„პასუხი უნდა მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს“ | გაჯიმაგომედოვი მერაბთან ინციდენტზე
ახმედ გაჯიმაგომედოვმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბს გამოეხმაურა. გაჯიმაგომედოვმა „მანქანასთან“ საქართველოში მომხდარ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა.
„ვხედავ უამრავ ცრუ ინფორმაციას და მინდა, ნათელი მოვფინო იმას, რაც საქართველოში მოხდა. პრესკონფერენციის დროს მერაბთან სალაპარაკოდ მივედი და საუბარი სიტყვით „ძმაო“ დავიწყე, მან კი დამარტყა და ქართულ ენაზე დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით მითარგმნეს, რაც თქვა. ამ სიტყვებისთვის მას ბოდიში არ მოუხდია, მსგავს რამეს კი არავის ვპატიობ!
ამის შემდეგ ლიფტში შევხვდით, სადაც დაცვის უკან იდგა და თამამად მელაპარაკებოდა. ვუთხარი: „ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია“. ეს მისმა ძმამაც გაიგო, რომელიც მასთან ერთად იყო. ისინი, ვინც ამბობენ, რომ მას ბინძური სიტყვები ვაპატიე და უსმანი უნამუსოდ მოიქცა, მერაბის ფანები არიან და ეს მათი ტყუილია.
საქართველოში მისი პოპულარობის გათვალისწინებით, ეს ამბავი არ გავაბუქე, არც არანაირი ვიდეო ჩამიწერია და ინტერვიუებსაც თავს ვარიდებდი, რათა ეროვნებათაშორისი კონფლიქტი ამერიდებინა, მაგრამ დღეს მერაბის მხარე ყველა ზღვარს სცდება და მისგან გმირს ქმნის, რის გამოც ვთვლი, რომ საკუთარი პოზიცია უნდა დავაფიქსირო.
პრესკონფერენციის დღიდან ვეძებდი შესაძლებლობას, მერაბს შევხვედროდი და მისი სიტყვებისთვის პასუხი მომეთხოვა, მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს და გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი კაცი ოჯახის შეურაცხყოფისთვის გააკეთებდა.
მესმის, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ არის ქართველი, მისთვის კავკასიის ხალხთა კაცური პრინციპები და ტრადიციები უცხოა, მაგრამ კავკასიაში მცხოვრებმა ქართველებმა ეს მშვენივრად იციან. თუ ასე იცავთ მას, მაშინ ისიც არ დაგავიწყდეთ და აუხსენით, რას ნიშნავს კავკასიაში სტუმარი და დედა, და რა ემართებათ მათ, ვინც სხვის ღირსებას ეხება. ჩვენი წინაპრები ამის გამო სხვებს თავებს კვეთდნენ, მას კი თავში მხოლოდ რამდენჯერმე წამოარტყეს.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ საქართველოსა და ქართველებს. მერაბი არ არის საქართველო, ისევე როგორც ახმედი, უსმანი და უმარი არ არიან დაღესტანი. შეწყვიტეთ ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს კონფლიქტი ჩვენ შორისაა და ადრე თუ გვიან მას თავად მოვაგვარებთ".
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო ჭიდაობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მერაბმა განაცხადა: „ეს ბიჭი ჯანდაბაშიც წასულა“. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დვალიშვილთან თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახმედ გაჯიმაგომედოვი მივიდა. მან მერაბს ჰკითხა, უმარზე ასე რატომ საუბრობდა და ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებდა, რასაც ვითარების ესკალაცია მოჰყვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს