დებიუტანტების კომენტარები - ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში განაგრძობს მზადებას. 10 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, ხოლო ბოლო ტურის მატჩისთვის ფეხბურთელი მსუბუქი ტრავმის გამო ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. საბა გოგლიჩიძეს და გიორგი მიქაუტაძეს არ უვარჯიშიათ. საბა საზონოვი და ნიკა გაგნიძე ნაკრების საწვრთნელ პროცესში ხვალიდან ჩაერთვებიან.
უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის სამი დებიუტანტი ემზადება. გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ნოდარ ყალიჩავამ ტრადიციული სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან, მიიღეს.
გიორგი მოისწრაფიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს და სამწვრთნელო შტაბს ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. ჩემი თამაშით, ჩემი შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს".
გიორგი მაისურაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "საჩუქარი, რომელიც ნაკრებისგან მივიღე, საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს სახლში და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარია. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ. ძალიან მონდომებული უნდა იყო და მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს, რომ მენდო. ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო და მაქსიმუმს გავაკეთებ ამ ნაკრებისთვის"
ნოდარ ყალიჩავა (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და, როგორც კი მექნება შანსი, რომ გუნდს დავეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს