ტიტული წარმატებით დაიცვა - სუპერთასი თსუ-მ მოიგო
ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ქართულ საკლუბო კალათბურთში კიდევ ერთი ტიტული გათამაშდა და დუდუ დადიანის ტრადიციული მემორიალური გათამაშების შემდეგ, საქართველოს სუპერთასის მფლობელის ვინაობაც გაირკვა. რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში ქვეყნის თასის მფლობელმა თსუ-მ სუპერლიგის ჩემპიონი „ბათუმი“ 19-ქულიანი სხვაობით, 98:79 დაამარცხა და შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 25 წუთში დაგროვებული 23 ქულით, 2 მოხსნითა და 2 შედეგიანი პასით საუკეთესო ენდრიუ ობრაიენი იყო, რომელმაც ფინალის MVP-ისთვის დაწესებული პრიზიც მიიღო. 28 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრაა დალას ჰოუელის ანგარიშზე. რაც შეეხება „ბათუმს“, ზღვისპირელთა რიგებში გამორჩეული იყო ლარი ჰოუელი, რომელმაც 36 წუთში 27 ქულასთან ერთად, თავი 10 მოხსნას მოუყარა და ორმაგი დუბლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს. სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონი 2 ოქტომბერს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „ბათუმის“ მატჩით გაიხსნება, რომლის მეტოქეც „ქუთაისი 2010“ იქნება.