ჟოზეს კარიერის კატალონიური ეპიზოდი - დრო, როცა კამპ ნოუზე მოურინიო უყვარდათ
„დღეს, ხვალ და ყოველთვის - ბარსა ჩემს გულშია“ - კატალონიის მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მიმართავდა, „ბარსელონა“ კი 1997 წლის სამეფო თასის მოგებას ზეიმობდა.
34 წლის კაცი, რომელიც გულშემატკივრებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად გამოსვლას დაჰპირდა და მქუხარე ოვაციები დაიმსახურა, ჟოზე მოურინიო იყო. ეს დაუჯერებელი კადრებია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი „ომები“ ჰქონდა „ბარსელონასთან“ მოურინიოს „ჩელსიში“, „ინტერში“ და მადრიდის „რეალში“ მუშაობისას, სადაც 63 წლის პორტუგალიელი სულ ცოტახნის წინ დაბრუნდა.
კარიერის სტარტზე მოურინიომ „კამპ ნოუზე“ ოთხი სეზონი გაატარა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მწვრთნელად. „ძალიან გამიმართლა, რომ „ბარსელონაში“ ვიმუშავე. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობაში საუკეთესო უნარები უნდა გამოავლინო. ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს დიდი გამოწვევაა. ბევრს ვშრომობდი, მაგრამ მათგანაც ბევრს ვიღებდი“.
ხშირია მოსაზრება, რომ მოურინიო „ბარსელონაში“ ბობი რობსონის თარჯიმნად აიყვანეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „თარჯიმანი? ეს სრული სისულელეა. მე ვიყავი მეკარეების მწვრთნელი, ანალიტიკოსი, სკაუტი... ვეხმარებოდი მწვრთნელს სპორტდარბაზში... გუნდისა და რობსონისთვის ყველაფერს ვაკეთებდი“ - იხსენებს მოურინიო.
რამდენიმე პრესკონფერენციაზე ჟოზე რობსონის თარჯიმნის როლში მართლაც მოგვევლინა, თუმცა კლუბში მალევე მიხვდნენ, რომ მოურინიო ესპანურად იმას არ ლაპარაკობდა, რაც მანამდე რობსონს ინგლისურად ჰქონდა ნათქვამი. 63 წლის ბრიტანელს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარდა, მოურინიო კი რობსონის ყველა სხვა ასისტენტზე მეტად იწევდა საჯაროობისკენ.

„ბარსელონაში“ თამაშობდნენ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები პეპ გუარდიოლა და ლუის ენრიკე, ბულგარელი ფორვარდი ხრისტო სტოიჩკოვი, პორტუგალიელი ვარსკვლავი ლუიშ ფიგუ და ბრაზილიელი ახალწვეული რონალდო. „ბარსას“ მაშინდელი ფეხბურთელი ოსკარ გარსია, რომელიც შემდეგ „ბრაიტონსა“ და „უოტფორდს“ წვრთნიდა, ამბობს, რომ მოურინიო რობსონის ასისტენტი იყო. „შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟოზე ძალიან ჭკვიანი და კარგად მომზადებული სპეციალისტი იყო. ეტყობოდა, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა“.

ჟოზე ხშირად ხვდებოდა ტელეკადრში მატჩების დროს, აქტიურად აპროტესტებდა მსაჯების გადაწყვეტილებებს, ეკამათებოდა მეტოქეების მწვრთნელებს. პირველ 14 მატჩში „ბარსამ“ მხოლოდ ერთხელ, ბილბაოში წააგო, თუმცა ბევრი ექსპერტი და გულშემატკივარი კვლავ იოჰან კრუიფის წასვლას „მისტიროდა“. კრუიფის წასვლამ „ბლაუგრანას“ ფანებს შორის „სამოქალაქო ომი“ გააჩაღა, ვინაიდან რობსონი უფრო ვერტიკალური და ფიზიკურ მომზადებაზე აქცენტირებული ფეხბურთის მოყვარული იყო. პირველ თვეებში მასსა და მოურინიოს არაერთი კრიტიკული სტატია მიუძღვნეს, პორტუგალიელს კი დამცირების მიზნით „თარჯიმნად“ მოიხსენიებდნენ.
„ბარსელონამ“ სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო, ლა ლიგაში კი „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩა. პრეზიდენტმა ხოსეპ ნუნიესმა რობსონი კონსულტანტად დანიშნა, მწვრთნელის თანამდებობაზე კი ლუი ვან გაალი მოიწვია, რომელიც კრუიფის საქმის გამგრძელებელი უნდა ყოფილიყო.
ჟოზე და ვან გაალი
„რობსონის გათავისუფლებამ ჟოზე ძალიან გააბრაზა“, - იხსენებს ფრანს ჰოკი, რომელიც იმავე ზაფხულში „ბარსას“ მეკარეების მწვრთნელად დაინიშნა. თუმცა ვან გაალთან საუბრის შემდეგ მოურინიომ დარჩენა გადაწყვიტა - მას მეტოქეების შესწავლა და მატჩების დროს „ბარსას“ თამაშის გაანალიზება დაევალა. „ჟოზე ტრიბუნაზე იჯდა და ტელეფონით მესაუბრებოდა. პირველივე მატჩებიდან ნათელი გახდა, რომ ის მეტოქეების შესწავლას კარგად ართმევდა თავს“ - ამბობს ჰოკი.
ოსკარ გარსია ხაზს უსვამს, რომ მოურინიომ ძალიან სწრაფად აითვისა ის იდეები, რომელთა დანერგვაც გუნდში ვან გაალს სურდა - „ჟოზე ღრუბელივით ისრუტავდა ინფორმაციას. რამდენიმე კვირაში ისე გაიწაფა, თითქოს „აიაქსის“ ფილოსოფიას წლების განმავლობაში სწავლობდა“.
ჰოკის თქმით, ჟოზემ გააკვირვა თავისი ნიდერლანდელი კოლეგები, როცა ეჭვქვეშ აყენებდა მათ იდეებს და სანაცვლოდ საკუთარ ინიციატივებს აჟღერებდა - „რობსონი მენეჯერი იყო, ლუი კი მასწავლებელი. ვან გაალს მოსწონდა, როცა ვინმე მის სათამაშო გეგმაში შეცდომებს ეძებდა და გაუმჯობესების გზებს სთავაზობდა“. ამასობაში, მოურინიომ სამწვრთნელო გამოცდილება დააგროვა და დაუახლოვდა „ლა მასიას“ პერსპექტიულ ფეხბურთელებს.
„მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან დაგვეხმარა, - იხსენებს ჩავი ერნანდესი, – ხანდახან ვან გაალი მას დუბლების ვარჯიშებს ატარებინებდა. პოზიციური თამაში, ბურთის ფლობა, მოკლე პასი - ამ ყველაფერზე მოურინიოსთან ერთად ვმუშაობდით“.
გარდა ამისა, ვან გაალმა ჟოზეს სრული კარტბლანში მისცა მთავარი გუნდის რამდენიმე მატჩში, მათ შორის სეზონისწინა ამხანაგურ მატჩებში და კატალონიის თასზე.

„მთელი დღის განმავლობაში, მატჩამდე, შესვენებაზე და მატჩის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ჟოზე იყო. ის ბუნებით ლიდერი იყო, გასაგებად გადმოსცემდა საკუთარ იდეებს და იმას, თუ რა ასპექტები იყო გასაუმჯობესებელი“, - ამბობს ფრანს ჰოკი. მიუხედავად ამისა, ჟოზე ამბობდა, რომ ბევრი მას სათანადოდ არ აფასებდა. „მეტ პატივისცემას ვიმსახურებ, მაგრამ ეს ვან გაალს არ ეხება. პირველივე დღიდან ის ჩემი მუშაობით სრულიად კმაყოფილია“ - თქვა მოურინიომ 1998 წელს Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.
ჟოზე დაუმეგობრდა თავის თანატოლ ფეხბურთელებს, მათ შორის გუარდიოლასა და ენრიკეს, რაც ძალიან მოსწონდა ვან გაალს. დროთა განმავლობაში მოურინიოს როლი სულ უფრო იზრდებოდა. „ბარსამ“ ორჯერ მოიგო ჩემპიონატი, თითოჯერ სამეფო თასი და ესპანეთის სუპერთასი, თუმცა 1999-2000 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა და ვან გაალს კარისკენ მიუთითეს.
„ბარსელონას“ დატოვება
მოურინიოს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი რჩებოდა, მაგრამ წასვლა გადაწყვიტა. კატალონიაში გატარებული წლები პორტუგალიელისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც პროფესიონალური კუთხით, ისე პირად ცხოვრებაში - 1996 წელს მას პირველი შვილი, მატილდა შეეძინა.
„ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რათა მეჩვენებინა ყველასათვის, რომ ამ დონეზე ყოფნას ვიმსახურებდი. ჩემი კარიერისთვის ვიბრძოდი“, - იხსენებს მოურინიო.

2005 წლის თებერვალში მოურინიო პირველად დაბრუნდა „კამპ ნოუზე“ მწვრთნელის რანგში. ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი „ჩელსიმ“ 1:2 წააგო, ჟოზემ კი განაცხადა, რომ მსაჯი ანდერს ფრისკი „ბარსას“ მაშინდელი მწვრთნელის, ფრანკ რაიკაარდის გავლენის ქვეშ მოექცა. რაიკაარდმა და უეფამ ბრალდებები უარყვეს, მაგრამ ფრისკმა მუქარის წერილები მიიღო და ერთ თვეში სამსაჯო კარიერაც დაასრულა. „ახლაც ასე მოვიქცეოდი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემმა გუნდმა შედეგს მიაღწიოს“ - გულახდილად ამბობს ჟოზე.
ასეთი სკანდალის მიუხედავად მოურინიომ ბარსელონელ ნაცნობებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. 2008 წლის დასაწყისში, როდესაც ჟოზე უკვე უმუშევარი იყო, „კამპ ნოუზე“ რაიკაარდის დრო კი იწურებოდა, ჟოზე პორტუგალიაში „ბარსას“ დირექტორებს - მარკ ინგლასა და ჩიკი ბეგირისტაინს შეხვდა და წარუდგინა დეტალური პრეზენტაცია, თუ რა ცვლილებები სჭირდებოდა „ბარსელონას“. მიუხედავად ამისა, ჟოან ლაპორტამ კრუიფის რჩევა გაითვალისწინა და რაიკაარდი გუარდიოლათი ჩაანაცვლა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთი სეზონი „ბარსას“ დუბლებში ემუშავა. „ეს რთული გადაწყვეტილება იყო. დირექტორთა საბჭოში მოურინიოს კანდიდატურას ბევრი უჭერდა მხარს“, - იხსენებს ლაპორტა.
მოურინიო ყოველთვის უარყოფდა, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელობა სურდა. „კლუბის მაღალი თანამდებობის პირმა სიტუაციის გაანალიზება მთხოვა. რთულ დღეში იყვნენ და ეს თხოვნა შევუსრულე. თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა“, - განაცხადა მოურინიომ 2022 წელს Movistar-ის ეთერში.
„ბარსელონასადმი“ მოურინიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა იმ ფაქტმა, რომ 2008 წელს ის მწვრთნელად არ დანიშნეს, - ამბობს ერთ-ერთ ყოფილ დირექტორთან დაახლოებული წყარო, - სიყვარული სიძულვილმა ჩაანაცვლა“.
ორი წლის შემდეგ მოურინიოს „ინტერმა“ გუარდიოლას „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებმა „კამპ ნოუზე“ ერთ საათზე მეტი 10 ფეხბურთელით ითამაშეს.
ჟოზე მადრიდში
მადრიდში სამწლიანი მუშაობის დროს მოურინიოს მთავარი თავსატეხი ჩავის, ანდრეს ინიესტას და ლიონელ მესის ფიზიკური და ტაქტიკური ნეიტრალიზება იყო.

ამ დრამატული და დაძაბული პერიოდის პიკი იყო ესპანეთის სუპერთასის მატჩი, როდესაც მოურინიომ გუარდიოლას ასისტენტს, ტიტო ვილანოვას თვალში თითი ჩაარტყა და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
„მაშინაც კი, როდესაც ჟოზე „რეალს“ წვრთნიდა, ჩვენ ყოველთვის ვესალმებოდით ერთმანეთს და ხანმოკლე საუბარიც გვქონდა ხოლმე. თუმცა ის, რაც ტიტოს შემთხვევაში მოხდა, სამწუხარო იყო. ჟოზემ ზღვარი გადაკვეთა“, - ამბობს Athletic-თან საუბარში „ბარსასთან“ დაახლოებული წყარო.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდიდან წასვლის შემდეგ მოურინიო და მისი ბარსელონელი მეგობრები კვლავ ინარჩუნებენ კავშირს. მაგალითად, 2017 წელს ჟოზეს „მანჩესტერი“ აშშ-ში ამხანაგურ მატჩში „ბარსელონას“ შეხვდა და ძველმა ნაცნობებს შორის საკმაოდ თბილი საუბარი შედგა.
ფრანს ჰოკი ამბობს, რომ 63 წლის ჟოზე მოურინიოს დაბრუნება მადრიდში ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან ბოლო სეზონებში განცდილი წარუმატებლობების შემდეგ პორტუგალიელი კვლავ შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი ჩამოწერა ჯერ კიდევ ადრეა:
„ვიცნობ ჟოზეს ხასიათს. მას ნამდვილად სურს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ წარმატების მიღწევა ისევ შეუძლია. ეს კი ფანტასტიკური მოტივაციაა, ვინაიდან ამ პოზიციაზე მუშაობას განსაკუთრებული ენერგია სჭირდება“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს