რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„სიახლეები საჭიროა, კვარას ტრავმა დიდი დარტყმაა“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ მიხეილ მესხზე პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ვიწყებთ შეკრებას. რა თქმა უნდა, მთავარი არის შედეგი, რომელიც გვინდა, რომ ამ მატჩებში დავაფიქსიროთ. ორივე შეხვედრაში გვინდა, დადებით შედეგს მივაღწიოთ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რეალურად, ეს არის პირველი შეკრება, სადაც გვექნება დრო, რათა ფეხბურთელებს გავუზიაროთ იდეები და მიმართულებები, რომლებიც წარმოგვიდგენია, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებმა უნდა გადაიტანოს მოედანზე.

ბევრი ტრავმირებული გვყავს და ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყველას დაგვაკლდება. ამას ემატება ოთარ კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასევე, ტრავმირებულია ფეხბურთელების დიდი ჯგუფი, თუმცა ეს ახალი მოთამაშეებისთვის შანსია — შანსი, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ. ახალი სახეები გვყავს და დანარჩენი ყველაფერი როგორც სავარჯიშო პროცესის დროს, ისე თამაშისას გადაწყდება.

გიორგი წიტაიშვილის თემას რაც შეეხება, ყველა მწვრთნელი ბედნიერია, როდესაც გუნდში მრავალმხრივი ფეხბურთელი ჰყავს. ბევრი ასეთი მოთამაშე გვყავს. სიას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ, სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა პოზიცია დაიკავონ. წიტაიშვილის პოზიცია გადაწყდება იმ სისტემის მიხედვით, რომლითაც ვითამაშებთ და იმის მიხედვით, მოწინააღმდეგე ვინ არის.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი არის ხვიჩა კვარაცხელია. გვყავს ორი ვიცე-კაპიტანი: ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე. ამ თამაშებში ჩვენი კაპიტანი კაკაბაძე იქნება. რაც შეეხება განვლილ პერიოდს, გაკეთდა ანალიზი, გვაქვს სრული ინფორმაცია იმაზე, პრობლემები სად გვქონდა და სად გამოვიყურებოდით შედარებით კარგად. მერწმუნეთ, ყველა იმ მომენტსა თუ სათამაშო სიტუაციაზე, რომელთა დროსაც პრობლემები გვქონდა, რეაგირება მოხდება. კარგია, რომ ოთხი სავარჯიშო დღე გვაქვს, რადგან საშუალება გვექნება, შევეხოთ პრობლემებს, რომლებიც თვალნათლივ ჩანდა.

საქართველოს ნაკრები საწყის ეტაპზეა. ახლა იწყება ფორმირება გუნდისა და თამაშის, რომელიც გვინდა. ვიცი, რთული შეხვედრები გვექნება და გაგვიჭირდება, თუმცა მინდა, ვნახო ხასიათი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა. რაც უფრო მალე დავიბრუნებთ ამ ხასიათს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.

გუნდში კონკურენცია აუცილებელია. მეკარის პოზიციაზე გვყავს ასევე დავით კერესელიძე, უბრალოდ მინდა, კონკურენცია ყველა ფეხბურთელმა იგრძნოს. ის ძალიან მაღალი დონის მეკარეა და საქართველოს პირველობაზე ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. რაც შეეხება გიორგი მაისურაძეს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია აუცილებელია და მისმა ბოლოდროინდელმა შედეგებმა მომცა საშუალება, ნაკრებში ყოფილიყო.

იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი მოისწრაფიშვილზე. მას დიდი საფეხბურთო ინტელექტი აქვს და მისი პრობლემა ყოველთვის ფიზიკური მომზადება, ინტენსიური თამაში იყო. ბოლო პერიოდში სტაბილურად ასპარეზობს, მისი ბევრი მატჩი ვნახეთ და თუ ფიზიკურობის მხრივ მოუმატებს, ძალიან კარგ ნახევარმცველს მივიღებთ. მის გამოძახებაზე გავლენა, რა თქმა უნდა, ტრავმიანობამ იქონია, თუმცა საქართველოს ნაკრებს სიახლეები სჭირდება და კონკურენციის მიმართულებით ეს გაგრძელდება. ოღონდ ისე, რომ აქ მოხვედრილი თითოეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს.

ხვიჩას ტრავმა სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყნისთვისაც, თუმცა ეს ფეხბურთია. მას ვესაუბრეთ და მის გვერდით ვართ. ეჭვი არ მეპარება, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება. მისი განვლილი გზისა და ხასიათის გამო, ამაში დარწმუნებული ვართ. რაც შეეხება მის გარეშე თამაშს, არ უნდა ვეცადოთ, ხვიჩა ინდივიდუალურად შევცვალოთ, ამას აზრი არ აქვს. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგეს და მთლიანად გუნდმა გადაინაწილოს ყველაფერი. ამ შეკრებაზე იმედი მაქვს, გუნდური თამაში და პრინციპები მაღალ დონეზე იქნება“.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი), ბოლო ტურში, 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლივერპული მამარდაშვილით ბედნიერია | რომანო ალისონის შესაძლო წასვლაზე
    ლივერპული მამარდაშვილით ბედნიერია | რომანო ალისონის შესაძლო წასვლაზე