გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - მონცას ზედიზედ მეოთხე მარცხი
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში „მონცას“ წარუმატებელი სერია გრძელდება. „ტორინოსთან“ (2:3), „ნაპოლისთან“ (1:4) და „ბოლონიასთან“ (1:2) განცდილი მარცხების შემდეგ, საბა გოგლიჩიძემ და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერად საკუთარ სტადიონზე „ატალანტასთან“ 0:1 წააგეს და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესეს.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველი „მონცას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად იასპარეზა და ათბალიანი სისტემით 6.7 მეათედი შეფასება დაიმსახურა. საბა ბურთს 60-ჯერ შეეხო, პასები 89-პროცენტიანი (46-დან 41) სიზუსტით გაანაწილა, კარისკენ ორჯერ დაარტყა, ბურთიანად სახიფათოდ ცამეტჯერ გადაადგილდა, ერთხელ დაჯარიმდა, ხუთი დაკარგვა ჰქონდა, სახიფათო მომენტი ხუთჯერ განმუხტა, ოთხიდან ორი ორთაბრძოლა მოიგო და ოთხი საჰაერო დუელიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთში გამოვიდა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ბერგამოელთა მხრიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი ბურთი 49-ე წუთზე, მონტენეგროელმა ფორვარდმა ნიკოლა კრსტოვიჩმა გაიტანა, რომელმაც მეკარის ცუდად მოგერიებულს შედეგიანად დაამატა.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში „უდინეზედან“ „მონცაში“ გადასვლის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ ამ გუნდის ექვსჯერ იასპარეზა და 1 გოლიც გაიტანა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ოთხი მატჩი სრულად ჩაატარა, ერთხელ შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო ერთ შემთხვევაში ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში. აქვე გეტყვით, რომ თერთმეტ ტურში დაგროვებული 7 ქულით „მონცა“ სატურნირო ცხრილში მეთვრამეტე ადგილზეა. მომდევნო ტურში, სანაკრებო ბატალიების შემდეგ, გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები 23 ნოემბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს