მერაბი და საბა ციხეს დღეს დატოვებენ | ზვიად ლაზიშვილის კომენტარი
ბოლო 48 საათის მანძილზე საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია. 21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა.
ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა, თუმცა ცოტა ხნის წინ ზვიად ლაზიშვილმა Instagram-ში ვიდეო ატვირთა. მისი თქმით, დღეს ხუთ საათზე მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები იქნებიან.
„გამარჯობა მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს საბას და მერაბის საქმესთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო, რაფის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა და ცდილობენ დროულად მოაგვარონ ყველაფერი. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით ჩვენი ბიჭები 5 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან. ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12 საათზე გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით ყველაფერი კარგად დამთავრდება და ღვთის შეწევნით არაფერი ისეთი სერიოზული არ მოყვება ამ სიტუაციას. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის''.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს