სელეში.
საბოლოოდ, ამ თავდასხმამ მონიკას უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მალე გამოჯანმრთელდა, მას კოშმარები და კორტზე გასვლის შიში ტანჯავდა. თავის ავტობიოგრაფიაში მან დაწერა: „ორი წელი გავატარე ციხეში, რომელშიც ის უნდა მჯდარიყო“.
სელეშმა მართლაც ორი წელი დაჰყო სპორტის მიღმა. ჟურნალისტები და ფანები მასზე ნადირობდნენ, შოკირებული გოგონა კი თითქმის მთელ დროს სახლში ატარებდა. ფსიქოლოგიური ორმოდან ამოსვლაში მას მამა და ფსიქოლოგი დაეხმარნენ.
„მამამ მითხრა: „ამქვეყნად საერთოდ არაფერი მჭირდება, როცა ასეთს გხედავ“. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ წინსვლის და მომხდარის დავიწყების დრო იყო“, - იხსენებდა ჩოგბურთელი.
ძალების მოკრების შემდეგ, მონიკა კორტს 1995 წლის ზაფხულში დაუბრუნდა. პატივისცემის ნიშნად, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ მას რეიტინგში პირველი ადგილი დაუბრუნა, რომელიც სამართლიანად ეკავა ჰამბურგის ტრაგედიამდე.
დაბრუნების შემდეგ პირველივე ტურნირი სელეშმა აგვისტოში, კანადაში მოიგო. თუმცა, სამწუხაროდ, 23 წლის სპორტსმენმა ძველებურ, ჩემპიონურ დონეს ვეღარ მიაღწია.
1998 წელს, მონიკას ცხოვრებაში ყველაზე ახლობელი ადამიანი — მამა გარდაიცვალა. კაროლ სელეში სამი წელი ებრძოდა სიმსივნეს.

ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ, სელეშს წონასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. მამის ავადმყოფობის გამო მიღებულ სტრესს. ის საკვებით „ებრძოდა“:
„მახსოვს, ტორონტოს საგამოფენო ტურნირის წინ, 11 კილოგრამით მეტი. მესმოდა, როგორ ამბობდნენ: „ღმერთო ჩემო, რა დაემართა სელეშს? ნახეთ, რამხელაა“. მაგრამ მე ლამის მომკლეს! ორი წელი არ მითამაშია, მამა სიკვდილს ებრძოდა... ნუგეშს საკვებში ვეძებდი. რას ელოდით?“- ამბობდა მონიკა.
მაღალ დონეზე თამაშში, მას უცნაური ტრავმებიც უშლიდა ხელს. ერთხელ ვარჯიშისას ბურთი უიღბლოდ დაიჭირა და თითი ორ ადგილას გაიტეხა, 2000 წელს კი მაიამის ტურნირის წინ ფეხი საკუთარ ძაღლთან თამაშისას იღრძო. სელეში პროფესიულ დონეზე 2003 წლამდე გამოდიოდა. დაბრუნების შემდეგ მან 8 ტიტული მოიგო, თუმცა „დიდი სლემის“ ოთხი ფინალიდან მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა — 1996 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე.
