რა დაემართა ფრედი ადუს - რატომ ვერ ითამაშა ვუნდერკინდმა დიდი ფეხბურთი
Aa
Aa

რა დაემართა ფრედი ადუს - რატომ ვერ ითამაშა ვუნდერკინდმა დიდი ფეხბურთი

ფრედი ადუ 14 წლის იყო, როცა ის MLS-ის სუპერდრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს, თუმცა ამერიკელი ვუნდერკინდის შემდგომი კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ეს ყველას წარმოედგინა.

აღმოჩენა

ფრედის ვიღაც მხარზე შეეხო. მოზარდი მიტრიალდა, ნაცნობი სახე დაინახა და გაკვირვებულმა იკითხა - „რა ხდება? რა უნდა აქ პელეს?“

ის, რაც ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული მოზარდის სიზმარს ჰგავდა, ფრედის რეალურ ცხოვრებაში გადახდა თავს. ფეხბურთის მეფე მასთან შესახვედრად იყო მისული.

ბევრი გულშემატკივარი ადუს Football Manager-ის თამაშიდან იცნობს, თუმცა მისი ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. 2004 წლის მარტში ნატურალიზებული ამერიკელის შესახებ მთელმა ქვეყანამ შეიტყო, როდესაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი სპორტსმენი, რომელმაც პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. 14 წლის ფრედი „დი სი იუნაიტედმა“ გაიფორმა და ბიჭუნა მთელი MLS-ის ღირსშესანიშნაობად იქცა.

ამერიკულ მედიაში ადუს „შემდეგი პელე“ უწოდეს - ასე რომ, ბრაზილიელი ლეგენდა ერთ-ერთი სარეკლამო რგოლის გადასაღებ მოედანზე თავის „მემკვიდრეს“ შეხვდა. მეტიც, ტექნიკური უნარების შეჯიბრში ადუმ პელეს აჯობა.

მოზარდი ამერიკული ფეხბურთის ახალი კაშკაშა იმედი იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა დაეპყრო. თუმცა, გადავხტეთ 20 წლით წინ: „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ვარჯიშები ბრაზილიის, სერბეთის და სკანდინავიური ქვეყნების ქვედა ლიგებში ასპარეზობით დასრულდა.

„ფრედიმანია“

ადუ 1989 წელს განის ქალაქ ტემოში დაიბადა და ფეხბურთის თამაში ფეხშიშველმა, ქვიან უსწორმასწორო მიწაზე დაიწყო, სადაც მასზე უფროს და ფიზიკურად ძლიერ ბიჭებს უპირისპირდებოდა - ამ რთულ პირობებში ფრედიმ ბურთის კონტროლი დახვეწა.

მის ოჯახს ღარიბი არ ეთქმოდა, მაგრამ უკეთესი ცხოვრებისკენ ისინიც ისწრაფოდნენ. 1997 წელს მათ „მწვანე ბარათის“ ლატარეა მოიგეს და აშშ-ში ცხოვრების უფლებაც მიიღეს. ვაშინგტონში გადაბარგებულმა 8 წლის ადუმ თავისი კლასელის გუნდში ერთი თამაში ჩაატარა, სადაც ის შტატის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული გუნდის, Potomac Cougars-ის მწვრთნელმა შეამჩნია.

ფრედის დედამ მილანის „ინტერის“ სკაუტები უარით გაისტუმრა, 10 წლის ადუ კი ფლორიდაში, IMG Academy-ში გაუშვა, სადაც ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ამზადებდნენ. ფრედიმ თავისი შესაძლებლობები იქაც აჩვენა და MLS-ის გუნდის შეთავაზებაც მიიღო.

2004 წელს „დი სი იუნაიტედმა“ „დალას ბერნისგან“ დრაფტის პირველი არჩევანის უფლება იყიდა - ფრედი ადუ ვაშინგტონურ გუნდში ჩაირიცხა. 

„2004 წელს MLS-ში რთული ვითარება იყო. ლიგას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, იკლებდა ფეხბურთის პოპულარობა... მოულოდნელად გამოჩნდა ფენომენი, რომელსაც ყველა ახალ პელეს უწოდებდა. ლიგის ხელმძღვანელობა უზომოდ ბედნიერი იყო“ - იხსენებს „დი სი იუნაიტედის“ მაშინდელი კაპიტანი რაიან ნელსენი.

კლუბს მაშინ აკადემია არ ჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფრედის პირდაპირ მთავარ გუნდში უნდა ეთამაშა. პატარა ბიჭის მიმართ არსებული ინტერესი საფეხბურთო წრეებს გასცდა: ადუს ლებრონ ჯეიმსს, ტაიგერ ვუდსსა და მაიკლ ჯორდანს ადარებდნენ, MLS-ი კი არ ჩერდებოდა.

„მაშინ „ნიუ-იორკ მეტროსტარსში“ ვთამაშობდი და ამ სიტუაციას ბიზნესის კუთხით ვუყურებდით: ფრედის ბილეთების გაყიდვა და ფართო მასებში ფეხბურთისადმი ინტერესის გაღვივება შეეძლო“ - იხსენებს აშშ-ის ნაკრების ლეგენდა ალექსი ლალასი.

ადუ ამისთვის მზად იყო. საფეხბურთო ნიჭის გარდა მას კამერების წინაშე მუშაობის ნიჭიც აღმოაჩნდა. ყველაფერი, რასაც ფრედი აკეთებდა, ახალ ამბებში ხვდებოდა. ფრედიმ გააბა ურთიერთობა პოპ-ვარსკვლავ ჯოჯოსთან, ცნობილი ბრენდები კი მასთან სარეკლამო კონტრაქტების გასაფორმებლად ერთმანეთს ასწრებდნენ. ადუმ Nike-სთან მილიონდოლარიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა და დევიდ ბოუისთან ერთად ნიუ-იორკში Audi-ს ღონისძიებას დაესწრო. 

„ერთხელ ვარჯიშზე MLS-ის წარმომადგენლები მოვიდნენ და ფრედი წაიყვანეს. ოლიმპიელ მძლეოსანს, მაიკლ ჯონსონს მასთან ინდივიდუალური ვარჯიშის ჩატარება სურდა. ჩვენ კი ვიდექით და ვუყურებდით, როგორ ვარჯიშობდა ფრედი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ოლიმპიელთან. ეს სიგიჟე იყო, მაგრამ ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა“ - იხსენებს რაიან ნელსენი.

მოედნის მიღმა განვითარებული მოვლენები ფრედის თამაშზე უარყოფითად არ აისახებოდა. მან რეგულარული ჩემპიონატის 30-ვე მატჩში ითამაშა [როგორც წესი, ცვლილებაზე გამოდიოდა], გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე პასიც მიითვალა. „დი სი იუნაიტედი“ პლეიოფში გავიდა და MLS-ის თასის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. ადუმ ამ წარმატებაში მოკრძალებული როლი ითამაშა, მაგრამ დედაქალაქელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ნიუ ინგლენდ რევოლუშენს“ მოუგეს, სუპერფინალში კი „კანზას სიტი“ დაამარცხეს.

ფრედი ჯერ კიდევ 15 წლის იყო, მაგრამ სათამაშო დროის გაზრდა მოითხოვა და მომდევნო სეზონში მწვრთნელთან ურთიერთობებიც დაეძაბა.  ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფრედი არა გუნდზე, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, რაც, მისი ასაკიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ იყო. აშშ-ის ნაკრებში გამოძახებამ და „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მოხვედრამ აჩვენა, რომ ფრედი ადუ სწორ გზაზეა, მაგრამ ვაშინგტონური კარიერის მესამე სეზონში დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

„ფრედი შემტევი იყო, მაგრამ მას პრესინგში ჩართვას სთხოვდნენ. შესაძლოა, ნეგატიური როლი მისმა გარემოცვამაც ითამაშა. საბოლოო ჯამში ფრედის მწვრთნელებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა გაუფუჭდა“ - ამბობს Washington Post-ის ჟურნალისტი სტივენ გოფი, რომელიც მაშინ „დი სი იუნაიტედზე“ წერდა.

ადუ „სოლტ-ლეიკში“ გადავიდა, რომელსაც მისი ძველი ნაცნობი ჯონ ელინჯერი წვრთნიდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადუ მეტ სათამაშო დროს მიიღებდა და ევროპაში გადასვლას შეეცდებოდა, რაც კლუბს ფინანსურ სარგებელს მოუტანდა. ფრედიმ ორი კვირა ივარჯიშა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რათა 18 წლის ასაკში „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებულიყო და სრულფასოვანი კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა ვერ მოხიბლა. საბოლოოდ, 2007/08 წლების სეზონის წინ ადუ 2 მილიონ დოლარად „ბენფიკამ“ იყიდა.

ევროპა

სადებიუტო მატჩში ადუს გვერდით რუი კოშტა და დავიდ ლუისი თამაშობდნენ, ამერიკელმა ვუნდერკინდმა კი 53 წუთში ვერაფერი აჩვენა. ვერც მომდევნო მატჩებში - სულ იმ სეზონში ფრედიმ პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ 143 წუთი ითამაშა.

„მახსოხს, დავურეკე და მოვიკითხე. ფრედიმ მითხრა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში სურდა. მე ვუთხარი, რომ ჯერ „ბენფიკაში“ კარგ თამაშზე მოეხდინა კონცენტრირება, მაგრამ, როგორც ჩანს, ფრედის გარემოცვამ მის მენტალიტეტს დიდი ზიანი მიაყენა“ - ამბობს რაიან ნელსენი.

შემდეგ სეზონში ფრედიმ ოთხი იჯარა მოიარა (მონაკო, ბელენენსეში, არისი, რიზესპორი). ყველგან ერთი და იგივე სცენარი მეორდებოდა: ტრანსფერი, სახელის მოხვეჭის მცდელობა და უთამაშებლობა. მეოთხე იჯარის დროს, თურქეთის მეორე ლიგის კლუბ „რიზესპორში“ ფრედიმ 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა და მოულოდნელად 2011 წლის „ოქროს თასზე“ აშშ-ის ნაკრებში მოხვდა. ფრედი ნახევარფინალში პანამასთან მატჩში ცვლილებაზე შევიდა და გამარჯვების გოლი შექმნა, ფინალში კი მექსიკასთან ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. აშშ 2:4 დამარცხდა, მაგრამ ამერიკელი გულშემატკივრების იმედების გასაცოცხლებლად ეს სრულიად საკმარისი იყო.

„ოქროს თასს“ მოჰყვა ადუს ტრანსფერი „ფილადელფია უნიონში“, მაგრამ „ფრედიმანია“ წარსულში დარჩა. ფილადელფიაში 39 მატჩის შემდეგ ადუმ ბრაზილია და სერბეთი მოიარა, სადაც ჯამში 5 მატჩი ჩაატარა.

„ფრედის ტრანსფერი კლუბის მფლობელმა მოგვახვია თავს“ - იხსენებს ფინური „კუპსის“ მწვრთნელის ასისტენტი ტერო ტაიპალე. ზოგადად, ადუს კარიერაში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა: კლუბის მარკეტინგის განყოფილებამ იცოდა, რომ ტრანსფერი პიარის თვალსაზრისით მომგებიანი იყო, მწვრთნელების აზრი კი არავის აინტერესებდა. - „თავიდან ის ყველასთან თავაზიანი და ზრდილობიანი იყო, თუმცა ჩვენ მკაცრი მწვრთნელი გვყავდა: თუ ვარჯიშზე ბოლომდე არ დაიხარჯებოდი, ვერ ითამაშებდი. ფრედის მოკლე დროში სათამაშო ფორმა უნდა აღედგინა. ალბათ, მას ეგონა, რომ ფინეთში თამაში უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ადუს მოტივაცია დააკლდა“ - ესეც ტერო ტაიპალეს სიტყვებია.

„ჩემი აზრით, ფრედიმ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმიტომ ვერ აჩვენა, რომ 14-16 წლის ასაკში ბოლომდე დახარჯვა ვერ ისწავლა. ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებდა, მიუხედავად იმისა, მოვიგებდით თუ წავაგებდით, დიდ წარმატებად ითვლებოდა. მედიამ მას „დათვური სამსახური“ გაუწია, ფრედიმ კი წარუმატებლობასთან გამკლავება ვერ ისწავლა. მან არ იცოდა, როგორ უნდა ესწავლა თავის შეცდომებზე, ხოლო ამის გარეშე პროგრესი შეუძლებელია“ - ამბობს რაიან ნელსენი.

ეს არ არის უნიკალური შემთხვევა - ფრედი არ ყოფილა პირველი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. თუმცა ასეთია ფრედი ადუს მემკვიდრეობა: ის არ გახდა „შემდეგი პელე“, მაგრამ მისი ისტორიის მაგალითზე შეგვიძლია იმის სწავლა, თუ როგორ არ უნდა მოვეპყროთ ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტრავმების გამო შეწყვეტილი სიმფონია - ტომაშ როსიცკის უიღბლობის ამბავი
    ტრავმების გამო შეწყვეტილი სიმფონია - ტომაშ როსიცკის უიღბლობის ამბავი