საქართველოს 21 წლამდე ნაკრები | საშინაო მარცხი საბერძნეთთან
საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
გიორგი ადამიამ, რომელმაც 21-წლამდელთა სათავეში რამაზ სვანაძე შეცვალა, სასტარტო შემადგენლობისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
პაპუნა ბერუაშვილი, დავით ბუკია, ალექსანდრე ნარიმანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დაჩი ლორთქიფანიძე (თორნიკე კვარაცხელია, 82), ვახტანგ სალია (ალექსანდრე ფეიქრიშვილი, 73), დიეგო დეისაძე (ნიკოლოზ ჩიქოვანი, 62), ნიკოლოზ დადიანი, ალეკო ბასილაძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე (გიორგი ჩუბინიძე, 82), გურამ ჯაფარიძე (გიორგი რობაქიძე, 73).
მეხუთე წუთზე ნოა ალენმა გახსნა ანგარიში, მე-13 წუთზე კი თეოფანის ბაკულასმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 25-ე წუთზე ცეცხლაძე მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ აწვდიდა, თუმცა ბურთზე სათამაშოდ ნარიმანიძეს ძალიან ცოტა დააკლდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბერძენთა მეკარემ, დიმიტრიოს მონასტირლისმა ორი რთული დარტყმა აიღო, როცა ახლო მანძილიდან ჯერ ბუკიას, შემდეგ კი ამისულაშვილს არ გაატანინა.
მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობის ჩამორჩენა ბასილაძეს შეეძლო, თუმცა მის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. 65-ე წუთზე კი სტავროს პნევმონიდისმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 82-ე წუთზე კი 21-წლამდე ნაკრებში თორნიკე კვარაცხელიას და გიორგი ჩუბინიძის დებიუტი შედგა.
8 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 9 ქულა აქვს. პირველ-მეორე ადგილებს 21-21 ქულით გერმანია და საბერძნეთი იყოფენ. ჩრდილოეთ ირლანდიას 10 ქულა აქვს, ლატვიას 5, მალტას კი 0.