რამაზ სვანაძე, გიორგი დევდარიანი
Aa
Aa

„სწორი არჩევანია, სვანაძე ამისთვის მზად არის“ - დევდარიანის შეფასება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხვალ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას ჩაატარებს. რამაზ სვანაძეს ეროვნული გუნდის გაძღოლის გამოცდილება უკვე აქვს და 2020 წელს ესტონეთთან (0:0) საშინაო მატჩისთვის მოამზადა ფეხბურთელები, თუმცა როგორც სატურნირო, ასევე პრინციპული თვალსაზრისით მაშინდელი და ხვალინდელი შეხვედრების შედარება რა თქმა უნდა არ შეიძლება. თანაც, თუ მაშინ სვანაძე დროებითი დამრიგებლის ფუნქციებს ითავსებდა, ამჯერად მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რამდენად მზად არის ახალგაზრდა სპეციალისტი ასეთი საპასუხისმგებლო საქმის გაძღოლისთვის, ამის თაობაზე გიორგი დევდარიანმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.

გიორგი დევდარიანი

პირველ რიგში მადლობა ვილი სანიოლს იმ სიხარულისთვის, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში მოგვანიჭა. მისი სახელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთმნიშვნელოვნად ოქროს ასოებით ჩაიწერება. სიმართლე გითხრათ, რამაზ სვანაძისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ადრეც ვამბობდი, რომ ის ამ ყველაფრისთვის უკვე სათანადოდ მომწიფებული იყო.

კარგი მწვრთნელი მხოლოდ ფეხბურთის კარგ ცოდნას არ ნიშნავს. ასევე აუცილებელი თვისებაა, რომ როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე ფეხბურთელებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება შეგეძლოს, რაც მე ყოველთვის მიჭირდა. რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობს ესა თუ ის ფეხბურთელი, მისი მართვა კიდევ უფრო რთული ხდება, მაგრამ სვანაძე ამ ყველაფრისთვის მზად არის და მისი დიდი იმედი მაქვს.

ერთ რამეს ვიტყვი - საქართველოს ნაკრებში ამჟამად ნამდვილად არის საიმისო რესურსი, რომ ამ გუნდისგან უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მოვითხოვოთ. უბრალოდ, გულშემატკივრებთან ერთი თხოვნა მექნება - 2-3 მატჩი რამაზს აუცილებლად უნდა ვაცადოთ და თუ გასაკრიტიკებელი იქნება, ამის შემდეგ გავაკრიტიკოთ. თუმცა, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინასთანაც სახეცვლილი ნაკრები ვიხილოთ და გავიმარჯვოთ.

ცნობისათვის, საქართველო-უკრაინის მატჩი ხვალ, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება და ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი. აქვე გეტყვით, რომ პირველ ტურში უკრაინელებმა ბუდაპეშტში უნგრელები 1:0 დაამარცხეს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი საკუთარ სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიელებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლის 2 ტყუილი და რას შეცვლის სვანაძე? | ც9
სანიოლის 2 ტყუილი და რას შეცვლის სვანაძე? | ც9