დინამომ შანსი გამოიყენა - ვაწაძის მეცხრე და ბას სადებიუტო გოლი
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა და ეს უპირველეს ყოვლისა „სპაერთან“ „დინამო ბათუმის“ გუშინდელი სენსაციური მარცხის დამსახურებაა. ბათუმელების ერთ-ერთმა კონკურენტმა „დინამო თბილისმა“ ამით დღეს კარგად ისარგებლა, გორში ადგილობრივი „დილა“ უპრობლემოდ, 2:0 დაამარცხა და ლიდერთან ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ზემოთ ნახსენები გუშინდელი სენსაციიდან გამომდინარე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თემურ ქეცბაიას შეგირდები უზომოდ მოტივირებულნი გავიდნენ და საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. ჯერ 29-ე წუთზე „დილას“ საჯარიმოში შექმნილი არეულობა გვინეელმა ალგასიმე ბამ სათანადოდ გამოიყენა და „დინამო თბილისის“ მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა, ხოლო 52-ე წუთზე სტუმართა მშვენიერი კომბინაცია ზუსტი დარტყმით 37 წლის მათე ვაწაძემ დაასრულა და მიმდინარე ჩემპიონატში მეცხრე გოლი მიითვალა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტური ხვალ „იბერია 1999“ - „გაგრას“ (20:00) მატჩით დასრულდება და გამარჯვების შემთხვევაში მოქმედი ჩემპიონი ლიდერ „დინამო ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდება. მომდევნო 33-ე ტურის შეხვედრები კი, 15, 20 და 21 ნოემბერს გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს