მერაბ დვალიშვილი, დენიელ კორმიე, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ასეთი ქმედება დაუშვებელია“ | კორმიემ უსმან ნურმაგომედოვი გააკრიტიკა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ უსმან ნურმაგომედოვის საშინელ ქმედებაზე ისაუბრა. „დისი“ ნურმაგომედოვების ოჯახთან ახლოსაა და მათთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა მერაბ დვალიშვილზე განხორციელებული თავდასხმა კატეგორიულად დაგმო.

„არის მომენტები, როდესაც ვუყურებ, პროფესიონალი მებრძოლები სახიფათო და დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ. დღეს კიდევ ერთი სახიფათო მოქმედება ვნახე. ვნახე, უსმან ნურმაგომედოვი და რამდენიმე ადამიანი მერაბ დვალიშვილს თავს როგორ დაესხნენ.

თავდასხმის ვიდეოს ნახვა ძალიან სამწუხარო იყო, რადგან უსმანსა და მერაბს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. ამაზე ვსაუბრობ მე, დენიელ კორმიე, რომელიც ჯონ ჯონსს MGM Grand-ის დერეფანში ეჩხუბა. იმ მომენტში დამნაშავე ვიყავი, მაგრამ დღეს ძალიან ცუდი რამ მოხდა — ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.

სადღაც ვნახე, რომ მერაბმა საქართველოში ვიღაცას ხელი დაარტყა. ერთმა ცუდმა ქცევამ მეორე არ უნდა განაპირობოს. ამ სიტუაციის გამო ორივე წაგებულ მდგომარეობაში დარჩა. მერაბი საჭიდაოდ იყო და, ალბათ, RAF-ის ღონისძიებაზე ვეღარ გამოვა. უსმანი თავისუფალი აგენტია და ეს ინციდენტი მის კარიერაში სამუდამოდ დარჩება.

კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვზე ძალიან, ძალიან ცუდი რაღაცები თქვა, მაგრამ მათ ოქტაგონს მიღმა არასდროს უჩხუბიათ. ამ ქცევას შედეგები მოჰყვება და, სამწუხაროდ, სასჯელი იქნება. პირველი — მერაბი ფულს ვერ იშოვის, მეორე — უსმანს სერიოზული პრობლემები შეექმნება, თან დამსახურებულად.

პროფესიონალები ვართ და ეს სახიფათოა. სახიფათოა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი არ ხარ, შენი განზრახვა და საქმიანობა დარტყმების განხორციელებაა. როდესაც მერაბმა თავი დახარა, უსმანმა მუხლის დარტყმა სცადა და ამას მხოლოდ პროფესიონალები აკეთებენ. ქუჩაში ასე არ იქცევიან, რადგან სახიფათოა. აუცილებელია, უკეთესები ვიყოთ.

არავის დაცვას არ ვაპირებ. ცუდი ქცევა ცუდი ქცევაა და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. წარმომიდგენია, როდესაც ხაბიბი მასთან მივა და დაელაპარაკება, აუცილებლად მის საქციელზე ისაუბრებენ. უსმანმა თავი უნდა აკონტროლოს. ეს უკვე მერამდენედ ხდება — ჯერ ოქტაგონში შევარდნა, ახლა კი ეს ამბავი“.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები, მათ შორის მერაბი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებული არიან. ეს მოგვიანებით ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი
    „მერაბის მეგობარი ნამდვილი მხეცია“ | რას ამბობს არმან ცარუკიანი