„ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ლივერპულის“ ფეხბურთელების, ვირჯილ ვან დაიკისა და ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა. ჯეიმს პირსი „ენფილდზე“ შექმნილ ვითარებაზე წერს, ალისონისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს და გიორგი მამარდაშვილზეც საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ვან დაიკსა და ალისონს 51 დღეში სხვა კლუბებთან წინასწარი ხელშეკრულების დადების უფლება ექნებათ, ნაკლებად სავარაუდოა, მათი საკითხი სწრაფად გადაწყდეს. ყველა მხარისთვის ხელსაყრელია, მოვლენების განვითარებას დაელოდოს და ნახოს, მომდევნო კვირებსა და თვეებში რა მოხდება.
ალისონი მალე 35 წლის გახდება და გუნდის ერთ-ერთი სიმბოლოს გაშვება იოლი არასდროსაა. თანამედროვე ფეხბურთში არსებული დეტალური სტატისტიკა გადაწყვეტილების მიღების პროცესს შედარებით ამარტივებს, თუმცა გარანტიები არავის აქვს. ზოგადად, ცენტრალურ მცველებსა და მეკარეებს შემტევებზე გრძელი კარიერა აქვთ, მაგრამ წარმოუდგენელია, ვან დაიკი ან ალისონი შეზღუდულ როლებს დათანხმდნენ.
ბრაზილიელი მეკარე ისეთი შთამბეჭდავი ვეღარაა და ფეხით თამაშის მხრივ კითხვის ნიშნებს ტოვებს, თუმცა „კრისტალ პალასთან“ ნაჩვენებმა თამაშმა შეგვახსენა, რა დონის გოლკიპერზეა საუბარი. იგი „ლივერპულის“ ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანია და გასახდელში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
ალისონი ფეხით ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე, თუმცა ამ მომენტისთვის, სერიოზული უპირატესობით, ყველაზე სრულყოფილი მეკარეა, რომელიც „ლივერპულის“ რიგებში ირიცხება.
გიორგი მამარდაშვილმა პროგრესს მიაღწია, მაგრამ კლუბი ჯერ არ დაურწმუნებია, რომ ალისონის გრძელვადიანი შემცვლელობისთვის საჭირო თვისებები აქვს. დათანხმდება საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარე კიდევ ერთ წელს სათადარიგო სკამზე? ეს ნაკლებად სავარაუდოა. ვან დაიკმა და ალისონმა „ლივერპულის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს და მათი წასვლა ეპოქის დასასრული იქნება. მომავალი მაისი არცთუ ისე შორსაა“, — წერს The Athletic-ი.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილზე Sky Sports-მაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, მამარდაშვილი „ლივერპულის“ დატოვებას მოისურვებს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში „წითლებს“ „ბრაიტონის“ მეკარეს, ბარტ ვერბრუგენს უკავშირებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს