შერმადინის 12 ქულა - უერტასმა მერვე ადგილზე გადაინაცვლა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „ხოვენტუტი“ 6-ქულიანი სხვაობით, 80:74 დაამარცხა და კანარის კუნძულების კლუბის გამარჯვებაში თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. თუმცა, საუკეთესო მაინც 43 წლის ბრაზილიელი კალათბურთელი მარსელინიო უერტასი იყო, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, ესპანეთის ლიგა ენდესას ყველა დროის მექულეთა დავაში ჯო არლაუსკასს გადაუსწრო და ჯამში 7560 ქულით მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება 37 წლის ქართველ კალათბურთელს, გიორგიმ თამაში „ლაგუნა ტენერიფეს“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, პარკეტზე 21 წუთი გაატარა და მატჩი 12 ქულით, 7 მოხსნით, და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. შერმადინმა შვიდიდან ოთხი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, შვიდიდან ხუთი მოხსნა დაცვაში ასპარეზობის დროს შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ ხუთი მოგებითა და ორი წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები 11 ნოემბერს, ევროთასზე სტუმრად ლიეტუვის „შიაულაისთან“ გამართავენ და თამაში საქართველოს დროით 20:30 წუთზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს