ჭურჭლის მრეცხავის მეორე შანსი მილანში - ჰარვი ესაიასის ისტორია
ეს არ არის ისტორია გამართლების შესახებ. წინ გელით ამბავი იმაზე, თუ როგორ მოხვდა ვარსკვლავებით გადაჭედილ „მილანში“ ჭარბწონიანი ჰარვი ესაიასი, რომელიც მანამდე რესტორანში ჭურჭლის რეცხვით ირჩენდა თავს.
მაშ ასე, იმისათვის, რომ „მილანთან“ გააფორმოთ კონტრაქტი, საჭიროა:
1. მინიმალური განათლება
ფიზიკურად ძლიერი ნიდერლანდელი ფეხბურთელი სურინამული ფესვებით — ასე შეიძლება დავახასიათოთ ჰარვი ესაიასი. თუმცა, ამსტერდამის „აიაქსის“ აკადემიაში მოსახვედრად მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ესაიასს ჰქონდა საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული საფეხბურთო აკადემიის მოსწავლე გამხდარიყო, სადაც მასში მცველის პოტენციალი დაინახეს. ჰარვისთან ერთად აკადემიაში პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი, მიხაელ რაიციგერი და კლარენს ზეედორფი თამაშობდნენ. ასე რომ, სამეგობრო და სანაცნობო წრეში ჰარვი ესაიასს საჭირო ხალხი ჰყავდა.
„აიაქსიდან“ ჰარვი „ანდერლეხტის“ აკადემიაში მოხვდა, შემდეგ კი პირველი პროფესიული კონტრაქტიც გააფორმა — „ფეიენოორდთან“.

2. ტრანსფერების ისტორია
როტერდამში ახალგაზრდა ესაიასმა თავისებურად დაიწყო - „ფეიენოორდის“ დუბლებთან ამხანაგური მატჩის დროს რონალდ სხოუტენს ყბა მოტეხა. პირველი გოლი ჰარვიმ „აიაქსს“ გაუტანა, შემდეგ კი მის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო - 3 წელიწადში ესაიასმა „ფეიენოორდში“ მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ჰარვი „გრონინგემმა“ წაიყვანა - აქ ესაიასმა სეზონში 9-ჯერ ითამაშა, კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ დაიმსახურა და ისევ თავისუფალი აგენტების ბაზარზე აღმოჩნდა. უხეში ცენტრალური მცველის მომდევნო კლუბი „კამბუური“ გახდა, თუმცა ჰარვის სათამაშო დრო არც იქ ჰქონდა.

შემდეგ იყო „დორდრეხტი“ (7 მატჩი) და ისევ თავისუფალი აგენტის სტატუსი. ჰარვიმ გადაწყვიტა, ნიდერლანდების ფარგლებს გასცდენოდა. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება - ყოველ მომდევნო სეზონში ის სულ უფრო იმატებდა წონაში.
ესაიასმა „რეალის“ მეორე გუნდთან გააფორმა კონტრაქტი, სადაც მისი თანაგუნდელები სესარ ნავასი და რაულ ბრავო იყვნენ. „სამორა“, „მოსტოლესი“ - ამ გუნდებში ესაიასმა მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი აქილევსის მყესი გაიწყვიტა და 26 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
3. გადარჩენის ინსტინქტი
ფეხბურთელის ხელფასის გარეშე ჰარვი ესაიასს ფინანსურად გაუჭირდა, ამ დროს კი რესტორანში ჭურჭლის მრეცხავის ვაკანსია გაჩნდა. ჰარვი ასევე მუშაობდა ცირკში, მონაწილეობდა ნახევრად ლეგალურ ორთაბრძოლებშიც. თუმცა ნელ-ნელა მისი ცხოვრება დალაგდა - რაღაც ეტაპზე ის ქალაქ სამორაში ანტიკვარიატის მაღაზიასა და ღამის კლუბს ფლობდა. ასე გაგრძელდა 3 წელი - ამ დროის განმავლობაში ჰარვის ფეხბურთთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
4. ნამდვილი მეგობრობა
ერთხელაც ჰარვიმ ძველ მეგობარს, კლარსენს ზეედორფს დაურეკა. ჩვეულებრივი ზარი მოულოდნელ ჭრილში გადავიდა, როდესაც კლარენსმა მას ჰკითხა, სურდა თუ არა „მილანში“ თამაში. „რა თქვა უნდა, ამაზე უარს ვინ იტყვის?!“ - ესაიასს თავი სიზმარში ეგონა.

ზეედორფმა ადრიანო გალიანისა და კარლო ანჩელოტის სთხოვა, ესაიასისთვის სინჯები მოეწყოთ. „აიაქსის“ აკადემიაში ეს ბიჭი ჩემზე ძლიერი იყო, ახლა კი მისი გაფორმება უფასოდ შეიძლება“ - არწმუნებდა ზეედორფი „მილანის“ ხელმძღვანელობას. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ნიდერლანდელის რეკომენდაციამ გაჭრა და 29 წლის ესაიასმა, რომელიც 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა, „მილანის“ მიწვევა მიიღო. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ - მეგობრის ხათრით ზეედორფმა თავისი დამსაქმებლები მოატყუა.
5. ნებისყოფა
„მილანის“ სამწვრთნელო შტაბი ვარჯიშებზე ჰარვი ესაიასის უნარებს გაეცნო და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: ამ ბიჭს რაღაც შეუძლია, მაგრამ ახლა სპორტსმენზე მეტად ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელს ჰგავს. ჰარვიმ მილანელოში ხუთი თვე გაატარა - ეს იყო გამოსაცდელი ვადა, რომლის დროსაც ესაიასს სათამაშო კონდიციები უნდა აღედგინა. ჰარვიმ ფსიქოლოგი დაიქირავა და გადაწყვიტა გაევლო დაჩქარებული საწვრთნელი კურსი, რომელიც საზღვაო ქვეითების მომზადების პროგრამას უფრო ჰგავდა.

ყოველდღე ჰარვი დილის 7 საათზე დგებოდა და დარბოდა, შემდეგ საუზმობდა და ისევ სარბენ ბილიკზე დგებოდა. ამის შემდეგ იყო ტრენაჟორები, ფიტნესი და ა.შ. - ესაიასი მხოლოდ საღამოს 10 საათზე თავისუფლდებოდა და დაუძლურებულს, მაშინვე ეძინებოდა. ფსიქოლოგი შიშობდა, რომ ესაიასს ნერვული აშლილობა დაემართებოდა, ჰარვი კი მუხლჩაუხრელად ვარჯიშობდა. შემდგომში ის ყვებოდა, რომ ყველაზე მეტად მაშინ ისევ ქუჩაში დაბრუნების და უმუშევრობის ეშინოდა. ბუნებრივია, მთელი ამ დროის განმავლობაში მას „მილანში“ არანაირი ხელფასი არ ჰქონია.
3 თვეში ჰარვიმ 15 კილოგრამი დაიკლო, შემდეგ კი სასწაული მოხდა - „მილანმა“ მას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა!
6. მომენტით ტკბობა
ჰარვი ესაიასმა ანჩელოტის ვარსკვლავურ გუნდში 2004-2005 წლების სეზონი გაატარა. ის ღრმა თადარიგის ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა 2005 წლის იანვარში მძიმე შრომა მაინც დაუფასდა - „პალერმოს“ წინააღმდეგ სათასო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ესაიასი „მილანის“ მაისურით მოედანზე გამოჩნდა (მასიმო ამბროზინი შეცვალა).

ჰარვი ბურთს მხოლოდ რამდენჯერმე შეეხო, თუმცა თითოეულ ეპიზოდს თან სდევდა „ნერაძურის“ გულშემატკივრების აპლოდისმენტები. როდესაც მან ფლანგზე ჩაირბინა და იონ დალ ტომასონს კარგი პასი გაუკეთა [დანიელს კი გოლამდე ცოტა დააკლდა], მთელმა „სან-სირომ“იქუხა. ასე მიაღწია ჰარვიმ თავის მიზანს: „ჩემი თავით ვამაყობდი. მნიშვნელოვანესი მისია შევასრულე და ყველას დავუმტკიცე, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია“. ბოლო საჩუქარი ჰარვის „მილანმა“ სეზონის ბოლოს გაუკეთა, როცა „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ფინალზე წაიყვანა - როგორც იცით, ის ფინალი სტამბულში „ლივერპულმა“ მოიგო.
2006 წლის ზაფხულში ესაიასმა „მილანი“ დატოვა, კიდევ რამდენიმე წელი იტალიის ქვედა ლიგებში ითამაშა და კარიერა დაასრულა. „მილანის“ ისტორიისთვის ის არავინ იყო, მისთვის კი „მილანი“ მთელი 5 თვის განმავლობაში მთელ ცხოვრებას ნიშნავდა. ეს არის ისტორია არა ჰარვი ესაიასზე, არამედ მეგობრობაზე, რომელიც ბავშვობიდან იწყება და არასოდეს მთავრდება.
„ჰარვისთვის ვარიანტებს დიდხანს ვეძებდით და ბოლოს ასეთი შანსი „მილანმა“ მისცა. მადლობას ვუხდი კლუბს, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს, რომ სიტყვაზე მენდნენ, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ეს მართლაც ცარიელი სიტყვები იყო. ჰარვის არავინ იცნობდა, თუმცა ახლა ეს არის განუმეორებელი საფეხბურთო და ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც ერთ რამეს გვასწავლის: არასოდეს შეწყვიტო ოცნება“ - ამბობს კლარენს ზეედორფი.
P.S. ის, რომ ესაიასი 1999 წელს „რეალის“ მეორე გუნდის ფეხბურთელი გახდა, შემთხვევითობა არაა. მაშინაც ჰარვის კლარენს ზეედორფმა უშუამდგომლა.