60 სიგარეტი დღეში და 18 ყვითელი ერთ სეზონში - ვალტერ ფროშის ისტორია
ვალტერ ფროში გერმანული ფეხბურთისთვის საკულტო სახელია - არა იმიტომ, რომ ფრანც ბეკენბაუერის ან კარლ-ჰაინც რუმენიგეს დონის ტალანტი იყო. მას სულ სხვა მიზეზების გამო იცნობდნენ - ფროში მწვავე განცხადებებით, ექსცენტრული ქცევითა და დაუნდობელი, უხეში ვარდნებით გამოირჩეოდა.
როგორც ნამდვილ საფეხბურთო როკ-ვარსკვლავს შეეფერებოდა, ვალტერ ფროში დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა და პაბების ხშირი სტუმარი იყო - მისივე თქმით, ალკოჰოლი მისი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე იყო.

ცხოვრების ასეთი წესის მიუხედავად, გერმანელ მცველს საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა. ფროშის საფეხბურთო გზა ასეთი იყო: 61 მატჩი ბუნდესლიგაში. 63 - მეორე ბუნდესლიგაში, 55 - ობერლიგაში და 10 - გერმანიის თასზე.
კონტრაქტი ერთდროულად ორ კლუბთან
1969-70 წლების სეზონის შემდეგ ბილეფელდის „არმინიას“ 19 წლის მცველი ვალტერ ფროში „ალზენბორნში“ გადავიდა, რომელიც სამხრეთ რეგიონულ ლიგაში ასპარეზობდა. ოთხი სეზონის განმავლობაში ფროში ამ კლუბში თამაშობდა, 1974 წლის ზამთარში კი ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კაიზერსლაუტერნის“ ფეხბურთელი გახდა. მალევე 23 წლის ფროშმა გაიგო, რომ მისით „ბაიერნიც“ ინტერესდება და კონტრაქტი მიუნხენელებთანაც გააფორმა.
„ბაიერნის“ პირველ ვარჯიშზე ფროშსსა და მწვრთნელ უდო ლატეკს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
- რატომ არ აწვდი მარცხენა ფეხით?
- არც სხვები აწვდიან.
- თუ ვარჯიში არ გინდა, შეგიძლია შხაპი მიიღო.
- კარგი, წავედი.
თუმცა „ბაიერნში“ ფროშის კარიერა არა ამ დიალოგმა, არამედ იმ ფაქტმა ჩაშალა, რომ ფეხბურთელს ერთდროულად ორ გუნდთან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება. საქმეში გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერია. ჩინოსნები კონტრაქტებს სწავლობდნენ, ფროში კი ამ დროს ესპანეთის სანაპიროზე ნებივრობდა. საბოლოოდ, მცველს 4-თვიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს, რის შემდეგაც „კაიზერსლაუტერნში“ დაბრუნება დაავალდებულეს.

სანაძლეო თანაგუნდელებთან და სიხისტე მოედანზე
„კაიზერსლაუტერნში“ ვალტერ ფროშმა მხოლოდ ორი სეზონი დაჰყო, თუმცა სკანდალური ისტორიების გარეშე არც ამ ორ წელიწადს ჩაუვლია. მწვრთნელი ერიხ რიბეკი ფროში თვლიდა, რომ ფროში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცუდ მაგალითის აძლევდა.
„შალკესთან“ მატჩის წინ ფროში ღამის 3 საათამდე პაბში ილხენდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს სანაძლეო შესთავაზა: 400 მეტრი სირბილი, გამარჯვებულს კი 10 ლიტრი ლუდი. რა თქმა უნდა, სანაძლეო ფროშმა მოიგო, მომდევნო დილით კი ერიხ რიბეკთან საუბარში თვალების სიწითლე „კონიუნქტივიტს“ დააბრალა. „შალკესთან“ მატჩში მას გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ერვინ კრემერსი უნდა აეყვანა, რასაც ფროშმა შემდეგნაირად გაართვა თავი:
„პირველ წუთებში სარეკლამო ბანერს სამჯერ ისე მივანარცხე, რომ მისთვის მატჩი დასრულდა - კრემერსი მე-18 წუთზე შეცვალეს. ჩვენი გულშემატკივრები ზეიმობდნენ და ჩემს სახელს სკანდირებდნენ“.
1976 წელს ფროში „კაიზერსლაუტერნიდან“ „სანქტ-პაულიში“ გადავიდა, სადაც მოგვიანებით კლუბის ლეგენდად იქცა.
ყვითელი ბარათები
„სანქტ-პაულისთან“ ერთად ვალტერ ფროშმა პირველ და მეორე ბუნდესლიგებში ითამაშა და გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. თანაგუნდელებთან მას ასევე ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა. „ჰამბურგთან“ მოგებულ დერბის ფროში ასე იხსენებს - „მატჩის შემდეგ არა ერთი, არამედ 8 დღე ვსვამდით“.
„ვარდნების მეფის“ გამო (როგორც მას „სანქტ-პაულიში“ უწოდეს) გერმანიის საფეხბურთ კავშირმა ოთხი ყვითელი ბარათის შემდეგ ერთმატჩიანი ავტომატური დისკვალიფიკაცია შემოიღო. 1976-77 წლების სეზონში ფროშმა 37 მატჩში 18 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე ფროში ამბობდა: „უნიონ ზოლინგენთან“ და „ვაკერ 04“-თან თითო ყვითელი ბარათი უნდა მივიღო, რის შემდეგაც 20 გაფრთხილება დამიგროვდება. ეს ხომ მრგვალი რიცხვია?“
დასახული ამოცანა ფროშმა ვერ შეადგინა, თუმცა მომდევნო სეზონიდან ყოველი 4 გაფრთხილების შემდეგ ფეხბურთელს ერთი მატჩის გამოტოვება უწევდა.

1995 წელს ფროში ერთ-ერთ ინტერვიუში ძველ დროს ნოსტალგიით იხსენებდა: „ახლა ერთი ფეხბურთელის წაქცევისთვის მოედნიდან გაგდებენ, ადრე კი სამი ფეხბურთელის წაქცევას ვასწრებდი“.
„არასოდეს დანებდე“
ვალტერ ფროშის კარიერა 1985 წელს დასრულდა, მაგრამ 2007 წელს ის კვლავ გახდა პოპულარული, როდესაც ვეტერანების ერთ-ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობდა. სწორედ მაშინ ჩაიწერა „ვირუსული“ ინტერვიუ, რომელსაც YouTube-ზე უკვე 18 მილიონი ნახვა აქვს.
- სიგარეტს ხომ არ მოწევდი?
- მოგვიანებით.
- მაშინ რატომ გაქვს გეტრში სიგარეტის კოლოფი?
- ძალიან სწრაფად შემიყვანეს და ამოღება ვერ მოვასწარი.
ვალტერ ფროში საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მას გერმანიის ფედერაციური რესპუბლიკის მეორე ნაკრებშიც კი იწვევდნენ, რომელიც პირველი ნაკრებისთვის ერთგვარ ტრამპლინად ითვლებოდა, თუმცა მან უარი თქვა: „ვალტერ ფროში მხოლოდ პირველ ნაკრებში ან მსოფლიოს ნაკრებში თამაშობს“.
1996 წელს ფროშს ყელის კიბო დაუდგინდა. „სანქტ-პაულის“ ლეგენდამ რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, 111 დღე ხელოვნურ კომაში იყო. ფროში 2013 წელს გარდაიცვალა. „ვალტერი დაუვიწყარია“ - ასეთი ბანერით მიაგეს პატივი „სანქტ-პაულის“ ქომაგებმა კლუბის ლეგენდას. უფრო ზუსტი სიტყვების შერჩევა ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.