პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

RMC: კვარას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ - პსჟ მის შენარჩუნებას ჩქარობს

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას გეგმავს. ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აქტიურად აგრძელებს.

კვარაცხელია პსჟ-ს 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ შეუერთდა. მოქმედი ხელშეკრულება მას ფრანგულ გრანდთან 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი დაახლოებით 900 000 ევროს შეადგენს.

RMC Sport-ის ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის ცნობით, პსჟ ქართველ შემტევს კონტრაქტის 2032 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, რაც თანამშრომლობის კიდევ სამი წლით გაგრძელებას გულისხმობს.

გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელიას ტრავმის მიუხედავად, კლუბმა მოლაპარაკებები არ შეაჩერა და პირიქით, მათი დაჩქარება გადაწყვიტა. ჰოკინსის ცნობით, პარიზელებს სურდათ, ფეხბურთელისთვის ეჩვენებინათ, რომ კვლავ სჯერათ მისი და გუნდის სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეუთანხმებელი საკითხი ხელფასია. პსჟ ქართველის ანაზღაურების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს და სურს, ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სამეულში შეიყვანოს. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა მარკინიოსისა და აშრაფ ჰაკიმის ანაზღაურებას გაუტოლდეს ან გადააჭარბოს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე გეგმავენ. ახალი კონტრაქტის შეთავაზება კი პსჟ-ის მხრიდან ქართველი ფეხბურთელისადმი ნდობისა და მისი გუნდის პროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები