ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ხვალ ყველა იგრძნობთ იმ მუხტს, რაც ნაკრებს ქვეყნის მიმართ აქვს“ - კიტეიშვილი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი გუნდის ვიცე-კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ოთარ კიტეიშვილი:

„პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს. ეს იყო პერიოდი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ის გზა, რომელიც ერთად გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, საუკეთესო იყო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლითა და იქ თამაშით დაგვირგვინდა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდით. მიუხედავად ამისა, ის შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრებმა დააფიქსირა, სასურველი და შესაბამისი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, ფეხბურთში ყოველთვის გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენ, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სრულად გვაქვს გააზრებული და ამას ვაცნობიერებთ. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში, უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით - რომელსაც აქვე წარმატებებს ვუსურვებ - მასთან ერთად ყველაფერი პოზიტივისკენ შეიცვლება.“

„ერთადერთი, რასაც მე, პირადად, ან ის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ მოედანზე გავლენ, გულშემატკივარს ვპირდებით, არის ის, რომ ყველა ჩვენგანი ეცდება, მაქსიმალურად დაიხარჯოს მოედანზე და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. რა თქმა უნდა, ჩვენ, ფეხბურთელები, ამას ყოველთვის ვცდილობთ, თუმცა, ხანდახან, ეს ყველაფერი მოედანზე შეიძლება სხვანაირად გამოჩნდეს. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ქვეყნის მიმართ აქვს. ამ ყველაფერს მოედანზე აუცილებლად გამოვხატავთ.“

„ჩრდ. ირლანდიასთან მარცხი? ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო, შესაბამისად, მდგომარეობის გამოსასწორებლად დროც გვაქვს და თამაშებიც წინ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მწვრთნელმა უკვე თქვა, ახლა მთავარია, რომ ამ ყველაფერზე სწორი რეაქცია გვქონდეს. დანარჩენს კი დეტალურად უკვე ხვალინდელ შეხვედრაში ვნახავთ.“

„უკრაინასთან მოუგებელი სერია? ალბათ, სტატისტიკა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის უფრო ჟურნალისტებისთვის და გულშემატკივრებისთვისაა საინტერესო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ასეთ ხანგრძლივ პერიოდს ეხება. მე პირადად რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან მხოლოდ ორჯერ ვითამაშეთ. გარდა ამისა, მაშინდელი უკრაინის ნაკრები დღევანდელს რომ შევადაროთ, ძალიან ბევრი ცვლილებაა. შესაბამისად, ჩვენ ხვალ გვიწევს უკრაინის ნაკრებთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოვა, და მთავარია, ამისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.“

„როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმა მქონდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. შესაბამისად, სანაკრებო შეკრებამდე მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიწია და ისიც სასტარტო შემადგენლობიდან არ დამიწყია. რაც შეეხება იმას, თუ რა დროს მივიღებ ხვალინდელ თამაშზე - ეს, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
„ამ გამოწვევისთვის მზად ვარ“ - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია