ესკობართან მეგობრობიდან მორიელის დარტყმამდე - რენე იგიტას ისტორია
კოლუმბიელი რენე იგიტა საჯარიმოს გარეთ ჯერ კიდევ მაშინ გამოდიოდა, როცა ამას მისი პოზიციის ფეხბურთელებს არ სთხოვდნენ. ბავშვობაში რენეს ზუსტად ის სურდა, რაც 1970-იანი წლების კრიმინალებით სავსე მედელინშის მცხოვრებ ყველა ბავშვს - კოლუმბიის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა და ეროვნული გმირის სტატუსი.
„თავიდან ფორვარდი ვიყავი. ბევრი გოლი გამქონდა, თუმცა ბედისწერას სხვა გეგმა ჰქონდა. ერთ-ერთ ტურნირზე ჩვენი მეკარე დაშავდა და კარში გამამწესეს“, - იხსენებს იგიტა. ალბათ მიხვდებოდით, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. თუმცა რენე არ ნებდებოდა - „წინ წასვლა და გოლების გატანა ისევ მინდოდა და ამას კარში თამაშის დროსაც ვაკეთებდი. მეკარისთვის ეს ამოცანა უფრო რთული შესასრულებელია, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი“.
რენე პატარა იყო, როცა მამამისმა ოჯახი მიატოვა, დედა კი გარდაეცვალა, ამიტომ კოლუმბიის ნაკრების მომავალი ვარსკვლავი ბებიამ გაზარდა. ეს ენერგიული ბიჭი ვერც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბთან, „მილიონარიოსთან“ 1985 წელს გაფორმებულმა კონტრაქტმა დააღვინა. 19 წლის იგიტა ცდილობდა, რაც შეიძლება ხშირად აღმოჩენილიყო მოვლენათა ეპიცენტრში და რამდენჯერმე მან პენალტიც კი გამოიმუშავა. „მილიონარიოსში“ რენე 11-მეტრიანებს არ ასრულებდა, თუმცა „ატლეტიკო ნასიონალში“ ეს ფუნქციაც შეითავსა.

„შიშის გრძნობა გადავლახე. რა თქმა უნდა, ძალიან ვრისკავდი, როცა ჯარიმებსა და პენალტებს ვასრულებდი. მეტიც, კარიდან ბურთს მარცხენა ფლანგზე ვურტყამდი და მარჯვენა ფლანგზე პარტნიორებს ვეხსნებოდი“.
კოლუმბიელი ქომაგები აღშოთებულები იყვნენ - „ხალხისთვის ასეთი რამ უცხო იყო. მე სულელად და ჯამბაზად მთვლიდნენ, ხშირად შეურაცხყოფასაც მაყენებდნენ, თუმცა ამ ყველაფერს გუნდისთვის ვაკეთებდი. საჯარიმოდან მარტო მაშინ გავდიოდი, როცა ბურთს ვფლობდით“.
1987 წელს, თავის მეორე სეზონში იგიტამ „ინდეპენდიენტე მედელინთან“ მატჩში პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი „ატლეტიკო ნასიონალის“ მაისურით კიდევ 29-ჯერ გამოიჩინა თავი - კოლუმბიაში რენეს „შეშლილი“ (El Loco) შეარქვეს. იგიტა ბედნიერი იყო - „სიგიჟე იმას ნიშნავს, რომ ჩარჩოებს გასცდე და სხვებისგან განსხვავებულად იფიქრო. ამიტომ ამ მეტსახელს მივესალმები“.
სარისკო სტილი
„ატლეტიკო ნასიონალმა“ 1988 წელს კოლუმბიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, 1989 წელს კი ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდა. პირველ შეხვედრაში ისინი პარაგვაულ „ოლიმპიასთან“ დამარცხდნენ, საპასუხო მატჩში კი საქმე პენალტებამდე მიიყვანეს, სადაც იგიტას დრო დადგა - მან პარაგვაელთა 4 დარტყმა მოიგერია, თავისი პენალტიც გაიტანა და ისტორიაში პირველად „ატლეტიკო ნასიონალს“ ლიბერტადორესის თასი მოაგებინა.
კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანსისკო მატურანამ 23 წლის იგიტა 1990 წლის მუნდიალის განაცხადში შეიყვანა - „რენე იგიტასთან ერთად მოედანზე 11 ფეხბურთელი გვყავს“. მატურანას არჩევანმა გაამართლა - კოლუმბიელებმა ისტორიაში პირველად დაძლიეს ჯგუფური ეტაპის ბარიერი. იგიტა მთელმა მსოფლიომ გაიცნო: რენემ რუდი ფიოლერს თავზე გადაუგდო ბურთი, იუგოსლავიის ნაკრების ფორვარდ დარკო პანჩევს კი ცრუმოძრაობით გასცდა - ასეთი ნიჭიერი და თავხედი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არავის უნახავს.

პლეიოფში კოლუმბია კამერუნს შეხვდა და დადგა ის დღე, როცა იგიტას თავისი სარისკო სტილისთვის ფასი უნდა გადაეხადა. დამატებით დროში კამერუნი 1:0-ს იგებდა, როცა იგიტა შეცდა, როჟე მილამ მას ბურთი წაართვა და ცარიელ კარში შეაგორა. კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა, თუმცა იგიტა არაფერს ნანობს.
„როცა რაღაცას პირველად აკეთებ, აუცილებლად იქნება შეცდომები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა შეცდომებმა ფეხბურთი შეცვალა“.
პაბლო ესკობარი
გასაკვირი არაა, რომ იგიტამ ადვილად გამოძებნა საერთო ენა დიეგო მარადონასთან. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ და ნეაპოლსა თუ მედელინში წვეულებებს მართავდნენ. თუმცა მარადონა იგიტას ყველაზე სკანდალური მეგობარი არ ყოფილა. რენე პაბლო ესკობარის გარემოცვის წევრებთან მეგობრობდა. ესკობართან დააახლოებული კარლოს მოლინა „ატლეტიკო ნასიონალის“ თანამფლობელი იყო. მოგვიანებით მოლინამ ესკობარს უღალატა და მასთან დაპირისპირებულ კარტელს შეუერთდა.
„ბევრი მეგობარი მყავდა და ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მე ამას ვერ შევცვლიდი“, - იხსენებდა იგიტა. რა თქმა უნდა, ის თავად ესკობარსაც იცნობდა.
1991 წელს იგიტა „ვალიადოლიდში“ გადავიდა, მანამდე კი ის დაპატიჟეს „ლა კათედრალში“ - ფეშენებელურ ციხეში, რომელშიც პაბლო ესკობარი იხდიდა სასჯელს, სადაც კოლუმბიის ნაკრების მეკარემ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პატიმართან ივარჯიშა.

1993 წელს იგიტას კარლოს მოლინამ დაურეკა - „მანქანა მოგაკითხავს და ჩემთან მოგიყვანს. შენი დახმარება მჭირდება“. როცა რენე ნარკობარონის ვილაზე მივიდა, გაიგო, რომ ესკობარმა მოლინას ქალიშვილი გაიტაცა და გამოსასყიდს ითხოვდა. იგიტამ დაპირისპირებულ ნარკობარონებს შორის შუამავლობა იკისრა და გატაცებულის უსაფრთხო დაბრუნებაში წამყვანი როლი შეასრულა.
როცა რენე ესპანეთიდან „ატლეტიკო ნასიონალში“ დაბრუნდა, ის კოლუმბიის პოლიციამ დააკავა. ძალოვნების მტკიცებით, რენემ შუამავლობის სანაცვლოდ 64 000 დოლარი აიღო, რაც კანონდარღვევას წარმოადგენდა. კოლუმბიის ნაკრების მეკარემ ციხეში 7 თვე გაატარა. იგიტამ შიმშილობა გამოაცხადა და ისე გათავისუფლდა, რომ მას ოფიციალურად ბრალიც არ წაუყენეს.
წინ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, თუმცა იგიტა სათამაშო კონდიციებით ნაკრებში გამოძახებას არ იმსახურებდა. კოლუმბია ჯგუფში რუმინეთთან, შვეიცარიასთან და მასპინძელ აშშ-თან ერთად მოხვდა და ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა.
მორიელის დარტყმა
თუ 1994 წელი იგიტასა და კოლუმბიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, 1995 წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. იგიტამ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, „ატლეტიკო ნასიონალი“ კი ისევ ლიბერტადორესის ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალში იგიტამ „რივერ პლეიტს“ ჯარიმა გაუტანა, 11-მეტრიანების სერიაში კი ერთი დარტყმა მოიგერია და თავისი პენალტიც ზუსტად შეასრულა. ფინალში კოლუმბიური კლუბი „გრემიოსთან“ დამარცხდა, თუმცა „ატლეტიკო ნასიონალის“ გულშემატკივრებს იგიტას შესანიშნავი თამაში დღემდე ძალიან კარგად ახსოვთ.
„გრემიოსთან“ მარცხიდან ერთ კვირაში რენე იგიტას კარიერაში გარდამტეხი მომენტი დადგა - „უემბლიზე“ ინგლისთან ამხანაგურ მატჩში „მორიელის დარტყმით“ მან ჯეიმი რედნაპის დარტყმით მოიგერია.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, ტერი ვენეიბლსმა იგიტას ქმედებას „ექსტრაორდინალური“ უწოდა, გორდონ ბენქსმა კი ტელეეთერში განაცხადა, რომ ასეთი საქციელისთვის ჯეკ ჩარლტონისგან ცემას ვერ გადაურჩებოდა. სოციალური ქსელების არარსებობის პირობებშიც კი „მორიელის დარტყმა“ ვირუსულ მომენტად იქცა.
მოგვიანებით იგიტამ აღიარა, რომ რედნაპი თამაშგარე მდგომარეობაში ეგულებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბურთის ასე მოგერიება, თუმცა საბოლოო ჯამში არანაირი თამაშგარე არ დანიშნულა, „მორიელის დარტყმა“ კი იგიტას სავიზიტო ბარათად იქცა.
გავლენა ფეხბურთზე
იგიტამ 43 წლამდე ითამაშა, მოიარა მექსიკური, ეკვადორული და ვენესუელური კლუბები და გოლები იქაც გაჰქონდა. რენემ დიეგოს პატივსაცემად „ბომბონერაზე“ გამართულ მატჩშიც ითამაშა და დიეგოს ორი გოლი გაატანინა - „რა თქმა უნდა, დიეგოს ცხოვრებაში ბევრი შეცდომა იყო, თუმცა მე ის ძალიან მიყვარდა. დიეგო ხომ ჩემსავით Loco იყო“.
მრავლად იყო სიგიჟეები რენეს კარიერაშიც. 2004 წელს, ეკვადორის „აუკასში“ იგიტამ კოკაინზე ტესტი ჩააგდო. ერთ წელიწადში ის კოლუმბიური რეალითი-შოუს ფარგლებში უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრობდა, კიდევ ერთი რეალითი-შოუსთვის კი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, იგიტა იმით ახსოვთ, რასაც ის მოედანზე აკეთებდა. ფეხით მოთამაშე მეკარე თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც რენეს ძალიან მოსწონს. „კმაყოფილი ვარ იმით, რაც ფეხბურთს დავუტოვე. მეკარეები ახლა უფრო მეტს რისკავენ. ზოგიერთები სამყაროს შეცვლას ცდილობენ, მაგრამ სულ ერთსა და იმავეს აკეთებენ. ჩვენ, „შეშლილები“, ყოველ ჯერზე განსხვავებულად ვმოქმედებთ“.