სლოვანის ჰეგემონია დასრულდება? გაგუას გუნდმა ლიდერობა განიმტკიცა
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში დუნაისკა სტრედას ქართველმა ათიანმა გიორგი გაგუამ მე-10 წუთზე კოშიცესთან ანგარიში გაათანაბრა - 1:1, თუმცა მოგვიანებით მას გოლი აღარ ჩაეთვალა, მეტოქე ფეხბურთელის, მილან დიმუნის ავტოგოლად გადაკეთდა.
პირველი ტაიმის შემდეგ დუნაისკა სტრედა 1:2 მარცხდებოდა, თუმცა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და 3:2 გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ გაგუას გუნდმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველზეა. უშუალო კონკურენტებს, სლოვანსა და ჟილინას 10-10 ქულით უსწრებს. სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო რვა სეზონის გამარჯვებული სლოვანია. ასე რომ, დუნაისკა სტრედას ბრატისლავური გუნდის ჰეგემონიის დასრულება შეუძლია.
გაგუა 3:2-ზე, 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ცოტნე კაპანაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.
გიორგი გაგუას მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის, თასისა და ევროტურნირების ჩათვლით 19 მატჩში (1 469 წუთი) 13 საგოლე მოქმედება აქვს, 7 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. მხოლოდ სლოვაკეთის ჩემპიონატში 14 მატჩში (1 138 წუთი) 10 საგოლე მოქმედება აქვს, 5 გოლი და 5 საგოლე პასი. აღნიშნულ 19 მატჩში 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
გაგუა კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ზედიზედ მეორე მიიწვიეს, სექტემბერ - ოქტომბერის შეკრებაზე არც ვილი სანიოლს და არც რამაზ სვანაძეს მისთვის შანსი არ მიუციათ. ეროვნულ გუნდში ნოემბრის მატჩებისთვის მიწვეულია და ნაკრებს მომავალ კვირაში შეუერთდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს