რიდის ჯადოსნური პასები - 14 ქულა 19 წუთში
თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატისა და ევროტურნირების ლამის ყოველ მატჩში ვრწმუნდებით, მარკის რიდის სახით რამდენად მაღალი კლასის მოთამაშე დაიმატა საქართველოს ნაკრებმა. სუპერლიგის რეგულარული გათამაშების მეშვიდე ტურში „ბაჰჩეშეჰირმა“ საკუთარ დარბაზში „დენიზლი“ 11-ქულიანი სხვაობით, 97:86 დაამარცხა და მართალია რიდს ისეთი შედეგიანი მატჩი არ ჰქონია, როგორზეც აქვს თავისი შთამბეჭდავი გამოსვლით თამასა აწეული, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენად ეფექტიანი პასები გააკეთა, რომ მაყურებლების ოვაციები დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებისა და „ბაჰჩეშეჰირის“ 32 წლის კალათბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. რიდს პერიმეტრიდან ჩაგდების ერთი მცდელობა ჰქონდა და ააცილა. სამაგიეროდ, შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა, ერთადერთი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ 6 მოგებითა და 1 წაგებით „ბაჰჩეშეჰირი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „თურქ ტელეკომს“ მხოლოდ ქულების უარესი შეფარდებით ჩამოუვარდება. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები ევროთასზე საკუთარ დარბაზში ლიეტუვის „ლიეტკაბელისთან“ გამართავენ, რომელიც 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს