ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, რამაზ სვანაძე, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები, ანდრეა მალდერა
Aa
Aa

„ძალიან რთულ თამაშს ველით“ - უკრაინელების პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ და ფეხბურთელმა და ოლეკსანდრ ზუბკოვმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ანდრეა მალდერა:

„იარემჩუკი გამოჯანმრთელდა და ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, პრობლემა გვაქვს მიკოლენკოსთან დაკავშირებით - მას წვივის კუნთის მცირე დაზიანება აქვს და ვამჯობინებთ, რომ არ გავრისკოთ. დანარჩენი კი, სათამაშოდ სრულად მზად ვართ.

აქცენტს მხოლოდ სათამაშო სისტემასა თუ ციფრებზე არ გავაკეთებდი. წინა პლანზე ყოველთვის იმ ფეხბურთელების მახასიათებლებს ვაყენებ, რომლებიც განკარგულებაში მყავს და ვცდილობ, მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი მივიღო. შესაბამისად, შეიძლება ვითამაშოთ ერთი გამთამაშებლით (ათიანით), ერთი ან ორი თავდამსხმელით - ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უმთავრესი ის მზაობა და მონდომებაა, რომელსაც ბიჭები მოედანზე გასვლისას აჩვენებენ.

ხვალ ტრუბინი ითამაშებს. უკვე მქონდა საუბარი მეკარეებთან და ეს შეთანხმებული იყო. პირველი მატჩი რიზნიკს უნდა ეთამაშა, ხოლო მეორე - ტრუბინს.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. მათ ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენეს თავიანთი დონე, განსაკუთრებით თავდასხმის ხაზში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რომ წინა თამაშში ბურთს ისინი უფრო მეტს ფლობდნენ, ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენც გვქონდა ჩვენი მომენტები და შევძელით მათი რეალიზება. ხვალაც მსგავს, ძალიან რთულ თამაშს ველოდები.“

ოლეკსანდრ ზუბკოვი:

„მეც დავეთანხმები მწვრთნელს. წინა თამაში რთული იყო და ვიცით, რომ ხვალაც არ იქნება ადვილი. საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე თამაშობს, რაც მათთვის დამატებითი მოტივაციაა. თუმცა, მზად ვართ და ვეცდებით, ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

რაც შეეხება საქართველოში მწვრთნელის ცვლილებას, ჩვენ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ამ საკითხზე საღამოს ვისაუბრებთ. როგორც მოგეხსენებათ, მწვრთნელის ცვლილებამ გუნდზე შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს - როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ამიტომ, დღეს უფრო დეტალურად შევისწავლით საქართველოს ნაკრებს. ეს გუნდი ყოველთვის ტექნიკური იყო და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ ყველაფრის ნახვა.“

მალდერა:

„ცხადია, როდესაც ხდება მწვრთნელის ტექნიკური ცვლილება, გუნდში გარკვეული რეაქციები ყოველთვის არის. ეროვნული ნაკრების შემთხვევაში, მით უმეტეს, ტაქტიკური თვალსაზრისით, რთულია მოკლე დროში რაიმე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. თუმცა, ხასიათისა და ემოციური თვალსაზრისით, როგორც წესი, გუნდებს გარკვეული რეაქცია აქვთ ხოლმე. მაგრამ პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ.

რაც შეეხება კვარას - ის არაორდინალური და საოცარი ფეხბურთელია, ამას მხოლოდ მე არ ვამბობ... თანაც, ის ზაბარნის თანაგუნდელია, ასე რომ, მათ ერთად მოუწევთ პარიზში თამაში... ძალიან გამიხარდება, თუ ის ოქროს ბურთს მოიგებს, რადგან ის, რაც მან გააკეთა - არა მხოლოდ ამ წელს, არამედ წინა წლებშიც, განსაკუთრებით ნაპოლიში და ზოგადად იტალიაში - მართლაც შთამბეჭდავია. მან იქ შესანიშნავი მოგონებები დატოვა. ამიტომ, მას საუკეთესოს ვუსურვებ.

ძალიან სერიოზულად ვემზადებით ამ თამაშისთვის. კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე განსაკუთრებულად ძლიერია და მათ გულშემატკივრებისგან უდიდესი მხარდაჭერა ექნებათ, რაც თამაშს კიდევ უფრო გაგვირთულებს. თუმცა, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს, გუნდი სრულად კონცენტრირებულია და მოედანზე იმისთვის გავალთ, რომ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“

ზუბკოვი:

„მე მგონი, რომ ყველა, ვინც არის ჩვენს გუნდში და ვინც არის ჩვენი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში, ყველა ელოდება ხვალინდელ მატჩს. ვინც შემადგენლობაში იქნება, ყველა გამოვა, ღირსეულად აჩვენებს საკუთარ ძალას და ბოლომდე დაიხარჯება მოედანზე.“

მალდერა:

„ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც უნგრეთთან მატჩში, მოედანზე სრული ბალანსი და წონასწორობა იქნება. შესაბამისად, ვერ ვხედავ მკვეთრ ფავორიტს ერთ მხარეს. შედეგი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ბოლო თამაშში საქართველოს ნაკრებმა წააგო, თუმცა, ალბათ, არ იმსახურებდა მარცხს - პენალტი გააცუდეს და გოლი რომ გაეტანათ, შედეგი სრულიად სხვა იქნებოდა.

კვარა და ზაბარნი გუნდელები არიან და რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი პატივისცემაა, მაგრამ ხვალ უკრაინისა და საქართველოს მატჩია... ეს ზაბარნის და კვარას დაპირისპირება არ არის. დიახ, ისინი კარგი მეგობრები არიან, მაგრამ ხვალ საქართველოსა და უკრაინის მატჩში ისინი მოედანზე, მეტოქეები იქნებიან.

რაც შეეხება ბალანსს, პირადად მე ვიტყვი, რომ აქ ძალიან ცოტა ხანია ვარ და ამიტომ მხოლოდ აწმყოსა და იმ რეალობაზე უნდა ვიფიქრო, რასაც დღეს გუნდი მაძლევს, კმაყოფილი ვარ. ახლა აწმყოზე მიწევს ფიქრი, იმ ყველაფერზე, რასაც გუნდი მაძლევს და ამ თვალსაზრისით, კმაყოფილი ვარ. თუმცა, როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობ, გვჭირდება დიდი ბალანსი. არ უნდა ავღელდეთ ზედმეტად გამარჯვებისას და არც იმაზე უნდა ვიდარდოთ ძალიან, როცა მარცხი გვაქვს. გვჭირდება ძალა, რომ ავაშენოთ რაღაც ისეთი, რაც დიდხანს გაძლებს.

ახლა საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელია, რომლებიც იტალიურ ჩემპიონატში ძალიან კარგად თამაშობენ. ფროზინონეში კვერნაძე ძალიან კარგად ასპარეზობს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა მაქვს ფეხბურთელების ტექნიკური თვალსაზრისით. როგორც უკვე გავიმეორე, არიან ისეთებიც, რომლებიც იტალიაში თავიანთ მაღალ დონეს და შესანიშნავ სათამაშო თვისებებს ამტკიცებენ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვალ ყველა იგრძნობთ იმ მუხტს, რაც ნაკრებს ქვეყნის მიმართ აქვს“ - კიტეიშვილი
„ხვალ ყველა იგრძნობთ იმ მუხტს, რაც ნაკრებს ქვეყნის მიმართ აქვს“ - კიტეიშვილი