მოურინიოს “იარაღი“ - როგორ გარდაქმნა ჟოზემ არდა გიულერი
არდა გიულერი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 10 შედეგიანი მოქმედებაა, რაც კარიერის საუკეთესო სტარტია და წინა სეზონის მთლიან მაჩვენებელსაც აღემატება. თუმცა მისი პროგრესი მხოლოდ სტატისტიკით არ შემოიფარგლება. მოედანზე სრულიად განსხვავებულ ფეხბურთელს ვხედავთ — უფრო მრავალმხრივს, თამაშზე მეტი გავლენის მქონეს და ისეთ მოთამაშეს, რომელსაც ფეხბურთის უკეთ გააზრება შეუძლია. ამ ყველაფერში კი ჟოზე მოურინიოს დიდი წვლილი მიუძღვის.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა გიულერისთვის მისი ძლიერი მხარეების გამოსავლენად ახალი როლი შეარჩია. თურქი, რომელიც აქამდე უფრო შემტევ პოზიციებზე თამაშს იყო მიჩვეული, ახლა გაცილებით მოქნილ ფუნქციას ასრულებს. მას შეუძლია სხვადასხვა ზონიდან დაეხმაროს გუნდს და ხშირად ცენტრალურ სივრცეებშიც გამოჩნდეს. სწორედ ამ პოზიციაზე იჩენს თავს მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება — პასის ხაზების დანახვის, თავისუფალ სივრცეში თანაგუნდელების პოვნისა და ბურთის მიღებამდე თამაშის განვითარების წინასწარ განჭვრეტის უნარი. ტექნიკური შესაძლებლობები მას ყოველთვის ჰქონდა, თუმცა ახლა მათი გუნდის სასარგებლოდ გამოყენების მეტი შესაძლებლობა ეძლევა.
მოურინიოს მიერ მინიჭებული პოზიციური თავისუფლებაც გადამწყვეტ როლს ასრულებს. გიულერს შეუძლია მარჯვენა ფლანგი დატოვოს, ბერნარდუს მიუახლოვდეს, ხაზებს შორის მიიღოს ბურთი ან შეტევაში ჩაერთოს ისე, რომ გუნდური სტრუქტურა არ დაირღვეს. გუნდი მზად არის, მისი გადაადგილებები დააზღვიოს, რაც ფეხბურთელს მეტი თავისუფლებით თამაშის, რისკზე წასვლისა და შეტევის სხვადასხვა ფაზაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. გავლენის მოსახდენად მას ერთი კონკრეტული პოზიციისთვის მიჯაჭვული ყოფნა აღარ სჭირდება.

ეს მობილურობა კილიან მბაპესთან სულ უფრო პროდუქტიულ კავშირსაც უწყობს ხელს. როგორც ჩანს, ორივე ფეხბურთელს ერთმანეთის კარგად ესმის. თურქი ხშირად პოულობს ფრანგს თავისუფალ სივრცეში და მისი დიაგონალური მოძრაობებით მეტოქის დაცვის ხაზებს პრობლემებს უქმნის. სტატისტიკაც ამ ურთიერთგაგებას ადასტურებს: მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ გიულერმა მბაპეს უკვე 13 საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამ მაჩვენებლით ვინისიუსის შედეგს გაუთანაბრდა.
თუმცა მოურინიოს მიზანი გიულერის განვითარება მხოლოდ ბურთით თამაშით არ შემოიფარგლება. ის ფეხბურთელს დაცვითი უნარების გაუმჯობესებაზეც ამუშავებს — ავალებს პასის ხაზების გადაკეტვას, პრესინგის სიტუაციების სწორად შეფასებასა და იმის გააზრებას, როდის უნდა დაიცვას კონკრეტული ზონები. ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა იმისთვის, რომ გიულერი მხოლოდ შეტევაში გადამწყვეტი მოთამაშე კი არა, გუნდის საერთო თამაშის სრულფასოვანი კომპონენტიც გახდეს.

სწორედ აქ ჩანს, ალბათ, გიულერის ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია. ადრე ის მატჩზე გავლენის მოხდენას უმთავრესად ინდივიდუალური ნიჭით ცდილობდა — რთული პასით, დარტყმით ან ისეთი მოქმედებით, რომელსაც თამაშის ბედის შეცვლა შეეძლო. ახლა კი ის თამაშზე გავლენას ფეხბურთის უფრო ღრმა გააზრებითაც ახდენს, მონაწილეობს შეტევების ორგანიზებაში და თანაგუნდელებთან უკეთ ურთიერთქმედებს.
მას კვლავ შეუძლია მატჩის ბედის ერთპიროვნულად გადაწყვეტა, თუმცა სწავლობს, როგორ მართოს მოედანზე მიმდინარე პროცესები და გავლენა მოახდინოს თამაშის ყველა ასპექტზე. ამასთან, მოურინიო მას ლიდერის როლის საკუთარ თავზე აღებისთვის საჭირო თავდაჯერებასაც მატებს — აძლევს რისკზე წასვლისა და შეცდომის დაშვების შიშის გარეშე თამაშის საშუალებას.
შედეგად, გიულერი უფრო მომწიფებული, მრავალმხრივი და გაცილებით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს