უმაღლესი დონე ყველა პოზიციაზე - როგორ დაიპყრო გულიტმა ევროპა
რუუდ გულიტი ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ანომალია იყო. მის გამოჩენამდე ასეთი ფეხბურთელი ნიდერლანდებში არავის უნახავს. მაღალი, ათლეტური და უშეცდომო - სურინამული წარმოშობის ნიდერლანდელი ფეხბურთელი სპრინტერის სიჩქარეს ელეგანტურ ტექნიკას უზავებდა.
საგულისხმოა, რომ გულიტის მიერ კარიერის დასრულებიდან ათობით წლის შემდეგაც მოედანზე მისი პოზიციის აღწერა შეუძლებელია - ლიბერო, ნახევარმცველი, გარემარბი, ფორვარდი - კარიერის სხვადასხვა ეტაპზე გულიტი ყველა ამ პოზიციაზე ბრწყინავდა. მას შემდეგაც კი, რაც „მილანთან“ და ნიდერლანდების ნაკრებთნ ერთად მან ნახევარმცველის პოზიციაზე საფეხბურთო ევროპა დაიპყრო, ფორმის პიკზე მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაბრუნება გადაწყვიტა.
„ფიზიკურად ისეთი ძლიერი იყო, რომ ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში“ - იხსენებს „მილანში“ გულიტის თანაგუნდელი რობერტო დონადონი, – „პირველად ის ბარსელონაში გამართულ ტურნირზე ვნახე, სადაც ის ლიბეროს (ბოლო მცველის) პოზიციაზე თამაშობდა. შემდეგ ის გახდა მარჯვენა გარემარბი, ნახევარმცველი, მეორე ფორვარდი...“
„გულიტი მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ყველა პოზიციაზე საუკეთესო იყო. განაპირა მცველი, ლიბერო, სტოპერი, ჩამშლელი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, გარემარბი, ფორვარდი - მას ყველაფერი შეეძლო“ - ამბობს პსვ-ს ყოფილი ფებხურთელი რენე ვან დერ გიპი.

რუუდ გულიტმა ამსტერდამის ქუჩის ფეხბურთის კულტურა პროფესიონალურ ფეხბურთის გადაიტანა, ხოლო ფიზიკური ძალისა და უნივერსალობის ხარჯზე „ოქროს ბურთის“ მოგებაც შეძლო. ჯორჯ ბესტი, რომელიც ფეხბურთში ყველაზე მეტად სანახაობასა და არტისტიზმს აფასებდა, რუუდის თამაშში ემოციურობას გამოარჩევდა. „გულიტს თამამი ქმედებების არ ეშინია. ის თამაშის თითოეული წამით ტკბება. ჩემი აზრით, ამის გამო ის დიეგო მარადონაზე უფრო ძლიერი ფეხბურთელია“.
ბესტის პოზიციას იზიარებს გულიტის თანამემამულე რონალდ კუმანიც: „80-იანი წლების ბოლოს იყო პერიოდი, როცა გულიტი და მარადონა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. თანაც ამ დონეს რუუდი არა რომელიმე ერთ, არამედ რამდენიმე პოზიციაზე აჩვენებდა“.
თუმცა, მარადონასთან შედარებამდე, „ოქროს ბურთის“ მოგებამდე და მთელ ევროპაში დომინირებამდე გულიტი ამსტერდამში მცხოვრები 16 წლის მცველი იყო, რომელიც „აიაქსის“ შეთავაზებას ელოდება, შემდეგ კი ექსცენტრულმა უელსელმა მწვრთნელმა მისი ცხოვრება შეცვალა.
პირველი ნაბიჯები
ბარი ჰიუზი უელსში დაიბადა, „ვესტ ბრომვიჩის“ აკადემია გაიარა, 23 წლის ასაკში კი ნიდერლანდებში გადაბარგდა. ფეხბურთელის კარიერა მალევე დაასრულა, მაგრამ სამწვრთნელო საქმიანობის უდიდესი ნაწილი ბელგია-ნიდერლანდებში გაატარა. სწორედ მან „გაჩარხა“ „ჰაარლემის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვენლოვანი ტრანსფერი: 1977 წელს უელსელი სპეციალისტი ჯორჯ და რია გულიტების ოჯახს ესტუმრა და მათი 15 წლის ვაჟი, რუუდი „ჰარლემში“ მიიწვია. ჯორჯ გულიტს იმედი ჰქონდა, რომ რუუდს „აიაქსის“ ლეგენდარული რინუს მიხელსი შეამჩნევდა და ამიტომ ჰიუზი უარით გაისტუმრა - „რუუდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ერთ წელიწადში მობრძანდით“.
უელსელ მწვრთნელს პასუხი მზად ჰქონდა - „ახლა 22 სექტემბერია, დილის 11 საათი. ზუსტად ერთ წელიწადში, 22 სექტემბერს, დილის 11 საათზე თქვენი სახლის კართან ვიდგები“.
ჰიუზმა შეამჩნია, რომ რუუდის დედას, რია გულიტს შვილის განათლების საკითხი უფრო აინტერესებდა, ამიტომ ერთ წელიწადში ჰიუზი შეცვლილი ტაქტიკით დაუბრუნდა: მან რუუდს ჰაარლემში კარგი სასწავლებელი მოუძებნა, რია გულიტმა მეუღლე დაარწმუნა, 16 წლის რუუდი კი „ჰაარლემის“ ფეხბურთელი გახდა.
ერთ წელიწადში გულიტის ოფიციალური დებიუტი შედგა - ის ერედივიზიეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. რუუდმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში: ლიბეროს პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა კარიერის პირველ დიდ უსიამოვნებას გადააწყდა - „ჰაარლემი“ ერედივიზიედან გავარდა.

მეორე სეზონში გულიტი შეტევაში გადაიყვანეს, სადაც მას დაცვაში თამაშისას მიღებული გამოცდილება გამოადგა. – „როგორც მცველმა, ვიცი, რას ელოდება მცველი შემტევისგან, ამიტომ ვცდილობდი, სწრაფად მემოქმედა და ბურთის მიღებისას მალევე დამერტყა კარისკენ: მიღება, ერთი შეხება, დარტყმა. ძალა საჭირო არაა, მთავარია ზუსტად კუთხეში დაარტყა. ჩემთვის მოულოდნელად, ძალიან ბევრი გოლი გამქონდა. ეს ძალიან მარტივი იყო“.
გულიტმა 14 გოლი გაიტანა და პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, „ჰაარლემი“ კი ელიტაში დაბრუნდა. მომდევნო სეზონში გულიტმა შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციაზე ისევ 14 გოლი გაიტანა. „ჰაარლემი“ უეფას თასზე გავიდა, მაგრამ გულიტი უკვე მზად იყო, უფრო დიდ დონეზე ეთამაშა.
მოსწავლისა და ოსტატის შეხვედრა
მამის ოცნების ასრულებისა და „აიაქსში“ გადასვლის ნაცვლად რუუდი „ფეიენოორდში“ გადავიდა, რომელმაც სეზონი „ჰაარლემზე“ ქვემოთ, მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. პირველ სეზონში გულიტმა 8 გოლი გაიტანა, „ფეიენოორდი“ კი ვიცე-ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა.
იოჰან კრუიფი, რომელსაც „აიაქსის“ შეთავაზება არ მოეწონა, მათი მოსისხლე მტრის, „ფეიენოორდის“ შეთავაზება მიიღო. 36 წლის კრუიფს პრესა კარიერის დასრულებისკენ უბიძგებდა, „ფეიენოორდი“ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და არავის ეგონა, რომ როტერდამელები „აიაქსს“ კონკურენციას გაუწევდნენ. მათ კრუიფი-გულიტის დუეტი არასათანადოდ შეაფასეს.
„იოჰანი 36 წლის იყო. ზოგ ეპიზოდში ვფიქრობდი - ახლა ბურთს წავართმევ, - მაგრამ არაფერი გამომდიოდა. წარმოიდგინეთ, 24 წლის ასაკში რა დონეზე თამაშობდა...“. გულიტი-კრუიფის „ფეიენოორდი“ მეტოქეებს უბრალოდ არ იმჩნევდა, შემდეგ კი „აიაქსთან“ გასვლითი მატჩის დღე დადგა.

ამსტერდამში კრუიფის დაბრუნება უარესი სცენარით ვერ წარიმართებოდა: 25-ე წუთისთვის ანგარიში 3:0 იყო, მაგრამ როტერდამელებმა შესვენამდე ორი ბურთი გაქვითეს და ინტრიგა გააცოცხლეს. „კურიოზული გოლი გავუშვით და ანგარიში 4:2 გახდა. ამის შემდეგ კი ნამდვილი კოშმარი დაიწყო. 2:8 წავაგეთ, მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ ამ მარცხის შემდეგ უფრო ძლიერები გავხდით. ვიცოდით, რომ კარგად თამაში შეგვეძლო. თითქმის ყველა დარჩენილი თამაში მოვიგეთ, მათ შორის „აიაქსთანაც“ - როგორც როტერდამში, ისე თასზე“.
10 წელიწადში პირველად „ფეიენოორდმა“ ჩემპიონატი, შემდეგ კი ნიდერლანდების თასიც მოიგო. გულიტი ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კრუიფი კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბარი ჰიუზი იხსენებდა: „ჰაარლემში“ გულიტის თანაგუნდელები პაბებში ათენებდნენ ღამეებს. „ფეიენოორდში“ ის კრუიფის გვერდით აღმოჩნდა, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა“.
ეინდჰოვენი და ტრავმები
მომდევნო სეზონი გულიტმა მიკროტრავმებთან ბრძოლაში გაატარა, შემდეგ კი სკანდალური ტრანსფერის დრო მის ცხოვრებაშიც დადგა - „ფეიენოორდიდან“ „პსვ ეინდჰოვენში“.
სეზონის სტარტზე პსვ „აიაქსს“ შეხვდა, რომელსაც უკვე კრუიფი წვრთნიდა. გულიტმა ანგარიში გახსნა, მესამე გოლისას ასისტი მიითვალა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2. სეზონის შუა ნაწილში რუუდმა დაცვის ცენტრში გადაინაცვლა, მეტოქის ფორვარდებს არ ასვენებდა, პარალელურად კი მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა. სეზონის ბოლო 4 მატჩი რუუდმა 9 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი ყოფილი გუნდის, „ფეიენოორდის“ კარში. პსვ-მ „აიაქსს“ 8 ქულით აჯობა და ბოლო 8 წელიწადში პირველი ჩემპიონობა იზეიმა. 23 წლის გულიტი ნიდერლანდების საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეორედ დასახელდა.

მომდევნო სეზონში 22 გოლი 37 მატჩში და კიდევ ერთი ჩემპიონობა. გულიტი ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად თამაშობდა: ნათელი გახდა, რომ ეინდჰოვენის დატოვების დრო იყო. პოზიციების ხშირი ცვლით გაბრაზებულმა რუუდმა ჟურნალისტებთან საუბარში მწვრთნელი, ჰანს კრააი გააკრიტიკა, მან კი კლუბს გულიტის გაყიდვა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი გადადგა: პსვ გუუს ჰიდინკმა ჩაიბარა. გულიტის ინტერვიუს სკანდალი მოჰყვა: პრესა წერდა, რომ რუუდი მილანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რის დამტკიცების შემთხვევაშიც „როსონერის“ უეფას მხრიდან სასჯელი ელოდა. მოულოდნელად პსვ-ს ოფისში სილვიო ბერლუსკონის ფაქსი მიიღეს: „ხვალ ეინდჰოვენში ჩამოვალ და ყველაფერზე შევთანხმდებით“. ტრანსფერის ოდენობამ 17 მილიონი გულდენი შეადგინა, რაც მაშინ მსოფლიო რეკორდი გახლდათ.
1987 წლის დეკებმერში გულიტმა „ოქროს ბურთი“ მიიღო, მეორე ადგილზე კი მისი თანამემამულე მარკო ვან ბასტენი გავიდა.
„გულიტი ნიდერლანდებში დაბადებული ფენომენია, რომელმაც ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა და 70-იანი წლების ტოტალურ ფეხბურთს 21-ე საუკუნისკენ გაუკვალა გზა. გუნდური მუშაობის, ტექნიკისა და შეუდარებელი არტისტიზმის შერყწმით, ის არის ერთდროულად ათლეტი, მოცეკვავე, ჯამბაზი და ჯადოქარი. გულიტს შეაქვს კრეატიულობა ფეხბურთში, რომელიც ერთ დროს მშრალ გათვლასა და ენერგიის დაზოგვაზე იყო ორიენტირებული“ - წერდა France Football-ი.

გულიტთან ერთად „მილანში“ ვან ბასტენი და კარლო ანჩელოტი მივიდნენ. დონადონისთან, პაოლო მალდინისთან და ფრანკო ბარეზისთან ერთად ახალმა მწვრთნელმა არიგო საკიმ რევოლუციური გუნდის შექმნა დაიწყო. პირველივე წელს მათ სკუდეტო მოიგეს, გულიტი კი მარჯვენა გარემარბად თამაშობდა.
1988 წლის ევროზე გულიტი ნაკრების კაპიტანი იყო, პირველ ტურში კი კუმანის, ვან ბასტენისა და ფრანკ რაიკაარდის გუნდი სსრკ-თან დამარცხდა, რის შემდეგაც მიხელსმა რუუდი გააკრიტიკა: „გულიტს თავისუფალი როლი ჰქონდა, მაგრამ საჭირო მომენტში ის გუნდს ვერ დაეხმარა“.
ინგლისის, ირლანდიისა და გერმანიის დამარცხების შემდეგ ფინალში ნიდერლანდებს კვლავ სსრკ-ს ნაკრები ელოდებოდა. გულიტმა თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა, ვან ბასტენმა კი ულამაზესი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. რუუდ გულიტი გახდა პირველი (და ჯერჯერობით უკანასკნელი) ნიდერლანდელი კაპიტანი, რომელმაც დიდი საერთაშორისო ტურნირის თასი აღმართა.
„მილანმა“ რაიკაარდიც იყიდა და ნიდერლანდული ტრიო საკლუბო დონეზეც შედგა. მათ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა თასი მოიგეს, თუმცა 1989 წელს, „სტიაუასთან“ ფინალი გულიტმა ტრავმირებულმა ითამაშა. „რეალთან“ პირველ ნახევარფინალში მენისკი დაიზიანა და მცირე ოპერაცია ჩაიტარა, რათა „სტიაუასთან“ ფინალში ეთამაშა, სადაც მან და ვან ბასტენმა დუბლები გაიფორმეს.
„მომდევნო სეზონში ტრავმა გამირთულდა და თითქმის მთელი წელი გამიცდა. ახლოს ვიყავი კარიერის დასრულებასთან, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული იყო“.
ფინალი
ფაბიო კაპელოს მისვლის შემდეგ „მილანში“ გულიტის გავლენა შემცირდა, გუნდმა 1993 წელს ჩემპიონთა თასის ფინალი „მარსელთან“ წააგო, რუუდი კი განაცხადს მიღმა დარჩა. ამას მოჰყვა იჯარა „სამპდორიაში“, სადაც 31 წლის გულიტმა 15 გოლი გაიტანა, „მილანში“ დაბრუნდა, თუმცა ტრავმის შემდეგ ძველ დონეზე ვეღარ თამაშობდა.
1995 წელს გლენ ჰოდლმა გულიტი „ჩელსიში“ წაიყვანა და დაცვაში გაამწესა, მაგრამ რუუდს გული შეტევისკენ მიუწევდა. „ბურთს ვიღებდი, წინ მივდიოდი, სივრცეს ვქმნიდი და მარჯვენა მცველს სივრცეში პასს ვაძლევდი, თუმცა მას ეს ბურთი არ უნდოდა. მწვრთნელმა მითხრა: კარგი იქნება, ამ ყველაფერს ნახევარდაცვაში თუ გააკეთებ“.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში გულიტს ერიკ კანტონამ აჯობა. ჰოდლმა ინგლისის ნაკრები ჩაიბარა, გულიტი კი 18 თვის განმავლობაში მოთამაშე-მწვრთნელი იყო. საკუთარი თავი მან ძირითადში 24-ჯერ ათამაშა, „ტოტენჰემს“ გაუტანა, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალში მწვრთნელის როლით დაკმაყოფილდა, „ლურჯებმა“ კი „მიდლსბროს“ მოუგეს.
მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის თებერვალში „ჩელსი“ პრემიერლიგის მეორე ადგილზე იყო, გულიტი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მან ასოციაციის თასის ფინალში „ნიუკასლი“ გაიყვანა. შემდეგ იყო მცირე ეპიზოდები „ფეიენოორდში“, „ლოს ანჯელეს გელექსიში“ და გროზნოს „ტერეკში“, გულიტმა კი დაასკვნა, რომ მწვრთნელობა მისი საქმე არ იყო.ა
„ხანდახან ამაზე მეცინება. არიან მწვრთნელები, რომლებსაც ტიტული არასოდეს მოუგიათ, მაგრამ ისინი მაინც მუშაობენ. „ჩელსიში“ პირველ სეზონში თასი მოვიგე, შემდეგ კი „ნიუკასლით“ ფინალი „მანჩესტერთან“ წავაგე. ხშირად მაკრიტიკებდნენ, რაც ჩემს ხასიათს უკავშირდება - სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი. ფეხბურთი კარგად მესმის და ვინმესთვის ამის მტკიცება არ მჭირდება“.
შესაძლოა, ფეხბურთი, როგორც იქნა, დაეწია ადამიანს, რომელიც მას ყოველთვის წინ უსწრებდა.