პაპავამ ლიდერს გაუტანა - ტაბატაძის იღბლიანი შესვლა
უზბეკეთის წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, დაძაბულობაც მატულობს. სუპერლიგის 27-ე ტურში ქართველი ფეხბურთელების კლუბები, „ოკმკ“ და „კოკანდი“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს, „ნეფთჩი ფარგონასა“ და „ფახთაქორს“ დაუპირისპირდნენ და მართალია ორივე დამარცხდა, მაგრამ ამაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით.
„ნეფთჩი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერია და მასთან დაპირისპირებას „ოკმკ“-ის თითოეული წევრისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ბუნებრივია ძირითადში იყო კლუბის ქართველი კაპიტანი გიორგი პაპავა, რომელსაც პირველ ტაიმში გატანის ორი მცდელობა ჰქონდა, თუმცა ჯერ მისი ძლიერი დარტყმა მოიგერია მეკარემ, შემდეგ კი ახლო მანძილიდანაც აუღო „ნეფთჩის“ გოლკიპერმა. 88-ე წუთზე პაპავამ „ოკმკ“ მაინც დააწინაურა, როდესაც თანაგუნდელის გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია, თუმცა სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, ფარგონელებისგან არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ორი ბურთი გაუშვეს და 1:2 დამარცხდნენ.
ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს დაუპირისპირდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „კოკანდი“, რომელიც ტაშკენტში „ფახთაქორთან“ 1:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი დედაქალაქელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს და შესვენების შემდეგ კოკანდელთა დამრიგებელმა შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე თომა ტაბატაძე გამოიყვანა, რომელმაც 59-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემა გოლად აქცია და მიმდინარე სეზონში მეხუთედ გამოიჩინა თავი. „კოკანდის“ რიგებში სრულად ითამაშა შოთა გვაზავამ, ხოლო ანდრო გიორგაძე ამჯერადაც სათადარიგო სკამზე დარჩა.
ცნობისათვის, თუ თომა ტაბატაძისთვის ეს მეხუთე გოლი გახლდათ, გიორგი პაპავამ მესამედ გამოიჩინა თავი, რაც საყრდენი ნახევარმცველის კვალობაზე, ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ. რაც შეეხება „კოკანდში“ ტაბატაძის თანაგუნდელებს, შოთა გვაზავას ანგარიშზე 2 გოლია, ცენტრალურ მცველს ანდრო გიორგაძეს კი, რომელიც ძირითადის წევრად ითვლებოდა, თუმცა ბოლო ხუთი ტურია წუთიც არ უთამაშია, საგოლე მოქმედება არ აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს