„ვამაყობ, რომ ეს გზა ერთად გავიარეთ“ - მიქაუტაძე სანიოლს დაემშვიდობა
გიორგი მიქაუტაძემ და ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში გამოსვლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთად დაიწყეს, რის გამოც 25 წლის ქართველი ფორვარდი ფრანგ სპეციალისტს დღემდე უდიდეს პატივს სცემს. მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში მუსიე ვილიმ თავისი პირველი სანაკრებო შეკრების დროს, 2021 წლის მარტში გამოიძახა და როგორც მისი, ასევე გულშემატკივართა იმედების გამართლება ნიჭიერმა ფორვარდმა თავიდანვე დაიწყო. აქედან გამომდინარე, მიქაუტაძე ერთ-ერთი პირველი იყო ეროვნული გუნდის ფეხბურთელებიდან, რომელიც სანიოლს სოციალური ქსელის საშუალებით დაემშვიდობა.
რას წერს მიქაუტაძე
მადლობა ნდობისთვის და ყველაფრისთვის, რაც მოგვეცით და ყველა იმ მომენტისთვის, რაც ერთად გავიარეთ. გამარჯვებებისთვის, ბრძოლებისთვის, უდიდესი ემოციებისთვის და უპირველეს ყოვლისა, მოგონებებისთვის, რომლებიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს გონებაში.
თქვენი წყალობით გავიზარდეთ, გვჯეროდა საკუთარი თავის და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ულამაზესი გვერდები. განსაკუთრებით დავაფასებ ადამიანებს, რჩევებს და ყველაფერს, რაც ამ წლების განმავლობაში გავუზიარეთ ერთმანეთს. ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ იქნებით ამ გუნდის და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილი.
ცნობისათვის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ამჟამად 44 სანაკრებო შეხვედრაში 23 გოლია და საქართველოს ეროვნული გუნდის ბომბარდირთა დავაში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, ერთპიროვნულ რეკორდსმენს შოთა არველაძეს (26) კი, ხვიჩა და ჟორჟი მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩებიან.