კარგი მონაცემები აქვს, ნახევარმცველად ვხედავ | კრემონეზეს მწვრთნელი ლორთქიფანიძეზე
კრემონეზეს მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო პეკიამ. ვინც დაჩი ლორთქიფანიძეს სათამაშო დრო მისცა, ვიჩენცასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდებზე და მათ შორის ქართველ ნახევარმცველზე დადებითად ისაუბრა.
ფაბიო პეკია: „ლორთქიფანიძის მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაყენება აშკარად იძულებითი გადაწყვეტილება იყო. მას ცენტრალურ ნახევარმცველად ვხედავ. კარგი ნახევარმცველია, რომელსაც კარგი ტექნიკური უნარები და კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, მაღალია, თუმცა იმ მომენტში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგვიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
ახალგაზრდები გვჭირდება, თუმცა ისინი მთლიანად გუნდს სჭირდება. მათი ენთუზიაზმი და თამაშებისა თუ რთული მომენტებისადმი დამოკიდებულება გუნდს დამატებით ენერგიას სძენს. მათ გამოწვევას ძალიან კარგად უპასუხეს და მუშაობასაც ამავე შემართებით ვაგრძელებთ.
ჯერ კიდევ გუნდის შენების პროცესში ვართ. ამ ორ გამარჯვებას ძალიან ვაფასებთ, თუმცა უკვე შემდეგ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ. საკმაოდ სპეციფიკური მატჩი გველოდება — ემოციურად დატვირთულ გარემოში, ძალიან აქტიური და მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ''.
შეგახსენებთ, დაჩიმ სერია B-ს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი ჩაატარა, 3-დან 1-ში 90 წუთი ითამაშა. საერთო ჯამში, მოედანზე 151 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია. ასევე, იტალიის თასის პირველ ეტაპზე სამპოდიასთან ცვლილებაზე 8 წუთი ითამაშა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს