რიდმა კარგად დაიწყო - 14 ქულა ფენერბაჰჩესთან
მარკის რიდი წლევანდელ სეზონშიც თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში იასპარეზებს, თუმცა კლუბი შეიცვალა და „ტრაბზონიდან“ „ბაჰჩეშეჰირში“ გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელისთვის თურქეთის უმაღლესი დივიზიონი უცხო საერთოდ არ არის, არც ახალ კლუბში ადაპტაცია არ გასჭირვებია და პირველივე თამაშში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
სუპერლიგა რიდმა და მისმა თანაგუნდელებმა „ფენერბაჰჩესთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყეს და დედაქალაქელები 15-ქულიანი სხვაობით, 98:83 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 18 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა 10-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელაც არ უსვრია. ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, თურქეთის სუპერლიგის მომდევნო ტურში „ბაჰჩეშეჰირი“ 4 ოქტომბერს, სტუმრად „კაიროვას“ შეხვდება და ეს თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, თუმცა იქამდე მარკის რიდსა და მის თანაგუნდელებს ფიბას ევროთასზე მოუწევთ ასპარეზობა და 30 სექტემბერს „რომას“ უმასპინძლებენ.